რომ არ ჩავერიო სხვა უფრო და არანაკლებ საინტერესო საკითხთა განხილვაში, გადავწყვიტე აქ გავაგრძელო თხრობა ამბებისა რეალურისა. ბევრს შეიძლება უაზროდ ეჩვენოს, სხვას კიდე გამაღიზიანებლად, და კიდე არ ვიცი რა...
გამიზიარეთ თქვენი აზრი: და ამის მიხედვით ალბათ გავაგრძელებ ან შევწყვეტ თხრობას...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება...
კაი გამარჯობა ყველას...
ისე არც მშურსავით ტელევიზორს რომ უყურებთ რუსთავი2ს და ა.შ. ის კი არადა სწორედ პირიქით...
მაგრამ აი კინოს დიდ ეკრანზე ყურება ალბათ ისე ნოსტალგიურად თუ მაინტერესებს... აი ძველ ახლა უკვე დამწვარ კლუბს მახსენებს და ალბათ ბავშვობასაც....
გერგეზს მინდა ვუპასუხო. შეიძლება საინტერესო არც იყოს მაგრამ რადგან იკითხა...
არც მაშინ იყო გზა ჩემს სოფელში ნორმალური და მეგობრული მოგზაური ხალხისათვის (მანქანებზე რომ არა ვთქვა რა)... თითქოს დიდი არც არფერი შეცვლილა მაგრამ რავი...
ლამაზია თავისებურად სოფელი ეს: გორაკებიანი. სახლი ოდაა ტიპიური ძველი და წაბლის ხისგან ნაშენი ულურსმნოდ (ეს ულურსმნობა ჩამელურსმნა ბავშვობიდან და მომწონს...). ალაყაფის კარის მხრიდან მთელ გაყოლებაზე აივანჩაყოლებულია. თავად სახლი კი პატარა გორაკზეა წამოცუცქული და მარტო სხვა გორაკებზე შეფენილ სოფელს კი არ გადაყურებს ინტერესით, არამედ კავკასიაონის მთებსაც და იმის ზემოტაც.
წელიწადის ყოველ დროს ლამაზია აქაურობა, მაგრამ განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთარში.
გაზაფხულზე როცა ყველაფერი ყვავის (ატმისა და ბლის ხეებს რა შეედრება მაშინ?), მოლი სახლიდან ალაყაფის დროის სიმძიმით ცოტა გვერდზე გადაწოლილ კარამდე ისეთი ხასხასა სიმწვანით გათრობს რომ არც გინდა ფეხით შეეხო და ისე გაიარო... მოკლედ ყველაფერი რაღაც სხვაგვარად სუნთქავს...
განსაკუთრებით ლამაზია ზაფხულში როცა ყველაფერი სხვაგვარად მწვანეა და ცხელა და გრილა და მდინარეში ბანაობაც შეგიძლია და აივნიდან სოფლის ხის ხიდიდან მდინარეში პირდაპირ თავით მხტომიარე ბავშვებს (საიდან მოგროვდა ამდენი?) რომ უყურებ რაღაც სიცოცხლე შეემატაო ამ ცოტა მიყრუებულ და არცთუ უხვად დასახლებულ სოფელს.
შემოდგომას ხომ რა ჯობია? ყველა გორაკი თავისებურად ირთვება და მაჭრის სუნიც რატომრაც ყველგან ტრიალებს. მაშინაა სასიამოვნო სოფლის ორღობეში ჩავლა, უკან მოხუცი ცხენი მოგყვება და ისიც თითქოს შენსავით ისუნთქავს ამ აუხსნელ არომატს ჯერაც არაღვინისა და მწიფე ხილისა. კავკასიონი კი როგორც ყოველთვის, მაგრამ სხვაგვარად თეთრია და ბროლივით ჭვივა ჩამავალი მზის შუქზე.
ახლა კი ზამტარია და ყველაფერი ან თეთრია ან კიდე ლურჯი/ცისფერი/ზღვისფერი. სულ მინდა კიდე უფრო მაღლა ავიდე და იქედან გადავიხედო. ჰოდა ყოველ დილით სადღაც მივდივარ მაღლა მაღლისკენ და უკან ისეთი კმაყოფილებით ვბრუნდები თითქოს მთები გადამეადგილებინოს.
მერეა საღამო რჩეული: შუქი კი არის მუდამ მისი არყოფნითაც არ ვიდარდებდი.
პატარა ტაბლას ბუხართან რომ მივაჩოჩებ რომ თავისი თავისებური შუქით და სითბოთი თითქოს სუფრაზე ვიპატიჟებდე. ლამპა და სანთელი თითქოს სიბნელეს უფრო უსვამენ ხაზს - ბუხარი კი სვანაირია მაინც.
გარეთ თოვლია და სიცივე და მეზობლებიც ნაკლებად თუ ამოივლიან: სულ სამიოდე მოხუცი წყვილი შემორჩა აქაურობას და უახლოესი მეზობელიც 2 კილომეტრზეა მეზობელ გორაკზე. მე უფრო თუ ჩამოვუვლი ისე რომ არცერთს არ ეწყინოს და ყველამ იცის ვისთან როდის მივალ.
ჰოდა აგერ დოქით წითელი ღვინო უგოგირდო და უშაქრო, ქოთნის ლობიო და ხახვი და პატარა მწნილი თუ რაცაა რაც იქვე საკუჭნაოში მოვიხელთე.
დიდი მსმელ-მჭამელი ვერ ვარ მაგრამ სულის მოთქმისთანავე იქვე ქალაქში შეზენილ ლეფთოფსაც გავახურებ, და გერგეზისეულ სიზმარსაც ხმამაღლა წავიკითხავ ზოგჯერ საჭმელ-სიტყვების ღეჭვით. ბაბუაჩემი სულ ამის წინააღმდეგ მეჩიჩინებოდა: ან ჭამე ან კიდე ილაპარაკე, რა წესია ეს დია-ო ამასაც დააყოლებდა მართლა თუ მოგონილად გაკვირვებული. მაგრამ ამ ხმამაღალი კითხის საღამოებს (ღეჭვისთვის ბოდიში ჯუღასთან) ჯუღას ხათრით თუ სმართავ. ძაღლია მოხუცი ყოფილი მეზობლისა. გასულ დეკემბერს გარდაიცვალა პატრონი და ძაღლიც დარჩა უპატრონოდ. რატომრაც მიმიღო და დარჩა ჩემთან. მგონია გახდა კიდეც ჩემი ძაღლი (კი მეუხერხულება ძაღლი ვუწოდო მაგრამ ცხენს ხომ ვერ შევარქმევ ან კიდე რავი რას?). საოცრად ადამიანურია და თითქოს მიტომაც არაფერს ამბობს. თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, მეც ველაპარაკებიუ ან ვუკითხავ.
რას გაუგებ ძაღლს?
მერე კი ვცდილობთ დილამდე ვიძინოთ: მე ჩემთვის, ის კიდე მისთვის.
დაგღალეთ.. თანაც მეზობლები უნდა მესტუმრონ ამსაღამოს...
გერგეზს რა ვუთხარ მიბიძგა მწერლობისაკენ...
ეკას და დონას ვუპასუხებ...
ვწერ, კი ჩემთვის და ვერთობი... აბა სოფელში სხვას უკეთესს რას მოიფიქრებს ადამიანი ნეტა?
ისე კი დუმბაძემ რა დაგიშავათ მე რომ მადრით?
ჰო,...
თქვენ ყველანი თუ არა თითქმის ყველანი უცხოეთში ხართ და იქნებ მხოლოდ ამან განაპირობა ტქვენი ინტერესი შორეული ქართული, სოფელიო რომ ვთქვა ისიც გადაჭარბებული რომ იქნება ისეთ ალაგას მცხოვრების ცხოვრებისადმი მაგრამ თუკი მართლა გაინტერესებთ...
რავიცი, ზამთარია ისეთი აი, უწინ დიდი ხნის უკან საბავშვო ჟურნალ "დილა"-ში რომ ხატავდნენ: უხვი თოვლით, ლოყებღაჟღაჟა და კულულათმიანი ბავშვებით, ციგებით და დათოვლილი ხეებით...
ბავშვები არ არიან ირგვლივ მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
კარგი, ზედმეტით რომ თავი არ შეგაწყინოთ დავიწყებ, თუმცა არც ვიცი საიდან მაგრამ...
ჰო ზემოთ ვწერდი რომ სტუმრებს ველოდი ჰოდა კიდეც მომადგნენ ველოდი და მიხა, 2 მოხუცი მეზობელი. ჩვეულებრივი შეხვედრა იყო ჩვეულებრივი მისალმებით და მობრძანდით-დაბრძანდით, არა, როგორ გეკადრებათ, ოო-რას ამბობთ, გთხოვთ ბატონებო-ებით უხვად მორთულ-შეკაზმული.
დავსხედით როგორც იქნა პატარა ტრადიციული ჭიდაობის შემდეგ ტაბლის გარშემო. ბუხარიც იქვე შემოვიპატიჟეთ.
მე ბოდიშის მოხდა მინდა არაფერი მაქვს ტქვენი შესაფერისი და მაპატიეთ-თქო მაგრამ მიხამ დამასწრო იქვე შემასწორა "ეგ არ გაგვაგონო"-თი.
ამის შემდეგი ბევრი არ გვილაპარაკია. სადრეგრძელოებიც ზამთრის დღეებივით მოკლედ და ნაუცბათევად ითქვა.
არანაირი სურპრიზი და მოულოდნელობა.
ჯუღასაც ჩაეძინა მთქნარებაატეხილს და ჩვენს მძიმე სიჩუმეს მისი ხვრინვა თუ არღვევდა მონოტონურად.
მაგრამ არც არაფერი იყო გასაკვირი ამ ძუნწსიტყვიანობაში. ასე ვხვდებით ალბათ უკვე მერამდენე წელია და ალბათ კიდეც გავატრადიციულეთ და ჩვენებურად გავიჩვენისეთ ასეთი სიმარტივე.
პირველი შეხვედრები უფრო უხვსიტყვიან-სადღეგრძელოიანები იყვნენ და ალბათ მეათე თუ მეოცე სტუმრობისას ტავადვე მიხვდნენ რომ უკვე მეათედ თუ მეოცედ იგივე ამბებს ყვებოდნენ.
"რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება, ერთ-ორ ერთად გატარებულ საღამოში შეგიძლია მოაქციო" ამბობს მიხა და მეც მასპინძლის მომეტებული თავაზიანობით ვეთანხმები და არც ვცდილობ ვიმსჯელო ამაზე. ჰო, ალბათ, შესაძლოა, ჰო, ჰმ - ამას ველოდი ამბობს მიყოლებით და ყოველ მათგანში თავის მნიშვნელობას დებს თუ აქსოვს თუ რაც.
ბუხარი თავისთვის ცეკვავს და გვართობს თუ გვათრობს და ვამჩნებ როგორ გვექცევა თვალი სადღაც მოგონების მიღმა სამთავეს რიგრიგობით ამ ალთა ლაციცში.
ბუხარში მორიგი ჩაშტერების შემდეგ ორივე ტითქმის ერთდროულად წამოიმართა და დარჩენილიყავით ცოტაც-მეთქი არც მიცდია მეთქვა. ტაბლაზე დაგებული ღომის ნარჩენი დავიგორგოლავე მრცხენა ხელის გულზე და მხოლოს მათი წასვლის შემდეგ ალბათ მოვისროლე სადღაც.
თუმცა რამ გამახსენა ეს ღომის ბურთულა?
გარეთ კი ისე თოვდა რომ ალბათ მართლა მოგინდებოდათ გარეთ ყოფნა. აი, ხის ტოტებზე რომაა შერცენილი და რაღაცნაირად რომ იცვლის ყველაფერი იერს და თითქოს ქვეყანაც რაღაც უფრო მშვიდი, ჩუმი, ფაფუკი და სუფთაა. თითქოს ყველას ან ძინავს ან კიდე კეთილზე ფიქრობს და ორიოდ მოშორებულ გორაკზე ორი ოდა-სახლი თითქოს ჩიბუხი იყოს კვამლს გამობმია ასე ზეზეულად.
მეზობლებმა ალბათ კაი ხანია ჩაივაკეს მაგრამ მაინც ისმის მათი ერთმანეთში გადასროლილი ძუნწი ფრაზები... რას ამბობენ ვერ ვარკვევ მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ თითქოს არც არავინ იყოს მეტი ამ ქვეყანაზე: ორი ოდნავ შეზარხოშებული, თოვლის მოსვლით რაღაცნაირად გაბავშვებულიო-ვიტყოდი, მოხუცი და კიდე მდინარე მდინარე, ჯერაც გაუყინავი ღამის სიმშვიდით უფრო გათამამებულ-ახმაურებული.
ხვალისთვის პატარა რამ მაქვს ჩაფიქრებული და ვაწყობ ყველაფერს ჩემთვის გონებაში მაგრამ ვიცი როგორ გამიხარდება დილით ახლადგაღვიძებულს ფანჯრიდან დანახული ხელახლა გადაბარდნილი არემარე მსხლის უზარმაზარი ხე ეზოს შუაგულში... ვიქნები კიდე ცოტა ხანს ამგვარად, ოდნავ შეციებული მაგრამ ამ სიშორით, სიჩუმით და ამ ყოველივეს აღთქმის გრძნობით გახალისებული. "ფიფქი" ღიიმილით გავიფიქრებ და მომწონს საოცრად ეს სიტყვა უთქმელადაც კი მხოლოდ გაფიქრებული.
თოვლიჭრჭუნებს და მომწონს ესეც.
მარჯვენა ფეხზე შეხება ვიგრძენი...
ჯუღა.
კიდე ერთხელ გაგიმარჯოთ ყველას...
მგონია უადგილოდ ვეჩრები მაგრამ თუ მასეა მითხარით და იქნებ სხვა გამოსავალი გამოვნახოთ...
თუკი ვინმეს აინტერესებდა ჩემი ამბები ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის მაგრამ დუმილი არა მხოლოდ ტანხმობის არამედ სხვა რამის მაჩვენებელიც შეიძლება იქნეს. მაგალითად, ტექნიკური (რასაც რა დალევს ჩემს სოფელში?)და არატექნიკური პრობლემის . ტექნიკური: შაბათი თითქმის მთლიანად ტელეფონის თოვლით დაზიანებული ხაზის აღდგენას მოვანდომე; და არატექნიკური: ისეთ საოცარ სამყაროში მოვხვდი რომ ტავბრუდახვეულს ჯერ გონზე მოსვლა დამჭირდა რომ ისევ თქვენ დაგკავშირებოდით.
...
დილით რომ გამომეღვიძა უკვე ვგრძნობდი როგორ გამიხარდებოდა ახლადდაბარდნილი არემარის ნახვა.
ფარდა რომ გავწიე ისეთი საოცარი სურათი დამხვდა რომ სული შემეკუმშა: კი არ თოვდა რაღაც თავგამოდებით, არამედ ბარდნიდა დიდ, ფუმფულა ფიფქებად. არარეალობის გრძნობამ შემიპყრო, თუმცა უკე მერამდენედ ვხედავდი ამ სურათს. მაგრამ ეს შეგრძნება მუდამ ახალია თიტქოს დილით გამოღვიძებასავით და გგონია რომ მხოლოდ შენში ხდება რაღაც ლამაზი და მოულოდნელი მეტამორფოზა.
თეთრ გორაკებზე შეფენილი კანტი კუნტა ხეები ჩიტების ნაკვალებივით ჩანან მთოვარე ეკრანზე.
სულმოუთქმელად მივესალმ-გადავალაჯე იქვე საწოლთან ერთგულად მთვლემარე ჯუღას. მერე საშხაპე და ნახევარ საათში მხარზე ნიჩაბგადადებული ალაყაფის კარს ვცდები. ჯუღა არ მომყვება: ოდის ქვეშ მოკალათებულა და იქედან მიყურებს "გულგრილად".
მე კიდე შეპირებულის შესასრულებლად გამიწევია: გადმოვთოვლო მიხას ოდა, გზა გავუკვალო მოგელის და ბოლოს ციცის, ჩვენს მესამე მეზობელს. საოცარი მოხუცი ქალია ციცი. ლამაზი ალბათ არაა და არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ისეთი სითბოთი და სიყვარულით იცის შემოგებება ეზოში შესვლისთანავე:"მოხვედი ნანა? შემოგევლე!" მუდამ ერთნაირად მაგრამ ყოველთვის რაღაც სხვაგვარი სითბოთი და სიყვარულით.
მიხარია ციცისთან სტუმრობა და ალბათ, თუ მკითხავთ, ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საყვარელი მოხუცია ამ დუნიაზე.
ეს ბოლო 4 თვე იქნება სხვა მიზეზიც მაქვს, რომელიც ციცის უცნაურად ლამაზი და უშველებელი კარ-მიდამოსაკენ უფრო მეტი მოუთმენლობით მიმაშურებს. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი წინასწარ მომზადებული და ქურთუკში სადღაც გულთან ახლოს გამოხვეული სიხარული სულ რამდენიმე საათში ისეთ მოულოდნელობად შემომიბრუნდება რომ ჯერ გამაოგნებს და მერე ... თუმცა ამ მერეზე ალბათ მერე...
ჯერ კი მივალაჯებ ამ თოვლში ბედნიერი იმით რომ მიხას და მის მეუღლე თინას გავახარებ, ველოდის ერთი-ორი-სამი, როგორც თავად იტყვის ხოლმე აჩქარებით, ე-ბიჭო არ გადაიფიქროსო, ჭიქა მსხლის არყის შესმის საბაბს მივცემ (აბა მისი ქიონია ცნობილია მკაცრი და ავტორიტეტული ხასიათით) და მერე კი ციცი ბებოსაც ვესტუმრები და ვნახავ მასაც... მარიამს...
თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ... წინ კი განცვიფრება, იმედგაცრუება((?) ჰო, ალბათ ესეც) და აღფრთოვანებაა. მაგრამ ეს ყოველი კი არ მოხდება ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად... არა, თითქოს ერთმანეთში აირევა პირველი შოკის შემდეგ და მხოლოდ მაშინ მოვალ გონზე, როცა საღამოს ბუხარს მივუჯდები და ჯუღა თავისი დარდიანი, მრავლისმთქმელი და უთქმი თვალებით მიმახვედრებს რომ მარტო არა ვარ ამ სახლში...
[ This Message was edited by: denziro on `2003-02`-06 21:14 ]
ეს ჩემი პირველი სტუმრობაა..
ვაჰ რა კარგია დენზირო?
გააგრძელე რა... ეტყობა საინტერესო რამეს გავიგებთ მალე...
დენზირო,რას ქვია თხრობას შევწყვეტო,მერე, ახალი ამბის მოლოდინში პირდაფჩენილ შენს ვირტუალურ მეგობრებს რას გვიპირებ?.არ გაბედო თუ ღმერთი გწამს, კიარადა დროზე გააგრძელე თხრობა, თორემ ეს ორი დღეა შუაღამეზე ვდგები ვრთავ კომპიუტერს, რომ ვნახო რა ქნა დენზირომ, ნეტავ ნახა თუ არა მარიამითქო.
გაგახარებთ ღმერთი შენ და გერგეზს,ჩვენი ძალათემიგრანტული ცხოვრების ცოტათი მაინც გალამაზებისთვის
:smile:
გენაცვალე!
:smile:
Mlle Qartveli
7.02.2003, 2:01
ძვირფასო დენზირო
არაჩვეულებრივი თხრობის უნარი გაქვთ და მოუთმენლად ველით ახალ ამბებს თქვენი ლამაზი სოფლიდან....
პატივისცემით, MLLE ქართველი
მიხა სხვანაირი ადამიანია, რაღაც.
მშვიდი, ხმელ-ხმელი და აზრიანი.
ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა. თავადაც მზად იყო თბილ ქურთუკსა და ბოხოხში გამოწყობილი.
ორ საათში გადმოვთოვლეთ სახლი. მე მაღლა ვიიყავი, ის კი ქვემოთ ფაციფუცობდა როგორც შეეძლო.
მერე დიდი ჭიდაობაც არ დაუწყია დარჩი და გინდა თუ არა ჭაჭის არაყი დალიეო.
ცოლთან ერთად ჭიშკრამდე გამომაცილა ანიკოს გაუტავებელი წუხილის თანხლებით: დარჩენილიყავი, აგერ ყველაფერი თითქმის მზადაა, სად გარბიხარ ასე უცხოსავითო?
მიხა ამშვიდებს:
- გაჩერდი შე კაი ქალო, არ იცი რა გადამთიელივით ჯიუტია? თუ უნდა და შია აქეთგეტყვის მშია და დამაპურეო. რით ვერ ისწავლე ამ ბიჭთან ლაპარაკი?! სამუშაო აქვს კიდე და ველოდის როგორ გაექცევა ის მინდა ვნახო ერთი.
ეშმაკურად იღიმის მიხა.
ველოდი მოუთმენლად მელოდა.
- ჰა, სანამ დავიწყებდეთ, ერთი გასახურებლად, ჰა? ხომ არ, ჰა?
შემომყეფასავით ეზოში შესულს.
- არა, ველოდი, იცი მერე რომ ბოლომდე უნდა შევყვეთ დადაგვრჩა ეზო გაუთოვლავი.
მე შენ გეტყვი და დიდად ადარდებს ეს მთელი გაწამაწია თოვლთან.
- რა პრობლემაა თუ არ გათოვლე, ერთი? ისე ვერ გავალ სოფელში თუ საკუჭნაოში, თუ რა? დადნება ეს თოვლი აბა რას იზამს? სულ ასე ხომ არ იქნება? დათბობააო დედამიწაზე, ამას გაიძახიან სულ. ეეე, ქალების ხუშტურია ეს ყველაფერი.
მრავლობითში ლაპარაკობს მაგრამ ქიონიას გულისხმობს მხოლოდ(აბა, სხვა ვინააა რამე რომ დააბრალოს?) და მეტი დამაჯერებლობისათვის სახლისკენ აქნევს თავს მხარზემოთ. სახესაც რაღაცნაირად ალმაცერად მანჭავს, თითქოს ბოდიში, ქიონია რომ არა ამ საქმეზე შენ როგორ შეგაწუხებდიო.
ბევრი რომ არ გავაბა, საკმაოდ სწრაფად მოვრჩით მუშაობას. მერე სახლში შემათრიასავით და მეც ხათრი არ გამიტეხია. სმა უნდა და ამაზე უკეთეს საბაბს ქიონიას ვერა, ვერ მიყიდის, ვიცი ესეც.
ქიონია საოცარი ქალია, მაღალი და ძალიან ხმელი ღია ნაცრისფერი მკაცრი თვალებით. მისი გამოჩენა უეცრად ცვლის ველოდის. ყოველთვის მაოცებდა ეს უცნაური მეტამორფოზა: ეს ოდანავ ჩაფსკვნილი ველოდი ისე უეცრად პატარავდება, რომ მოძალებული სიბრალულის გრძნობა თითქოს ზღვის უზარმაზარი მოქცევააო ისე მნთქავს.
... რა საოცარი სიტყვაა ეს "მნთქავს"?
მერე ვიმეორებ ამ სიტყვას ზედიზედ რამდენჯერმე, ისე რომ ბოლოს ყოველგვარ აზრს კარგავს და ბგერათა უაზრო თუ უაზრო ბგერათა კაკაფონიად იქცევა. ეს მამშვიდებს და ცრემლიც არ მომდის მინიატურულადქცეული ველოდის შემხედვარეს.
...
შევსვით ერთი-ორი-სამი ჭიქა მისი სანაქებო მსხლის არყისა. მე ორი და მან ხუთი.
მერე, შინაგანად ცოტა წბარბაცებული და რაღაცნაირად მოუთმენლობამოძალებული(კიდე ეს მინდოდა ციცის სახლისკენ გულგაწეულს?) დავეშვი დაღმართში.
სამის ნახევარია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ციცისთან მუდამ უცნაური ღელვით მივდივარ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მარიამი დასახლდა მასთან 4 თვის უკან.
მარიამი მართლა რაღაცნაირი არაჩვეულებრივი ადამიანია, სწორედ ციცის თანაწილი. ციცის ნათესავია მაგრამ ვერასოდეს დავიმახსოვრე თუ რა და როგორ.
თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?
პროფესიით გეოლოგია, მაგრამ (თუ ალბათ ამიტომაც) ძალიან რომანტიული. თანაც საოცრად ადამიანური და მიამიტობამდე უშუალო.
ლამაზი არაა თითქოს, მაგრამ საოცარი შარმი აქვს როცა ლაპარაკობს, თუ იცინის თუ სულაც დუმს.
არა, ლამაზი როგორ არაა?
მუქი, თითქმის მოშაო თვალები აქვს და ხშირი წამწამებიდან ისე იხედება, თითქოს ბუჩქებში ჩამალული მკვლევარი იყოს, ბუჩქებიდან ცხოველთა ყოფას რომ აკვირდება დიდი ინტერესით.
საოცრად უხდება მოგრძო, წაბლისფერი სქელი თმა.
კარგი ადამიანია.
სწრაფად დავმეგობრდით, უფრო სწორად, რაღაც დიდი მეგობრობის მაგვარი რამ ჩასახლდა ჩვენს შორის და ჩვენშიც.
სოფლის მთელი შემოგარენი შემოვიარეთ ამ ხნის განმავლობაში, ისეთ ადგილებშიც კი ვიყავით, სადაც ადრე არც არასოდეს გამივლია და ალბათ ვერც ვერასოდეს აღმოვაჩენდი მარიამის გარეშე. თანაც საინტერესოა, როგორ მიხსნის ამ კლდეების, ხევებისა და ქვების წარმოშობისა და არსებობის ისტორიას. მე კი ვუყვები არა მეცნიერულ, არამედ იქაურ ხალხურ გადმოცემებს იმავე თემებზე.
- შენ რომ გისმენ, გეტყობა წერ კიდეცო, მითხრა ამასწინათ და მეც გაწითლებულმა (უეცრად სახე გამიხურდა სულელურად)
- ჰო, კი ჩემთვის-მეთქი.
მერე იყო რომ გადავეცი ჩემი ნაცოდვილარების ბოლოდროინდელი ნაკრები და ამით თითქოს კიდე უფრო დავახლოვდით.
მას შემდეგ თითქმის ყოველ შეხვედრაზე სიტყვას ჩამოაგდებს ჩემს ნაწერებზე და საკმაო ენთუზიაზმითაც მაქეზებს, გააგრძელე, ნუ ზარმაცობ და ნუ გამოიკეტე ამ მიყრუებულ სოფელშიო.
მე ეს მახარებს და მახალისებს. კრიტიკა თითქოს არ გამოუთქვამს, მაგრამ ესეც სასიამოვნოდ მოსასმენი იქნებოდა ჩემთვის.
ერთ რამეში ვერ ვეთანხმები მხოლოდ:
მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. ალბათ უფრო იმიტომაც რომ ასე მიყრუებულია (ახლა ალბათ უფრო გამოყრუებული).
მგონია თავადაც წერს. ასეთი ადამიანი არ შეიძლება საკუთარ თავში რაღაცას არ ეძებდეს, მაგრამ ერთხელ ჩამოვაგდე ამაზე საუბარი და სიტყვა ბანზე ამიგდო.
-არა, რას ამბობო- დააყოლა ბოლოს ცოტა დარცხვენილმა. როცა ასე დაირცხვენს თავს დაბლა ხრის და თითქოს ოდნავ უელამდება მზერა. მერე ქვემოდან ამოგხედავს, ხომ არ გეწყინა რომ ვიცრუეო?
არ იცის რამდენი ხნით რჩება აქ, მაგრამ რატომაა ჩამოსული ამ მიყრუებულ სოფელში, ამასაც ვერ მივხვდი.
-რომანტიული და მხიარულ-სევდიანი ადამიანია და სულ ესაა მიზეზი.
-ნუთუ ეს არ კმარა მიზეზად?
ან კი რა საჭიროა მიზეზთა ჩხრეკა?
მთავარია რომ აქაა და მე მიხარია რომ მყავს მეგობარი, რომლის ნახვაც მახარებს და რომელთანაც ბევრ რამეზე ღიად ვსაუბრობ.
მახარებს და ამასთან მუდამ რაღაც ღელვით მავსებს მასთან შეხვედრა.
ახლაც ასეა და ველოდის არაყმა, მშველელად რომ დავისახე, ვგრძნობ სულაც პირიქით, წამახდინა ფრიად.
...
- მოხვედი ნანა? შემოგევლე!
აივანზე გამოვიდა ხელებგაშლილი და წელში ოდნავ მოხრილი ციცი და შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოემართა ჩემსკენ. ჭიშკრიდან ვხედავ თვალები როგორ ავსია სიხარულით.
ჩვეული შეხვედრა და მოკითხვა ეზოს შუაგულში.
მე თვალს ოდისკენ ვაპარებ, იქნებ მარიამიც გამოჩნდეს -მეთქი. ციცის არაფერს ვეკითხები, მერიდება რატომღაც შტერულად.
მარიამმა კი ასე იცოდა: გამოვიდოდა და კარის ჭრილში შეჩერდებოდა. კარს ზურგით მეყრდნობოდა და გვერდულად გამოიხედავდა.. შავ ფონზე უცნაური შუქით განათებულ სახეზე ღიმილი დაეხატებოდა.
-მოდი ახლავე შევუდგეთ საქმეს-მეთქი ომახიანად ვამბობ და ნიჩაბს სამუშაოდ ვიმარჯვებ.
- იქნებ ჯერ შემოსულიყავი სახლში? ცოტას გათბებოდი.
მე კი ახლავე დაწყებას ვამჯობინებ....
(ისე კიდე კარგი არ დავყევი ციცის შემოთავაზებას, თორემ ალბათ ეზო გაუთოვლავი დამრჩებოდა იმ საღამოს...)
სიცილით უარს ვეუბნები და ციციც არ მედავება. კარგად მიცნობს.
დავიწყე ბილიკის გაკვალვა საკუჭნაოსაკენ და უცნაურად სახეშეცვლილი და სახემოღუშული ციციც გაბრუნდა ოდისაკენ: კარგი, როგორც იტყვი, შემოგევლეო.
სახის ეს ცვლილება მაშინვე არ დამიფიქსირებია. მხოლოდ მას შემდეგ, აი ყველაფრის შემდეგ იყო რომ გავიაზრე ყველაფერი: მთელი ის დღე მანამდე და მას შემდეგ.
მანამ კი ერთი საათი მაინცაა დარჩენილი, რომელიც თოვლის გაკვალვით უნდა შევავსო.
...
დენზირო! მაგარია...რომ ვკითხულობ რაღაც ძალიან ღრმა რაღაცის შეგრძნება მაქვს. გაზაფხულის ამბებიც დაგვიწერე რა?
_________________
>>>>> I AM NOT AFRAID <<<<<
[ This Message was edited by: Gergezi on `2003-02`-07 18:12 ]
Mlle Qartveli
7.02.2003, 19:50
ძვირფასო დენზირო
შემდეგ, შემდეგ.....?
რატომ იცით ხოლმე ასე, მოულოდნელად შეწყვეტა , საინტერესო ამბის თხრობისას?
სწორედ, რომ ყველაზე საინტერესო მომენტში?
მოუთმენლად ველი....
პატივისცემით,
MLLE ქართველი
კვანძის გახსნა არ უნდა იყოს?
ნუ დაგვძაფრე შე კაი ადამიანო რამე სუსპენსი ხომ არაა?
აგერ გერგეზიც მოუთმენლად ელის შენს ამბავს.
მართლა კარგია. თბილი და ადამიანური.
დენზიროოო!!!!
ეგეთები არ იყოს, ჩვენს მოთმინებას ცდი? შე კაცო, რას გვაწამებ ამდენ ცნობისმოყვარე ხალხს, ხომ ვიცი გაგრძელება უკვე დაწერილი გაქვს, ხოდა წაგვაკითხეეეეეეე.
Anonymous
8.02.2003, 14:47
denziro
გელოდებით მალე დაბრუდიიიიიიიიიი
...
ბინდი შემოპარული იყო გამყარებულ წყალთან ჭიდილს რომ მოვრჩი.
ცა ალაგ ალაგ მოწმენდილიყო და გაჩერებულმა ახლაღა ვიგრძენი რომ საგრძნობლად აციებულიყო.
ოდის კარი კაკუნით შევაღე და ცარიელ ოთახს მივესალმე.
სასიამოვნოდ თბილოდა ბუხარაღუღუნებულ სახლში.
სამზარეულო ოტახის კარი ღია იყო და ციცი გამოვიდა ხელებდაფქვილული.
-ჰო, შემოგევლე დიდი მადლობა, დაგტანჯე ამდენი მუშაობით....
მე რაღაც ვიგრძენისავით და ქურთუკიანად ცამოვჯექი ბუხრის წინ სავარძელში.
-მოშიებული იქნები შენ - უცებ დაფაცურდა ციცი- ახლავე იქნება ყველაფერი ახლავე, ჰო, შემოგევლე
და სამზარეულოსკენ გაიქცა.
ახლაღა გავიაზრე რომ თვალში მომხვდა მისი უცნაურად შეცვლილი სახე, როცა მე გათოვლა დავიწყე და ციცი კი სახლში შებრუნდა.
არ ვიცი გულმა რა მიყო.
მართლა არ ვიცი. ვიცი მხოლოდ რომ შიგნით რაღაცა მომერღვა და მხოლოდ გავიღიმე უნიჭოდ და გრძლად.
მერე პირდაპირ ბუხარში გადავეშვი თვალებით ასე სახედაღრეჯილი, თითქოს იქ იყო პასუხი თუ გამოცანა ამ უჩვეულო მდგომარეობისა.
ციცი კი გაფაციცებული აწყობდა მაგიდას.
არაფერი მითქვამს, ძლივს მოვშორდი ბუხრის ალს. ბუხრის სიმხურვალით აკვამლებული ქურთუკი იქვე კუთხეში მივაწვინე. სამზარეულოში შევედი მისახმარებლად.
ასე ჩუმად გავაწყვეთ პატარა სუფრა: ხაჭაპური (ისეთი მე რომ მიყვარს), ბუხარში შემწვარი წიწილი, ტყემლის საწებელა, ციცის მიერ გაკეთებული კიტრისა და ფარშირებული ტკბილი წიწაკის მწნილი (იცის რომ ძაან მიყვარს) , თონის პური და წითელი ღვინო.
ასე ჩუმად მივუჯექით ორ ადამიანზე გაწყობილ სუფრას და თითქმის უსიტყვოდ წავილუკმე.
ციცი ზის და მიყურებს ღრმა, გამჭოლი მზერით.
მე კიდე, ვითომ აქაც არაფერიო, ვილუკმები ძალად ძალით.
-შენ გაგიმარჯოს ციცი ბებო! ჭიქას ვწევ და თვალს ვერ ვუსწორებ.
გაღიმებას ცდილობს თითქოს.
- შენ ნუ მოგერიდება ციცი ბებო, თუკი ჩემი დახმარება დაგჭირდა, კარგი?-უკვე თავსაც ვერ ვწევ და წიწილის ბარკალს ჩავბურტყუნებ.
არც კი ვიცი რა თვალებით იყურება ახლა ციცი ბებო, ყველაზე ლამაზი ბებო ამ დუნიაზე. ხმას კი არადა არ იღებს დაფიცებულივით და ეს უფრო მაღელვებს ვიდრე მთელი ეს ჩემი გაურკვევლობა.
- ხვალ კარგი ამინდი იქნება, ეტყობა, მაგრამ უფრო ცივი
…
- საოცარი წიწილია, მადლობა... ტყემლის საწებელიც…
… ნერვები მეშლება საკუთარ თავზე და უფრო მეტ სისულელეებს ვროშავ ზედიზედ.
რაზე არ ვილაპარაკე: მთვარის ფაზებზე, ზღვის მოქცევაზე (მიქცევაზეც), თოვლზე, პოლიტიკაზეც, ისევ თოვლზე და კიდე რა ვიცი რაზე არ?
მარიამი სადაა-თქო ვერაფრით ამოვღერღე.
აქეთ კი საკუთარ თავს ვაგინებ და ისე მიხურს სახე რომ მინდა გარეთ გავვარდე და სახით თოვლში ჩავემხო, და ვიყო ასე მთელი დღე, წელი და საუკუნე, მანამ სანამ გონებას არ დავკარგავ, ან სულაც გონზე მოვეგები.
თითქოს საკუთარი სახელი დამვიწყებოდეს, თავს "იდიოტო"-თი მივმართავ და არც მწყინს.
ციცის გამაყრუებელმა დუმილმა კი შეიძლება შემშალოს.
... ბოლოს მშველელად კედლის ძველი საათი მევლინება.
როგორც კი მეშვიდედ გაიწკარუნა სწრაფად წამოვხტი - მეტი უკვე აღარ შემეძლო.
ციცისაც სწრაფად გამოვემშვიდობე.
გავგიჟდები, არაფერს ამბობს და შემოგევლეთი კარამდე მაცილებს.
ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო და ფეხიც გავდგი კარში... და უეცრად, თითქოს ეს წამია ციციმ ენა ამოიდგაო:
- ჰო, შემოგევლე, სულ დამავიწყდა... რაღაცა მაქვს შენთვის გადმოსაცემი... მარიამმა მთხოვა შენთვის გადმომეცა
და სწრაფად შეტრიალდა ოთახში
- დავბერდი და გამოვშტერდი ინდოურივით ეს ბებერი, ოხერი
ამ ახალმა ამბავმა კი ისე გამაოგნა რომ ერთადერთი რისი ნატვრაც მოვახერხე, ეს იყო გამოღვიძება ამ აბსურდული და ნერვებმომშლელი სიზმრიდან.
ციცი მობრუნდა A4 ზომის კონვერტით ხელში, რომელსაც ზედ მარიამის ხელით ლამაზად გამოყვანილი "დ.-ს" ამშვენებდა, თუ ამძიმებდა.
ახლაღა მივხვდი ციცის გაურკვეველი დუმილის მიზეზს და მადლიერების გრძნობით ბებერ ლოყაზე ვაკოცე.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
სწრაფად, თითქმის სირბილით ავუყევი აღმართს. მთვარე აქა-იქ გამოიჭყიტებოდა და იქაურობას დღესავით ანათებდა.
მკერდი მეწვოდა უბეში შეფუთნული უცნაური საჩუქრით, თითქოს კონვერტი კი არა ლითონის გავარვარებული ფილა ყოფილიყო.
აივანზე რომ შევაბიჯე სულს ძლივს ვითქვამდი მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ?
კარი ოდნავ შეღებული დამხვდა. ეტყობა სიცივეში მოთმინებადაკარგული ჯუღა უკან სახლში შებრუნებულა.
ოთახში კი ისე ციოდა როგორც გარეთ, ან უფროც...
კარის მიხურვა დავიწყებია... თუმცა მეტი რა გინდა მოთხოვო ძაღლს?
ამ სიცივეს ვინ უყურებს, ეს კონვერტი მაქვს გასახსნელი...
ვხვდები წერილებია მაგრამ რატომ, რა და ...რისთვის?
შუქს ვანთებ.
იქვე ბუხრის წინ წამომდგარი ჯუღა ისე საცოდავად ცახცახებს რომ სული მეწურება მისი საცოდაობით.
-ბუხარს ხომ არ დაანთებდიო - თითქოს უნდა რომ თქვას თვალებგაწამებულმა.
მაგიდაზე მისვენებულ კონვერტს დავხედე ერთი და გარეთ გავვარდი შეშის შემოსაზიდად.
... ბუხარი დავანთე და ჯუღას მივეფერე იქვე ჩემს ფეხებთან მოკალათებულს.
დრო გამყავს, მაგრამ რატომ არ ვიცი. რას ველოდები?
კონვერტს გავხედავ ალმაცერად და გული საგულეს არ მიჩერდება.
გამახსენდა საკუთარ თავს როგორ მივმართავდი ციცის დუმილით წონასწორობადაკარგული.
ბოლოს ვდგები მძიმედ, მიზანდასახული.
კონვერტიდან წერილთა დასტა ჩამიცურდა კალთაში.
ორგვერდიანი ფურცელი ზედ ადევს რეზინის ელასტიური რგოლით დასტად შეკრულ ფურცლებს.
ვიღებ თავფურცელს და ვიწყებ კითხვას წერილისა სრულიად უბრალო და უშუალოდ მარტივი შესავლით. ჰმ, მარტივით! მაგრამ უფრო ვგრძნობ, ვიდრე ვხვდები, თუ როგორ შეცვლის ეს პატარა დასტა ოდნავ სიყვიტლეშეპარული ქაღალდებისა ჩემს პატარა სამყაროს.
მანამ კი
- "ჩემო კარგო დ."....
ოუუჰმ... გაგრძელება იმედია მალე იქნება! :wink:
denziro
10.02.2003, 22:26
საოცარი იყო ეს გასული 4 თვე: სწრაფი და ლამაზი.
შენში მე დიდი მეგობარი აღმოვაჩინე ვისთანაც, როგორც იქნა, ხელახლა შევძელი ვყოფილიყავი ის რაც ვარ და არა ის რაც მინდოდა რომ ვყოფილიყავი ან მოვჩვენებოდი ვინმეს..
არ მინდა დიდი გამოსამშვიდობებელი წერილი გამომივიდეს. უბრალოდ, ვერ ვიტან.
მაგრამ ასე უნდილადაც არ მინდა დაგემშვიდობო.
თქვენსას მე ადრეც ვყოფილვარ, 12 წლის უკან. უშუალოდ შენს სოფელში არა მაგრამ ...
ჰო, ამას რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი...
მოკლედ მაშინ იყო ცხოვში რომ ჩამოვყევი ერთ დიდ საერთაშორისო გეოლოგიურ ექსპედიციას. 2 წელზე მეტი დავყავი და იმდენად მრავალგვარი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა რომ დღეს თუ ვარსებობ ალბათ იმ ძალით და ენერგიით რაც მაშინ მივიღე.
იმედგაცრუებაც უდიდესი იყო მაგრამ ალბათ უფრო ჩემივე მიზეზით...
სწორედ იმ 2 წლის გამო ჩამოვედი რომ ახლოს ვყოფილიყავი იმ ადგილთან რომელთანაც ასე ვარ სულიერად მიჯაჭვული. თავად ცხოვში ვერ შევბედე მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტი სიახლოვეც ვერ შევძელი.... აი ისე, როგორც ღამის პეპელას იზიდავს სანთელი, მაგრამ ზედმეტმა სიახლოვემ კი შეიძლება სასიკვდილოდაც დაუწვას ფრთები.
მთელი ეს 4 თვე იყო იმის ირგვლივ და იმ გზებით სიარული რაც ამ 12 წლის უკან გამივლია. შეიძლება არა უშუალოდ იგივე, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს კოპირებული... თითქოს ფილმი იყო ჩემზე გადაღებული და მეც ამ ფილმში ვმონაწილეობდი როგორც არაპირდაპირი მონაწილე...
და შენ იყავი ის, ვინც იყო ის რომელმაც...
არა, არ მინდა ცუდად გამომივიდეს და არასწორად გამიგო...
თითქოს შენ იყავი ის მეორე მონაწილე, რომელიც მართლა ის კი არ იყო, არამედ როგორც მე, ასლი ჩემივე ტავისა, ასლი იმისა...
გაუგებრად ვყვები ვგრძნობ, მაგრამ ჩემი წერილების კითხვისას ალბათ მიხვდები თუ რას ვგულისხმობ და რის თქმას ვაპირებ...
... შენ მართლა ხელახლა დამანახე ყველაფერი. არ მეგონა თუკი შენისთანა ადამიანები არსებობდნენ კიდე... მითუმეტეს ასეთ მიყრუებულ სოფელში.
ვცდებოდი როგორც მუდამ.
ჰო... ესაა ჩემი წერილები ადამიანისადმი რომელიც შენ, შენდაუნებურად განასახიერე და ვიფიქრე, რომ ასლი იმ წერილებისა, რომელიც მას ეკუთვნოდა შენ უფრო გეკუთვნის ვიდრე თავად მე.
ამით თითქოს მინდა წარსულს რაღაცნაირად დავემშვიდობო და მხოლოდ საკუთარ თავში ვატარო იმის კვალი რაც იყო როგორც სიზმარი ჩემთვის.
შენ მწერალი კაცი ხარ და იქნებ შენებურად განავრცო და გააცხოველმყოფო ის გრძნობები რამაც განაპირობა მათი ამქვეყნად მოვლენა.
იმედია სწორად გაიგებ ყველაფერს. ესაა წერილები რომლებიც ასახავენ სრულიად საოცარ სიყვარულს მაგრამ სრულიად რაღაც სხვაგვარს, ენით აუწერელს... რომელსაც მეც კი ვერ ჩავწვდი თავის დროზე. ეს არ იყო რაღაც უბრალო მელოდრამატიზმი.
იმდენად სხვა და დიდი და მოუცველი რომ მხოლოდ დიდ ტკივილად და სიხარულად იქცა ბოლოს. ათასგვარი გაურკვეველი და არაკეთილი გრძნობები ამირია ერთმანეთში და იმედგაცრუებად გულზე ჩამომეკიდა. თუმცა ახლა ამ დროის გადმოსახედიდან ვხვდები რაოდენ უსუსური ვყოფილვარ და რაოდენ დიიდი და სუფთა ის...
მე არაფერი დამიმალია და შემისწორებია. არც არაფერი მაქვს დასამალი და საბოდიშო: პირიქით შეიძლება ბევრს შეშურდეს იმდენად თბილი და ნათელი იყო ეს ყველაფერი, თითქმის არამიწიერიც კი.
ბევრს ალბათ იცნობ კიდეც ამ წერილიდან (შორიდან მაინც) და მიხვდები თუ რა არასწორად უყურებს ზოგიერთებს ეს სოფელი, ყოფა ჩვენი.
იცი რატომ გიტოვებ ამ ნაწერებს? იცი კიდე რატომ?
რომ დაინახო თუ რა საოცარი ადამიანი იყო და არის თქვენს შორის და თქვენ კი არა მარტო არ იცით ან არ იცნობთ ან არ გინდა იცნობდეთ, არამედ ტალახში ამოსვრასაც კი ცდილობთ მისას. და ალბათ ჩემდა სამარცხვინოდ მეც გავისროლე რამდენიმე მუჭა მისი მიმართულებით...
თუმცა ამით მას არასოდეს არაფერი დაკლებია, თუკი არა პირიქით და უფრო ლამაზი და სუფთა გამოსულა კიდეც.
გთხოვ ნუ განმსჯი.
... რამდენჯერმე გადავიკითხე ხელახლა ეს უცნაური წერილი. რომ გამოვტყდე, მართლა სულ სხვა რამეს ველოდი, მაგრამ იმედგაცრუების გრძნობა, რაც აქამდე სულ ყელში მქონდა გაჩრილი, თითქოს უკვალოდ გაქრა და ცნობისმოყვარეობამ და მოსალოდნელით აღტაცებამ შეცვალა. რას ველოდი ახლაც არ ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველაფერს სხვაგვარად შევხედავდი ამ წერილების კითხვის შემდეგ. ვგრძნობდი რომ გავიცნობდი, მართლა გავიცნობდი იმათ ვისაც თითქოს ვიცნობ დიდი ხანია მაგრამ აზრზეც არ ვარ თუ ვინ არიან...
დღევანდელმა ემოციებმა ქანცი გამომაცალეს.
[ This Message was edited by: denziro on `2003-02`-12 19:13 ]
Mlle Qartveli
11.02.2003, 17:57
გმადლობთ დენზირო
ბრავოოოოოო....
თქვენ და გერგეზი ასე ამრავალფეროვნებთ ამ ფორუმს და აკეთიშობილებთ ჩვენს სულებს!
დენზირო,
საინტერესოა, რამდენად მოგწონს და მისაღებად თვლი მაგ შენი სოფლის დატკბილული ამბების მსოფლიოში მოფენა?
იქნებ იმ ადამიანს თუ ადამიანებს სულაც არ სიამოვნებთ მათი წერილებისა და ემოციების გამოქვეყნება?
კითხე მაინც ნებართვა?
არა მგონია ყველასათვის მისაღები იყოს ის რასაც აკეთებ.
ცუდად არ დაგიწყია მაგრამ ძალიან დაატკბე (სამწუხაროდ).
denziro
12.02.2003, 23:09
ის ღამე თმენაგალეულმა ძლივს გავათენე.
დილით კი ისევ დავუწყე შორი გარშემოვლა მაგიდაზე დაწყობილ წერილებს. ხან მივუახლოვდები, თითქოს მინდა აი ხელში ავიღო და სულმოუთქმელად წავიკითხო, ხანაც ათასგვარ საქმეს მოვიმიზეზებ და იქ გავრბივარ რომ მივხედო.
ალბათ დამავიწყდა მეხსენებინა რომ 3 თხა მყავს და ერთი თხისხელა ძროხა...
და რა თქმა უნდა ერთი უფრთო მოხუცი რაში. 12 წლის იქნება, მეტი თუ არა.
და ერთი ინდაური. აი ეს ინდაურია ერთი საოცარი ვინმე, მაგრამ მასზე შემდეგში მოგიყვებით, ახლა ნამდვილად არ მცხელა მათთვის. თუმცა მიხედვა უნდა ყველას და მეც მიზეზად ეს მაქვს ხელზე დახვეული რომ წერილების კითხვისგან მოსალოდნელი მძაფრი ემოციები ცოტა უფრო გვიან განვიცადო.
აი ზუსტად იმ პეპლელასავით ვარ სანთელი რომ იზიდავს, მაგრამ ზედმეტი სიახლოვით შეიძლება თავიც კი წააგოსო, მარიამი რომ წერდა..
იმ დღეს ეზოს არ გავცდენილვარ.
თოვს ისევ.
სახლში უკვე საკმაოდ თბილოდა, როცა შვბრუნდი ამ სოფლური საოჯახო მეურნეობის მიხედვის შემდეგ.
უკვე ყოველგვარი საბაბი და საბოდიშო შემომლეოდა და ისღა დამრჩენოდა ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში წერილთა დასტა კალთაზე დამეხვავებინა.
ქრონოლოგიურად იყო დაწყობილი. მარიამის ხელით ნაწერი წერილების ფოტოასლები ჭარბობდა, მაგრამ აქა იქ გაკრული, მამაკაცური ხელით ნაწერებსაც მოვკარი თვალი.
თუმცა არც მიცდია ქრონოლოგიის დარღვევა, მივყვები და ვნახავ-მეთქი.
მარიამს ყველა წერილი პუნქტუალურად დაეთარიღებინა.
პირველი იყო ერთი ციდა ბლოკნოტიდან ამოღებული რამდენიმე ფურცელი. პირველ გვერდზე რატომღაც ლათინური ბეჭდური ასოებით გამოყვანილი: To: BATONI
ჩემო ამბერკი!
გწერ არ ვიცი მერამდენედ მაგრამ მე ეს მახარებს...
ალბათ ასე აჯობებს, უბრალოდ ამბერკი "ჩემოს"-ს გარეშეც. იმიტომ რომ იმხელა რამ თუ ვინმე ხარ ჩემთვის, რომ წერილობითაც კი ვერ გადმოგცემ და თან ვშიშობ, რაღაც ჩემი, ასე ვთქვათ, ზედმეტობით არ გავაუფასურო ეს ჩემტვის ,მართლაც
"ა მ ხ ე ლ ა".
თანმიმდევრობა რომ არ დავარღვიო, გეტყვი იმასაც რომ ძალიან გამეხარდა შენი "To: MARIAM". ძალიან, ძალიან...
წავიკითხე ალბათ ათჯერ, ისე რომ შინაარსი ვერც კი გავიგე.
უბრალოდ ვუყურებდი თითოეულ ასოს და ვრწმუნდებოდი, რომ მართლა შენ იყავი.
შე ცუდო!
(არ გეწყინოს რა...)
იცი როგორ მომენატრე?
შემდეგ იმას მოგახსენებთ, ბატონო ჩემო, რომ ჩემი სუსტი ჭკუით და გაგებით ცოტა misunderstanding-ს ქონდა ადგილი.
... მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
ჩემი სულის (ან სულის ჩემი) ახლანდელი მდგომარეობა მეც მართლა ძალიან მახარებს და მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ამდენი ბოდიალის შემდეგ რაღაცას მივხვდი და რაღაც მეტი გავიგე.
რაც შეეხება ჩემს სამყაროში თქვენს იერარქიულ მდგომარეობას, სულ ცოტა საფეხურების ერთ-ერთ საფეხურზე მყარი ადგილი გიჭირავთ. საფეხურების რაოდენობა ალბათ ერთ ხელზეც დაითვლება.
მე ამას ადრეც ვგრძნობდი, მაგრამ ეტყობა ჩემი სიბეცე უფრო ჭარბობდა საღ აზროვნებას.
თუ გახსოვს, ერთხელ გითხარი კიდეც, მხოლოდ ერთგან, როგორ მიყვარხართ-ქო. ეს ვთქვი ჩემს შენთვის ნაცნობ "მეგობართან" და თან სრულიად შემტხვევით, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე: ჯერ ის და მერე გიორგი თქო.
მაგრამ მერე, როგორც უკვე გითხარი, სულ გამოვშტერდი და უაზრობების მეტი არც არაფერი მიბოდიალია.
მაგრამ მე ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ შენ მხოლოდ მით ხარ ასეთი არაჩვეულებრივი და მეც მხოლოდ მისი მადლით და წყალობით შეგხვდი შენ.
მე ბედნიერი ვარ!!!
იცი რა?
მე ჩემი სიბეცით თავიდან მეგონა რომ თამაშობდი, ან არაბუნებრივად იქცეოდი, მაგრამ საბედნიეროდ მივხვდი და გავიგე თუ რა ადამიანიც ხარ.
იცი რა მიყვარს ყველაზე მეტად?
აი შენი გაფართოებული ზღვისფერი თვალები და ოდნავ დაბნეული თუ გაოცებული "მართლა?"
შენ არ უნდა გაღელვებდეს თუკი ვინე იმედგაცრუებული თუ ნაწყენი დარჩა შენი ბუნებრიობით. ის კი არა პირიქით, სულ მგონია რომ შენ რჩებოდი სხვებთან ურთიერთობაში ხშირად იმედგაცრუებული და ხშირად ნერვებმოშლილიც. და სწორედ ამის გამო მეც ნერვები მეშლება.
იქნებ ჩემს აზრებს სწორად ვერ გადმოვცემ...
შენ იწერები ჩემი გაუთავებელი "ლანძღვა" ხომ არ გწყინსო. იცი რა? მათზე ძვირფასი არაფერია ჩემთვის, მართლა.
თუკი შენს ქმედებებზე ნაწყენი დავრცენილვარ, ამასაც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვაბრალებდე.
შენ საოცარი ადამიანი ხარ, იცი ეს შენ?
კიდე იცი რა?
ქალი სუსტი არსებაა თავისი სისუსტეებით (ბრჭყალების გარეშე), მაგრამ მე ღმერთის მადლობელი ვარ რომ ქალად მოვევლინე ამ ქვეყანას ყველა ქალური სისუსტით. უბრალოდ, გული მტკივა, რომ როგორც შენც აღნიშნავ, ხშირად ხელს მიშლის შენთან ურთიერთობაში.
სწორედ ამის გამო გთხოვ პატიებას და გაგებას.
მადლობა ღმერთს რომ მიგებ, მართლა მიგებ.
მე თავად საშინლად განვიცდი ამას და ზოგჯერ არც კი მინდა დაგენახვო, იმდენად ვერ ვიტან საკუთარ თავს.
მაგრამ ერთი რამ მეხმარება დავძლიო ჩემივე თავი:
მე ვიცი რომ ჩემი შენდამი გრძნობა განსხვავდება ყველას გრძნობებისაგან და მე შენ რაღაც სულ სხვანაირად და ყველანაირად და იმაზე მეტად და უზომოდ და უსაზღვროდ და ძალიან-ძალიან... და მაპატიე, რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
მადლობა რმერთს და შენ ჩემი ახლანდელი სულიერი მდგომარეობისათვის.
იცი, რა, მე შენ არასოდეს გამილანძღიხარ და როგორ არა გრცხვენია?
... მაპატიე თუკი ასე იფიქრე.
მე შენ არასოდეს გაგლანძღავ, გპირდები.
გეთანხმები, თუკი რამე ვერ გავიგე, შენ უნდა გკითხო პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად.
ბარომეტრი - სრულიად ახალი და უჩვეულო კომპლიმენტია ჩემთვის.
გიორგი, მე მართლა ძალიან მერიდება გკითხო ესა თუ ის, რატომ ან როგორ და ა.შ.
რატომ გიორგი?
ალბათ ამასაც დრო ჭირდება და მერე სულ ყველაფერს გავიგებ და მართლა ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე მეგონა.
გი, აი, ახლა შენთან რომ ვიყო და , რა თქმა უნდა თუ არ მომერიდებოდა და თუკი ნებასაც დამრთავდი, იცი რა?
თვალებზე გაკოცებდი...
იცი? ადრე ცოტა მაინც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ახლა გეტყვი, რომ შენ იდეალური მოვლენა ხარ.
...(აი, ახლა რომ ჩაიცინებ რაღაც პატარა ფრუტუნივით, ის მიყვარს).
9.07.1991
Mlle Qartveli
13.02.2003, 16:34
ჩვენო ძვირფასო დენზირო
მადლობელი დაგრჩებით, თუ უფრო ხშირად შემოხვალთ კლუბში...
მოუთმენლად ველით ამ მშვენიერი ისტორიის გაგრძელებას...
პატივისცემით,
MLLE ქართველი
დენზირო,
შე კაი კაცო, თუ ხარ ცოცხალი შემოგვეხმიანე ერთი და ნუ დაგვძაფრე შენი ჭირიმე.
ჰო, არაა გაგრძელება?
:sad:
denziro
16.02.2003, 21:16
გიორგი?
თითქოს მეცნო კიდეც.
ნუთუ ეს ის არის? არა, არა მგონია.
გამარჯობა-გაგიმარჯოთი ვიცნობ, თუკი ისაა: ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ჩუმი და დიდი სოციალურობით გამოურჩეველი ადამიანი.
ურთიერთობაში არც ზედმეტი სითბო მიგრძვნია და არც რამე თვალშისაცემად უარყოფითი. თუმცა ბევრი არასახარბიელო რამ კი გამიგია მასზე. მაგრამ კონკრეტულად რა? ვერ გამიხსენებია. ალბათ უფრო სისულელეები, მგონი რაღაც ქალებთან ურთიერთობებში, მაგრამ არაფერი საინტერესო არ მაგონდება.
თუმცა მაინტერესებს მართლა ისაა ვიზეც გავიფიქრე თუ სხვა ვინმე?
ანდა რამ გამახსენა ის ვიზეც ეს წუთია გავიფიქრე?
აჰ, ალბათ ცისფერმა თვალებმა.
....
წვიმს, სამი დღეა წვიმს.
მე ვარ, რა...
ჩვენი გეოლოგიური ბანაკის გენერატორის მონოტონურ გუგუნში, საველე გასვლებში, ტალახში, წვიმაში და ჩემს ოცნებებში ჩაფლულ-ამოგანგლული.
ჩემი ოცნება, იცი რა არის?
შენ აზრზეც ვერ მოხვალ, მე ისეთი ოცნებები მაქვს...
მე მიყვარს ჩემი ოცნებები.
სულ არ მაღელვებს, განხორციელდებიან თუ არა.
სულაც არ მიტაცებს სინამდვილე.
როცა ვოცნებობ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი, ეს არის ყველაფერი...
ეჰ, მე რომ კარგად ლაპარაკი შემეძლოს, უფრო სწორად, ლამაზად, მაშინ ჩემს ოცნებებს აგიწერდი! მაგრამ მერე ისეთი აღარ იქნებოდა.
მართლა ბედნიერი ვარ რომ ოცნება შემიძლია.
ახლა, რატომღაც იცი რა გამახსენდა?
აი, ლერის რომ ხელი გადააწევინე.
რაღაც უკმაყოფილებას ქონდა, მგონი ადგილი და ლერი თითქოს გააკრიტიკეთ რაღაც არასწორი გადაწყვეტილების გამო. შენ ხომ თითქმის მიწასთან გაასწორე მისი არგუმენტები... და უცებ, მოდი ხელს თუ გადამიწევო და მაგიდას მიუჯექი.
რაღაც საოცარი მომენტი იყო. იცი, როგორ გამეხარდა ასე რომ მოიქეცი?
რაღაც ლამაზი იყო...
მაგრამ, ზოგჯერ, უფრო სწორად, ერთი-ორჯერ (კონკრეტულად არ მახსოვს თუ რატომ), თითქოს მეც იგივე სვლა გამიკეთე.
უფრო სწორად, თითქოს წამახალისე...
ახლა ვერ ვიხსენებ, როდის...
რა შუაში იყო ეს?
ეტყობა, მართლა ვერა ვარ.
იცი როგორ წვიმს?
ვერ ვიტან, როცა ამბობენ, მიყვარს წვიმის წვეთების კაკუნი და სიჩუმე ან მანქანით ბოდიალი ან რაღაც ამდაგვარი.
წვიმა? არ მიყვარს წვიმა.
მიზეზი არ ვიცი. იქნებ მიყვარს კიდეც, მაგრამ სისველე არ მიყვარს. რაღაც ეს შეგრძნებაა რომ მეზიზრება.
აი, ზღვაში რომ შედიხარ და სველდები, ის სულ სხვაა, ან წყალს რომ შეგასხამენ, ესეც სხვაა.
ვერ ვლაპარაკობ, რა, ლამაზად ჩემო ძმაო.
აი, შენ ამას სულ სხვაგვარად იტყოდი და ეს მიყვარს შენში: აი, ისე სხვაგვარად, შენებურად რომ ამბობ ყველაფერს, რაღაც სხვაა...
მართლა.
მიყვარს შენი მოსმენა - ლამაზად ლაპარაკობ.
იმას კი არ ვამბობ, ზოგიერთი ჩვენი მჭერმეტყველი ორატორივით მეტყველებ-მეთქი.
შენ რაღაც თბილად, კეთილად, ლამაზად ამბობ...
კიდევ წვიმს და მე მეძინება.
უკვე 24 ია.
იცი, რაღაც ქართული მომენატრა ამ შუაგულ საქართველოში.
ქართული სიმღერა მომენატრა, აი, ნამდვილი ქართული, რომ აგეტირება, ისეთი...
მომენატრა ქართული ცეკვა და საერთოდ, რაღაც მომენატრა. რა? არ ვიცი, მაგრამ ქართული...
რაღაც აზრი მომიკვდა უცებ...
თუმცა, რა აზრი აქვს?
იცი რა?
ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანები რომ ერთმანეთს პატივს სცემდნენ.
ხომ კარგი იქნებოდა, გი?
შენ რომ მუდამ ასე იქცევი?
...
კიდე იცი რა?
არა მგონია ძალიან ცუდი ადამიანი ვიყო (და ალბათ არც ისე კარგიც, არა?).
მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ და ძალიან მიყვარხართ. ისე, ისე, რომ ზოგჯერ მინდა ყელში შევაჩერო და თვალებში არ გამოვხატო. უფრო სწორედ, თვალებამდე არ მიაღწიოს ზედმეტმა გრძნობებმა, მაგრამ არ გამომდის მე სულელს.
მე თქვენ ცრემლებამდე მიყვარხართ.
..
... ბოდიში იაფფასიანი სიტყვებისთვის - სიყვარულის ახსნა არ ყოფილა ეს.
უბრალოდ, ახალია ჩემთვის რაღაცა, რაც ადრე არ მქონია
- ცრემლები?
- არასოდეს
ახლა კი!
ვერ ვაკავებ, მაგრამ ეს ბედნიერებაა იმიტომ რომ მე ეს შემძლებია... როგორც ყველა სულელ ქალს...
თუმცა ამაზე ალბათ არ გამიბრაზდები... მე ხომ შენი უმცროსი ძმა ვარ, როგორც შენ მიწოდებ.
ასე, რომ ცოტა დრო და ჭკუა გვინდა კიდე, თავადიშვილო.
ბოლოსდაბოლოს, მეც შენსავით თავადიშვილი ხომ არა ვარ და შეცდომების გარეშე კი ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ.
მე შენი ძმა ვარ და თან ამილახვარი, ვიღაც კარის დიდებული და შეიძლება არც ის...
მაპატიე, რა?
შენ ხომ კარგი ხარ!
მე... მე კი ცოდო არ ვარ?
ზოგჯერ საოცრად გულჩვილი ვარ, ზოგჯერ კი გულცივი, გულქვა და კიდევ რა აღარ-გულა...
ვითომ ვთამაშობ?
ყველაფერი ამ წვიმის ბრალია.
... მე კარგად ვარ, შენ?
24 ივლისი 1991
Mlle Qartveli
18.02.2003, 18:07
ჩვენო კარგო დენზირო
:smile: :smile: :smile:
Gergezi
18.02.2003, 20:21
დენზირო, როგორც ყოველთვის. კოტაკუ.
denziro
19.02.2003, 22:44
მეორე დღეს ქალაქში წავედი.
დიდი ხანია ცხოვში არ ვყოფილვარ. ისე, იქაურთა ნახვას არც არასოდეს ვყოფილვარ მონატრებული, მაგრამ ახლა წავედი უაზროდ...
უაზროდ ქვია, აბა რა, თუმცა ერთი ფრიად ნათელი და კონკრეტული მიზანი მქონდა და სწორედ ეს მიზანია იმდენად უაზრო რომ...
ვიფიქრე იქნებ გიორგის შევხვდე შემთხვევით სადმეთქვა.
თითქოს ვიცნობდი, მაგრამ რატომრაც ახალი თვალით თუ ახლებური თვალხედვით მინდოდა ერთხელაც მენახა და იქნებ გამოვლაპარაკებოდი კიდეც... ვინ იცის?
ალბათ ადვილი გამოსაცნობია რომ ისევე დავბრუნდი უკან როგორც წავედი. არა, უფრო დაინტერესებული და რაღაცნაირი, მაგრამ ისევე ასე ვთქვათ, ხელცარიელი.
მილეთის ხალხი ირეოდა ირგვლივ და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ რუხ თუ შავ-მოშავო მასაში რარაც ირეალურ არსებასავით ვეძებდი სინათლეს... და უშედეგოდ.
ტალახი, სისველე, სისველე და სიცივე.
სიცივე უფრო ამ არარეალური მდგომარეობისა გამო შემოჭრილი და ძვალ-რბილში გამჯდარი ტვინის ქერქამდე.
დავბრუნდი უკან ფეხით სიარულისგან გათანგული.
ისე, გიორგის სახლი მაინც მცოდნოდა სად იყო, ან თუნდაც უბანი...
საკუთარ თავზე მომდის ბრაზი ჯუღას თავშეკავებული შეხვედრით ოდნავ გამთბარს.
არ იმჩნევს თორემ ვიცი როგორ უხარია ჩემი გამოჩენა. ბუხარს რომ დავანთებ მარტო ის რად ღირს?
ცოტა რომ მოვითქვი სული და ოდნავ გავთბით მაგიდაზე დატოვებული ბარათიც შევნიშნე.
მიხა მიწვევდა, ერთი პაწია შევიკრიბოთ ჩემთანო ამ შაბათს შენ, ველოდი, ციცი და მოკლედ მთელი სოფელიო.
ამის თავი ახლა არა მაქვს მაგრამ მაინც მეღიმება სითბოთი: მოხუცი ამოსულა საკუთარი ფეხით და უნდა რომ ერთმანეთს შევხვდეთ. უნდა, აბა ძალას ხომ არ ატანს ვინმე?
მე კი ვგრძნობ რომ ამ წერილების შემდეგ რაღაც წინანდელზე უცნაური რაღაცეები დამჩემდა... მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს თითქოს: ამისთვის ვდგები დილით და ამისთვის ვანთებ ბუხარს, ვუვლი საქონელს და ...და
ერთი სული მაქვს ეს წერილები ბოლომდე ჩავიკითხო...
თანაც არც მინდა რომ ჩათავდეს და უკვე წაკითხულებს მერამდენედ გადავიკითხავ ხოლმე.
ისე, აი ეს არაა ის სინათლე იმ არარეალურ სამყაროში რომ ვეძებდი?
საკუთარივე აღმოჩენა მართობს.
მეძინება, და მერე როგორ...
დამესიზმრე :smile:
საერთოდ არ მამახსოვრდება ხოლმე სიზმრები, მაგრამ მახსოვს რომ დამესიზმრე.
მახსოვს, ვიღაცას რაღაცას ვუხსნიდი შენს შესახებ.
მოკლედ, რა...
თქვენთან მინდა ... ცოტა არ იყოს მომბეზრდა ეს ორი დღე საველე სადგურში.
შეიძლება ძალიან არ მინდა, მაგრამ რაღაც აქაც არ მინდა...
ნინელის მოფერება მომენატრა, დედასავით რომ მეფერება, თინას დარიგება, ირაკლი და ...შენ.
მაგრამ შენ... ოოო
მეტად რთული საკითხია... რთული ფრიად.
იცი რა გავიფიქრე ახლა?
მარტო მე კი არა, მთელ ჩემს ოჯახს და საგვარეულოს უნდა უხაროდეს და აფასებდეს, რომ შენ გიცნობ.
ხომ მაგარი ვარ?
... მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ მევე ვერ გაფასებ.
გიორგი...
აი, რომ ვიტყვი ამას, აი ამ ერთ სიტყვას, მერე... ვსიო!
ვდებილდები...
ისევ წვიმა და წვიმა და წვიმა...
აი, როცა წვიმს მეც ვწვიმ.
მე ყვავილები მიყვარს... ოღონდ ხატვა არ ვიცი - ვჯღაბნი.
დავიძინე - გავიღვიძე...
გი,
ბევრი ფული რომ გექნება, აი სულ ბევრი-ბევრი, რომ გექნება, ბაგრატის ტაძარს ხომ ააშენებ?
2 აგვისტო 91
Mlle Qartveli
13.03.2003, 20:20
გამარჯობა დენზირო
რატომ დაივიწყეთ კლუბი ?
როდესაც მოიცლით, დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ დაასრულებთ ამ ამბავს!
პატივისცემით, MLLE ქართველი
denziro
18.03.2003, 23:15
მადმუაზელ ქართველო, მადლობა შემოხმიანებისთვის.
არ მეგონა თუკი ვინმეს აინტერესებდა ჩემი სოფლური ამბები და მიტომაცაა არც შემოვსულვარ.
მეორეცაა, რომ დათბა და იგრძნობა ის რაღაც საოცარი მეტამორფოზა გაზაფხულის მოახლოებას რომ ეძახიან.
ჰოდა სოფელში გაზაფხულს მზად თუ არ დახვდი ადამიანი მთელი წელი ჩათვალე რომ წყალში გადაგეყარა.
მარტოხელა კაცს ხომ აქვს საშრომი და საზრუნავი სოფელში და ამას დამატებული ხანშიშესული მეზობლები და შეძლებისდაგვარად დახმარება მოვალეობა თუ არა რაღაც სულის კომფორტისთვის იმდენად აუცილებელი ატრიბუტი რამაა , ურომლისოდაც ვერ იარსებებო ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან გაჭირდებოდა სუნთქვა, და თქვენ წარმოიდგინეთ აზროვნებაც კი.
იმედია მაღალფარდოვნად, ანუ პათეტიკურად არ გამომდის ის რაც იმდენად ბაზისურია რომ ალბათ არც ღირდა ასეთი აკოკოლავებული წინადადებების შენებით თავის შეწუხება...
მაგრამ რას იზამ, ასე ყოფილა ადამიანი მოწყობილი: უმარტივესის დანახვასა და გამოხატვას მხოლოდ უდიდესი სირთულით თუ ახერხებს...
ისე, მართლა გაზაფულდასავით და ეს პატარა გორაკები ხომ უკვე იჩემებენ აბიბინებას და ეს ეზოები: ჩემი, მეზობლებისა
თუ ნამეზობლარები ისე შეიცვალნენ ამ ათასგვარი მოყვითალო, მოვარდისფრო, ლურჯი ყვავილებით რომ უაზროდ გეღიმება ამის შემხედვარეს.
ბუნება ადამიანივითაა: პატარა სითბო უნდა და მთელ თავის ფარულ სილამაზეს ეგრევე დაგანახებსო, თქვა მიხამ ამასწინათ რომ შევიკრიბეთ. ველოდიმ, ალბათ მე უფრო პირიქით ვიტყოდიო: ადამიანია ბუნებასავითო და ჩვენ თითქოს გაგვიკვირდა კიდეც მისგან ასეთი. უბრალოდ იმიტომ რომ არ ველოდით. თუმცა რა იცი, გაზაფხული მოდის...
სხვა ბევრი რამეც ვთქვით აზრიანიც და უაზროც, ამ ქვეყნისაც და იმქვეყნისაც, პოლიტიკისაც და აპოლიტიკურისაც , ერაყის მოსალოდნელ ამბებზეც დავაწყვეთ ქვეყანა და დავიშალენით კიდეც.
საინტერესო იყო ეს პატარა თავყრილობა გერგეზისეული სადღეგრძელოების გარეშე. ველოდისაც კი არ გაუწევია დიდი წინააღმდეგობა. ამაზე ალბათ მოგვიანებით მოვიწერ...
კავკასიონი კი ისე ნათლად ჩანს ჩემი აივნიდან რომ პიუპიტრზე შემოდგმული ნახატი გეგონება.
ჰმ...
[ This Message was edited by: denziro on `2003-03`-19 18:32 ]
Mlle Qartveli
19.03.2003, 15:57
დილა მშვიდობისა დენზირო
:smile:
იმედია, მალე გამონახავ დროს და გააგრძელებ დაწყებულ ამბავს....
ისე, კი მართლა ასე ლამაზია შენი სოფელი?
პატივისცემით,
MLLE ქართველი
denziro
19.03.2003, 23:15
მართლა ლამაზია.
რაღაც თბილად ლამაზი.
აი ცოტა სუსხიანივით დილით აივანზე რომ გამოხვალ და ცა რაღაც მოლურჯო-მოფირუზოდ რომ შემოგეღვრება მთელ სხეულში და გორაკები, ხეები და ეზოები, თითქოს ისინიც იღვიძებენო, დილის ბურუსიდან ნელ-ნელა რომ გამოიკვეთებიან, უფრო იქეთ, მაღლა კი კავკასიონი რომ დაიიწყებს ბროლით თავმოწონებას და მერე იქვე ალბათ ქათმებიც აკაკანდებიან და უუჰჰჰ...
უნებურად გაგეღიმება და ხელებგაშლილი შეიძლება გაიზმორო კიდეც და თითქოს რაღაც კიდე გინდა თქვა, ბევრი თქვა , ბევრი-ბევრი, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა გახსენდება მხოლოდ თითქოს ყველასხვასიტყვადავიწყებულს: მადლობა...
კი, ლამაზია და რაღაცნაირად უფრო მეტიც, აი მშობლიური...ჰო.
Mlle Qartveli
19.03.2003, 23:22
ოოო ჩემო კეთილო
საქმეც იმაშია, რომ მშობლიურია....
როგორც ბავშვობაში (და მგონი ახლაც) გვეგონა, რომ დედა ყველაზე ლამაზია, ხოლო მამა ყველაზე ძლიერი...
ასეა, სამშობლოც...
ჩვენ ობიექტურნი ვერასდროს ვერ ვიქნებით ჩვენი სამშობლოს შეფასებაში.....
იმიტომ , რომ გვიყვარს......
:smile:
denziro
21.03.2003, 22:18
ჩემო კარგო ქართველო,
ასე მარტივი რომ იყოს ეს ყველაფერი მაშინ არც თავი გვექნებოდა ასატკივარი ან ატკივებული და არც საფიქრალი და არც საძიებელი რამ.
მე მგონია, რომ სწორედ სამშობლოს მიმართ გვმართებს ობიექტურობა, ანუ იმის მცდელობა მაინც რომ მიუკერძოებლად შევხედოთ ყველაფერს და კრიტიკულად მივუდგეთ. თორემ ისე ვერასოდეს ვერაფერს შევცვლით კი არა, იმის მცდელობაც არ გვექნება რომ ვცადოთ თუნდაც ცვილებაზე გაფიქრება.
და მეორეცაა, ყველას თავისებურად უყვარს სამშობლო.
ერთისთვის სადღეგრძელო და დითირამბებია,ცა ფირუზი და ხმელეთი კიდე ზურმუხტი, იქით დროშები და აქეთ ჩქარა ...
მეორისთვის კი უვუცებითა და ცრუ და ყრუებით გადაძეძგილი არე რამე და სულ ხომ არ უნდა იძინოთ თქვე კაი ხალხო კარგად ნასუფრალ-დანაყრებულ-მუცელამოორილ-ნავბახუსევივითო და გაიღვიძეთ თქვე ღმერთი არა გწამთო?...
მერესამეს კიდე საერთოდ არ გააჩნია არანაირი აზრი, უფრო სხვა რამ აწუხებს და იმ სხვის გამო იმ მეორესაც შეიძლება ჩაუსაფრდეს და მიპარვით მოკლას კიდეც, რა იყო სულ რომ ილანძღებოდაო?
მერე ის სხვა ორი ოო ეგ იყო მამულიშვილი თუ იყოო და გულში მჯიღსაც კი ჩაიკრავენ, იქვე სახელდახელოდ გამომცხვარ ცრემლებსაც სახალხოდ წვინტლთან ერთად ხელისგულით მოიწმენდენ სოლიდურად მოქუფრული სახეებდან და შესანდობარსაც შესვამენ...
თუკი მერე, დიდი ხნის მერე ვინმემ იმ მეორესავით რაიმე თქვა მოძალადენი, უსირცხვილონი და არაკომპეტენტური შარლატანები ხართ, როდენმდე უნდა ჭამოთ ერთმანეთი და თქვენივე მომავალი თაობებიო? ის სხვა ორი ისევ მოუბრუნდება და ერის მოღალატეობა თუ აკმარეს ხომ კარგი და თუ არა, თავი ის აწ-ცხონებული მეორე ხომ არ გგონიაო აქ რაღაცეებს რომ მიედ-მოედებიო და თავში შეილება ეროვნულად ჩასცხონ, აი კომბლე რომ თლიდა საშვილიშვილოდ ის...
მშობლიური, მე ვიტყოდი უფრო ძნელია და ტვირთია თუკი გადარდებს მისი ავ-კარგი...
რა მართალი კაცი ხარ დენზირო. ეეჰ, ნეტავ ყველას ქონდეს უნარი მაგ შენს სიტყვების სიღრმეში წვდომისა, მაგრამ საუბედუროდ ეგრე არაა.
Mlle Qartveli
25.03.2003, 18:08
გამარჯობა დენზირო
მართალი ხარ, გეთანხმები.... მაგრამ განა ჩვენ, შვილებმა, არ ვიცით ყველაზე უკეთ ჩვენი მშობლების ავიცა და კარგიც? განა მათი ნაკლის გამო ისინი ნაკლებად გვიყვარს.... დედა ავადმყოფსა და დავრდომილ შვილს უფრო მფარველობს, ვიდრე ჯანმრთელს, რადგან ის უფრო საჭიროებს დახმარებას...
განა არ ვიცით დღეს რა ხდება და დღეშია ჩვენი ქვეყანა?!
მე როდესაც ვამბობდი ობიექტური ვერ ვიქნებით შეფასებაში-თქო ,მისი ბუნება მქონდა მხედველობაში... მისი ჰავა, გეოგრაფიულიმდებარეობა...
ალბათ დამერწმუნებით, რომ მსოფლიოში ბევრად უფრო ლამაზი ქვეყნებიც არსებობენ თავისი ბუნებით, ჰაერითა და წყლით, მაგრამ ჩემი, მშობლიური ყველაფერს მირჩევნია..
თუ სადმე ლამაზ პეიზაჟს ვნახავ, იმ წუთს საქართველოსთან ვპოულობ მსგავსებას... შეიძლება ძალიან მინდა , რომ დავინახო და იმიტომ.....
აი, ასე ჩემო კეთილო...
ვცდილობ ვიყო ოპტიმისტი ... არა მგონია, რომ ასეთი ყოფა და ცხოვრების სტილი დიდხანს გაგრძელდეს.... უბრალოდ შეუძლებელია... !!!!
პატივისცემით,
MLLE ქართველი
ბუხარში ბოლო ნაღვერდალი სულს ლევდა დავიღალეო რომ გავიფიქრე. წამოვდგები-თქვა ესეც დავაპირე და კალთაში დაგროვილი წერილები იატაკზე ჩამეფანტა.
ზანტად გავბრაზდი საკუთარსავე მოუქნელობაზე. ჯუღას კი ყურიც არ შეუბერტყავს. თუმცა რას ველოდი ერთი ნეტა? მე შენ გეტყვიდა დაფაცურდებოდა და მი-და-მოფანტულ წერილებს სხარტად აკრეფდა და მაგიდაზე თუ არა კალთაში კოხტად ჩამიწყობდა?
ისევ მე და მთქნარებამორეულმა ავკრიფე და სავარძელში მიბრუნებულმა დავიწყე ქრონოლოგიურად წყობა.
ნამდვილად არა მაქვს ამის თავი ეს გავიფიქრე და ერთუ უცნაურად დაკეცილ წერილსაც წავაწყდი. კაი ხნის შემდეგ მივხვდი რომ ინტერესით ვკითხულობდი. ბევრს ვერაფერს ვერ ვხვდებოდი მაგრამ არ ვიცი... ძალიან მარტივი, შეიძლება პრიმიტიული რამეც კი იყო გაკრული ხელით დაწერილი , მაგრამ მე უცნაურად კი მოვყევი მის სამყაროში. ვიგრძენი, დაღლილობამ ოთახის ბნელ კუთხეში გაბუტულმა როგორ მოიკალათა.
-ციკლი: "წერილები რატომღაც მეგობარს"-
-დასაწყისი-
... და თვალი რომ გაახილა
მიხვდა, არც არასოდეს ძინებია
ცნობილი ავტორი
-ამბერკი-
ძვირფასო ამბერკი,
ხშირად მიფიქრია და არცთუ ისე თავგამოდებით. თავიც კი გამომიდია და არცთუ საფუძვლიანად,... და აზრი:
- იქნებ ესეც ისევე უაზრობა იყოს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ყოფა უღმერთოდ?
და მაინც.
და მაინც ვცდილობ ის დავწერო რაც მინდა რომ იყოს და არა ის რაც არის.
შესაძლოა არც ამაში ყოფილიყო დიდი აზრი, რომ არა ერთი "მაგრამ", რომლის ახსნის საბაბითაც დავიწყე ამ წერილთა ციკლი ანუ წრე.
ამინდი სუსხიანი
-ვამეხი-
თვითმფრინავი რაღც უნიჭოდ აიჭრა ცაში. რაღაც აპლიკაციასავით ამოძრავდა თითქოს ცის ფონზე მიწებებული საგანი რაღაც.
არა, უფრო სწორად, კი არ ამოძრავდა, პირიქით, უძრავი გახდა და მხოლოდ ცის ფონის ნელ-ნელა გადაადგილება დაიწყოო თითქოს ვიღაცამ.
უეცრად აწვიმდა და ქარმაცრაღაცნაირად დაბნეულად დაჰბერა.
დეკემბერია და გრუხუნი გაისმა.
ძალზე ნიჭიერადაც დასჭექა.
ვა, მეხიც კი დაეცა სადღაც იქით, შორს, წარმოდგენაში.
...მანქანის ჯაყჯაყით გასაიტერესოებული ხელნაწერი და ბოლოში წერტილი.
-ვერშემდგარი მკვლელობა-
დილა.
უფრო სწორად, უთენია.
ადგილობრივი დროით9სთ და სადღაც 12 წთ-მდე.
(ჩემი საათი უცნაურად ჩქარობს. სად მიეჩქარება ნეტა?)
გზაჯვარედინი.
გზა სამსახურისკენ.
ქვიან ქუჩას ვჭრი.
ქუჩას მეორე მხრიდან ვიღაც ქალის უფრო სილუეტი, ვიდრე ფიგურა მოუახლოვდა.
არანაირი ინტერესი.
მხოლოდ "უFალო შეგვიწყალე" ღიღინი.
-მე შენ მოგკლავ! მოულოდნელად დაძახებული ნაკლებ მუქარა.
გაკვირვებული გამოხედვა მარცხენა მხარზემოდან და შეცბუნება.
გამოხედვა ჩემი, შეცბუნება კი ქალის.
რაღაც ჩაიბოდიშლაპარაკა - ვაიმე, ვერ გიცანით, თუ სხვაში ამერიეთო, თუ რაღაც.
გაგრძელებული ღიმილ-ღიღინი და "მადლობა ღმერთს" ხუმრობანარევი მუქარის მსხვერპლისაგან.
რა საინტერესო იქნებოდა ქალის შეცბუნება განხორციელებული მუქარის ფონზე?...
-ისევ ამბერკი-
ძვირფასო ამბერკი, რა ვიცი რა.
ყოველდღე ისე ხდება, რომ მერე ატასგვარი დეფინიციებისა და კატეგორიებად დახარისხების შემდეგ საკუთარივე თავის გაგიკვირდება:
ნუთუ მართლა საინტერესოდ მოვიქეცი? ან ჩემი საქციელი ან შესაძლო ქმედება რატომ არის, ან უნდა იყოს რაღაც პროგნოზირებისა და ინტერესის საგანი?
... და მერე მოდის რაღაც, ალბათ კომპლექსადწოდებული მონსტრი, რომელიც ჩაგჩიჩინებს, ჩემო ძმაო, შენ შესაბამისად მოქცევა გმართებსო, აბა, ასე როგორ იქნებაო და სხვა.
თუმცა ეს სულ რამდენიმე წამით.
მერე ისევ ის ბუნებრიობაა რომ მძლავრობს და სწორედ მაშინაა ქმედებას რომ ერქმევა უხეშობა, მოურიდებლობა, ამპარტავნობა და რა ვიცი კიდე რა არ?
საბედნიეროდ, ქართულში და არა მარტო ქართულში, განსაზღვრებათა დიდზე დიდი არჩევანი არსებობს.
ალბათ ნებისმიერ ენაში განსაზღვრება, ანუ ზედსართავი სახელი რამდენჯერმე აღემატება მეტყველების ყველა ნაწილს, ან ყველა მეტყველების ყველა ნაწილს ერთად არებულს.
რატომ?
ალბათ, კი არა ნამდვილად იმიტომ, რომ ადამიანს მეორე ადამიანზე ალაპარაკე (განსაკუთრებით ზურგსუკან) და შიმშილობაში აქლემსაც კი არ დაუდებს წილს.
შენთან ძალზე ბუნებრივი,
მე, რატომღაც გიორგად წოდებული
[ This Message was edited by: denziro on `2003-04`-01 22:22 ]
Mlle Qartveli
2.04.2003, 19:21
გამარჯობა დენზირო
"ადამიანს მეორე ადამიანზე ალაპარაკე (განსაკუთრებით ზურგსუკან) და შიმშილობაში აქლემსაც კი არ დაუდებს წილს. "
სამწუხაროდ ,მართალი ხარ.... :sad:
ნეტავ რატომ?
მაგრამ ყველა ხომ ერთნაირი არ არის?!
MLLE ქართველი
დილა გათენდა მაგრამ რა დილა!
საწოლშივე გრძნობ რომ გარეთ საოცარი ამინდია და ჩიტებიც თავდაუზოგავად ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ უბრალოდ საუბრობენ?
მე გადავწევ ფარდას და აუუჰჰ, ეს დილის შუქი, მზის სხივები ტოტებში გახლართულ გაბურდული.
გაზაფხულის გემოვნებით მორთული ეზო და ტყემლისა და ალუბლის ხეები ათასგვარი ფერის ყვავილებით დათოვლილი.
მერე ფეხშიშველა გამოხვალ ეზოში. ჯერაც ცოტა არ იყოს მოისუსხებს მაგრამ ამას ვინ დაგიდევს?
სისველე და სიცივე ფეხის თითებიდან სადღაც ზემოთ ყურის ბიბილომდე რომ ჩაგეწვეთება.
უკან სახლში ძუნძულით!
ჯუღას უკვირს, ბოლო-ბოლო სერიოზული ძაღლია. ვერაფერს იტყვი.
გიორგის წერილზე მარიამის ხელით მიწერილზე გამეღიმა ბირსაბანში თავჩაყუდებულს:
- ვერ გავიგე... ჰმ?
Mlle Qartveli
2.04.2003, 22:40
:smile: :smile:
გაზაფხული....გაზაფხული....
:smile:
ეეჰ თქვენ საქართველოში უნდა ნახოთ.. სადაა გაზაფხული ცივა და წვიმს და ყვავილები კი არა ჯანდაბა
Mlle Qartveli
3.04.2003, 13:50
ჩვენო კარგო გერგეზ-ოოოო
მალე გაზაფხული საქართველოშიც მოვა, აყვავდება ნუში, ალუბლები , ტყემლები.... მალე იასამანიც აყვავდება და მისი სურნელი დატრიალდება კუს ტბის ფერდობებზე .....
:smile:
"ტყემმოისხა ფოტოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები,
მამულო საყვარელო
შენ როსღა აყვავდები?!"
ეე, ჩემო გერგეზ შენგან გამკვირვებია ესეთი შემოძახილი.
შენ თუ ასე შეხედე სამყაროს ამ ხალხ რა გვეშველება ასე რომ ველით შენებურ ამბებს?
მთავარია როგორ შეხედავ და რისი დანახვა გინდა.
მეც შენსავით საქართველოში ვარ და თუ ამ დილის ამბავს არ ვწერ არცთუ ისე შორეულისას (გინდა წარსულში იყოს გინდა მომავალში).
ერთი ხალხური გადმოცემასავითაა:
იესო და მისი თანმხლებნი გზაზე ერთგან რამდენიმე დღის მკვდარ ძაღლს გადააწყდნენ.
თანმხლებლებმა უცებ ცხვირებზე იტაცეს ხელი, შეხედეთ რავა აქოთებულა და მატლებით გაძეძგილაო.
იესომ კი შეაჩერა: შეხედეთ რა ლამაზი და თეთრი კბილები ქონიაო...
ამ დიალოგმა ერთი მეგობარი გამახსენა.
ახლობლები სიყვარულით რატომრაც ქლიბს ეძახდნენ
[ This Message was edited by: akaki on `2003-04`-07 15:39 ]
Mlle Qartveli
8.04.2003, 17:24
:smile: :smile: :smile:
Mlle Qartveli
15.04.2003, 17:40
გამარჯობა დენზირო
სად დაიკარგე ჩვენო კეთილო? :smile:
ძალიან საინტერესოა ამ ამბის დასასრული...
denziro
17.04.2003, 21:26
ფურცელი ვერ ვიშოვე და უცებ რაც ხელში მომხვდა იმაზე დავიწყე წერა, იმიტომ რომ აღშფოთებული ვარ. ალბათ კარგად მოგეხსენება რა "მშვენიერი" ხასიათის პატრონიცა ვარ და ამ ფილმმა სულ გადამრია. სათაური არ ვიცი, მაგრამ Richard Gere და Sean Connery თამაშობდნენ. მეფე არტურზე იყო. ჰოდა ამ უსინდისო გოგოს გამო აირია ყველაფერი.მაინც რატომ ვართ ქალები ასეთები? არ ვიცი რა დავარქვა: გაუმაძღრები თუ სულელები, თუ რა? ამტკიცებს რომ ერთი უყვარს და ამ დროს თურმე სხვაც ყვარებია. ოჯახის წევრებმა ვერ გაიგეს ჩემი აღშფოთება და ამიტომ გეუბნები შენ, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ სულაც არ გაინტერესებს ჩემი სისულელეები. იცი, როგორ განვიცდი ასეთი რომ ვარ? ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ ღალატს ვერაფრით. აი, ამას რომ ვამჩნევ, თუნდაც სხვის მიმართ, საერთოდ, ლამისაა გავგიჟდე. მოკლედ, გიჟი ვარ, რა.
ეს დღეც იყო ისევე, როგორც სხვა დღეები აი უკვე ერთია - უშენოდ.
ყოველი დღე იმ იმედით იწყება რომ შენს თვალებს დავინახავ, მერე მახსენდება რომ აქ არა ხარ, მერე რატომღაც წერილს ველოდები შენგან და ისიც არა ჩანს. დროს კი (არ დამიჯერებ მაგრამ) შენზე ფიქრში ვატარებ. წუთსაც არ ვკარგავ უქმად. ვფიქრობ და მივყვები შენს მცნებას.
იცი რა? ძალიან ბევრს ვფიქრობ (ხომ იცი რა ჭკუის კოლოფიც ვარ?). სულ მინდა ავხსნა , რა გრძნობა მაქვს შენს მიმართ, მაგრამ ბოდიალის მეტი არაფერი გამომდის, თუმცა ესეც ძალიან მსიამოვნებს. ბოლოს მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ რა სახის სიყვარულიც (თუ დადებითი განცდებიც)არსებობს ამქვეყნად თუ იმქვეყნად, ყველაფერი ერთად არის ჩემში და ეს ყველაფერი, რატომრაც შენს მიმართ მაქვს. მაგრამ ამასთან მაქვს რაღაც გაურკვევლობის გრძნობა, მორიდება და კიდევ რაღაც... ნამდვილად არ ვიცი რა?
გუშინწინ პატარა სუფრა გვქონდა მალხაზის დაბადების დღე ავღნიშნეთსავით. მივხვდი რომ შენ გვაკლდი, მე მაკლდი. არა აქვს მნიშვნელობა ჩემს გვერდით იქნები, თუ სხვით დაკავებული, მთავარი ისაა რომ აქ იყო. თუმცა ახლა არ ხარ და ესაა, რომ...
ამას რომ ვფიქრობ, მახსენდება ყველაფერი ჩვენი გაცნობიდან დაწყებული. და იცი რა გამახსენდა? აი სულ პირველად რომ დავიწყე ექსპედიციები, რაღაც სულ შეშინებულივით ვიჯექი მანქანაში. შენ კი ისეთი თვალებით გამაცილებდი, ისეთი სითბოთი ავივსებოდი, რომ ვერც კი ვამჩნევდი დრო როგორ გადიოდა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ახლა გამახსენდა და ახლა გიხდი ბოდიშს და დიდ მადლობა, უბრალოდ სითბოსა და ყურადღებისათვის.
თუმცა მაშინ მე თითქოს სულ სხვით თუ სხვა რამით უფრო მქონდა აზრი და გული დაკავებული თუ გაქვავებული.
არ ვიცი რას რას მოვაყოლებ. არ მინდა რომ უნებლიედ რამეში შევცდე და სხვას გული ვატკინო. თუ გამომივიდა და ხომ კარგი, თუ არადა მართლა უსარგებლო ადამიანი ვყოფილვარ.
ამდენ ფიქრში ერთი დასკვნა გამოვიტანე: ძალიან გგავარ ბევრ რაღაცაში და ზოგჯერ ალბათ გაჭარბებ კიდეც.
თუმცა ეს რა შუაშია?
ერთი მხრივ კარგია აქ რომ არა ხარ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ქალი ვარ.
მოკლედ რა ეგოისტი ვარ, რა!
ცივა, უფრო სწორად ადრიანად აცივდა. მე ამას უშენობას ვაბრალი.
2 ნოემბერი 91
Mlle Qartveli
18.04.2003, 2:16
გამარჯობა დენზირო
მშვიდობა შენს დაბრუნებას კლუბში :smile:
"ამ ფილმმა სულ გადამრია. სათაური არ ვიცი, მაგრამ Richard Gere და Sean Connery თამაშობდნენ. მეფე არტურზე იყო. ჰოდა ამ უსინდისო გოგოს გამო აირია ყველაფერი.მაინც რატომ ვართ ქალები ასეთები? არ ვიცი რა დავარქვა: გაუმაძღრები თუ სულელები, თუ რა? ამტკიცებს რომ ერთი უყვარს და ამ დროს თურმე სხვაც ყვარებია.".....
ჩემო კარგო ეს "უსინდისო გოგო " ჯულიეტ ბინოშია და მართალია ღალატს მეც ვერ ვიტან, მაგრამ ამ შემთხვევეაში ის არ ღალატობს, უბრალოდ ორივე უყვარს.... თავისებურად....
საქმეც იმაშია, რომ არც ერთს არ ღალატობს...მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაქვს საუბარი...
თორემ "ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა..." :sad: :sad: :sad:
HI,
ჩემო კარგო დენზირო, ძალიან მოწყენილი ვიყავი ამ დღეებში და ძალიან მომინდა ქართულად მესაუბრა და მეკითხა. გადავწყვიტე ქართული ჟურნალების კითხვით შემექცია თავი და დრო ასე გამეყვანა სანამ მადმუაზელ ქართველი დოჩანაშვილის კითხვას დაამთავრებს და წიგნს მე გადმომცემს. თუმცა ერთი გადავშალე ეს ჩვენი ქართული ბულვარული ჟურნალები, ამოვიხვნეშე და ისევ დავხურე...
მერე შენს მონათხრობს მივაგენი, დავჯექი და წავიკითხე... ზალიან მესიამოვნა, მაგრამ გთხოვ კვლავ დაუბრუნდი შენს ფორუმსა და უცხოეთში გადაკარგულ თანამემამულეებს.
გკოცნი,
ნათ
denziro
19.05.2003, 21:43
სამოგზაუროდ ვიყავ და მიტომაც ვერ მოვახერხე კლუბში შემოხეტება.
ცხრა მთას იქით ვიყავიო რომ იტყვიან თითქმის ისე იყო. სოფლიდან მეშვიდე მთა რომ მოჩანს იქ ვიყავი და კაი 2 კვირა გავიდა ამ მისვლა -მოსვლაში.
მთას არ ვიცი რა ქვია.. ალბათ არც არაფერი. ჩვენებური ხალხი რატომღაც მწყრალად იყო მგონია სახელებთან და ისე აქა-იქ შერჩევით თუ არქმევდნენ ალბათ სახელებს ამა თუ იმ ალაგს. არ ვიცი, იქნებ რამე მიზეზიც იყო დაფარული ამაში, თუ უბრალოდ მთაში გსვლა მხოლოდ აბრაგობისას არ ეზარებოდათ თუ რა? მოკლედ ფაქტია რომ ამ მთას არ ქვია სახელი და არც გამიგია ოდესმე...მე დავარქვი მეშვიდე, ალბათ გასაგები მიზეზების გამო. მეექვსე მთას კი გავლისას, ისე ხათრისთვის მერეთი შევარქვი...
დაბრუნებულზე კი ველოდიმ შემომბღვირა, გავიტანჯე შენი ორი კინკილა საქონლის მოვლითო. არა ხმამაღლა კი არ უთქვამს, უბრალოდ თვალებში ჩამალა თორემ საჩუქარზე რას წუხდებოდი შე კაი ადამიანო, თორემ მეც ჯოგები მომაბარე ახლა სამწყემსადო...
მოკლედ, როგორც იყო: ალბათ წესია ასეთი და თუ ვინმემ წესი არ დაიცვა მაშინ არც წესი იქნება და არც ტრადიცია. რა მოხდა თუკი ზოგიერთი წესი უწესობა უფროა ვიდრე სხვა რამ მაგრამ წესად ითვლება და შენც უნდა მიყვე ამას... ეს იყო ველოდის მთელი არსების დედააზრი და მეც ზანტი გაღიმებით თუ ვახვედრებ რომ არც არაფერი...
სახლში მიბრუნებული კი თითქოს სულ სხვაგან მოვხვდი, ისე შეცვლილიყო იქაურობა. ეს ხასხასა მწვანე მაინც რაა?
იქვე აივანზე გამოდგმულ ქოთნებში წასვლამდე ჩარგული ყვავილები კი რომ იტყვიან კანში ვეღარ ეტევიან და მეც გამეხარდა.
ახლა საღამოებს უფრო გარეთ ეზოში ძველი მსხლის ქვეშ მოწყობილ მაგიდასთან ვატარებ ანა სულაც აივანზე.
რომ ჩამოღამდება, ისე რომ არაფერი ჩანს ერთ ნავთის ე.წ. ლამპას დავიდგამ და მწერთა ღამისეული ხმაურიც სასიამოვნო ხმათწყობად უფრო აღიქმება ვიდრე მომაბეზრებელ კაკაფონიად...
მოკლედ...
მე ვზივარ და ვზივარ.
ახლა ვწერ, არა წეღანაც ვწერდი, როცა ვიჯექი.
შენ ზიხარ. შენც კი ზიხარ. ან ზიხარ კიდეც და აკაკუნებ და აკაკუნებ.
ზედაც არ მიყურებ.
მე კიდე ვწერ და ცხვირს ვიხოცავ.
რა კარგია, აღარ წვიმს.
ცა მოიწმინდა მაგრამ მცივა.
ხვალ კარგი ამინდი იქნება. ვითომ?
მე მინდა რომ ხვალ კარგი ამინდი იყოს... შენ არ გინდა?
შენ წვიმა გიყვარს?
აბა, წვიმას რომ არ გევხარ? შენ მიწას გევხარ.
მე მიწა მიყვარს, წვიმა არა.
იცი, უკვე გაზაფხულის სუნია.
შენ კი ისევ აკაკუნებ.
თან დაგიპრაწავს თვალები, აგიპრეხია თითები და კომპიუტერის კლავიშებს ეკეკლუცები.
კი არ უნდა ეკეკლუცო, უნდა დაარტყა!
გაოცებული, გაფართოებული თვალებით შესცქერი ეკრანს.
რამე ახალი ნახე?
პირიც კი დაგიღია ოდნავ. თავსაც ამოძრავებ გვერდით-წინ-ქვემოთ...
მე ისევ ვწერ.
- ხელს ხომ არ გიშლი ჩემო ძმაო?
ახლა ვიღაც მოვა. ნამდვილად შემოაღებს ვინმე კარს, შემოკეკლუცდება ან შემოაბოტებს.
ბნელდება.
რაღაცამ გაიჩხაკუნა, გაიწკარუნა.
აი, ვიღაც მოდის. შემოაბოტეს.
მოგაცდინეს და ალბათ ნერვებიც აგიშალეს.
გაიღიმე.
გთხოვ კიდე...
ვაიმე!.. გენაცვალე მაგ ღიმილში.
გააბოტა.
ახლა ხმით იცინი. ზოგჯერ თითქოს წაუკივლებსავით კიდეც.
დგას ნიკა.
იცინის თუ იღიმება?
განუყრელი ქუდით.
კარგი ბიჭია ნიკა: კეთილი და ცოტა გაქნილი.
გილოცავ დაბადების დღეს....