QUOTE
On `2004-03`-09 13:47, Laki wrote:
ეს ჩემი მეგობარი (შუა ასაკის) არის ერთ-ერთი საშუალო მქონე ფირმის ხელმძღვანელი და ამ ერთი თვის წინ სამსახურში მიიღო ახალი (ახალგაზრდა)სასიამოვნო გარეგნობის თანამშრომელი გოგონა... ვითარება თითქოს ბანალურია მაგრამ საქმე იმაშია,რომ ამ ჩემს მეგობარს ეს გოგონა შეუყვრდა,(უცოლოა) და ახლა დადის თავგზააბნეული და რჩევას მე მეკითხება
ცოლის არჩევისას ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი შენს მეგობრებთან მისი თავსებადობა უნდა იყოს. ამ ფორუმზე ჩემ რაციონალურ აზროვნებას ბევრი სკეპტიკოსი ყავს, მაგრამ დავფიქრდეთ ასეთ სცენარზე:
1.მოიყვანე ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი, რომელიც შენ მეგობრებთან საერთოს ვერ ნახულობს. მიზეზი ბევრია: ასაკში განსხვავება, ერთიანი იდეალების უქონლობა. თანაც, ბოლო 15 წელიწადში დიდი კატაკლიზმები მოხდა. ჩემმა სტუდენტობამ სულ სხვა გარემოებებში ჩაიარა, ვიდრე 5 წლით ადრე შესულებისამ, ან 5 წლით გვიან გასტუდენტებულებისამ. ჯამში, მეგობრების სტუმრობა იკლებს შენს ოჯახში. შენც ისე ხშირად ვერ ივლი, რადგან ცოლის სახლში მარტო დატოვება ტეხავს, ცოლთან ერთად სტუმრობისას კი ისეთ სიამოვნებას ვეღარ მიიღებ.
ამიტომ, ცოლის შერთვის წინ უნდა აწონ-დაწონო, შეძლებს თუ არა ახალი მეუღლე შენი მეგობრების წრეში შერწყმას და მასში თავისი წვლილის შეტანას? თუ არა, მაშინ ძალიან ბევრს იხდი (ფულს არა, სიამოვნებას) ახალ ცოლში.
თუ მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრებას აპირებ, მაშინ მეგობრებთან თავსებადობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნათესავებთან. მაგრამ თუ დედ-მამას უნდა მიუყვანო სახლში, ან თავად გადაბარგდე მასთან, მაშინ ვერც ისე კარგადაა საქმე. რაც არ უნდა ეცადოს რძალიც და დედამთილიც, ინტერესების კონფლიქტი მაინც იარსებებს. ოჯახში ერთი დომინანტი კაცი და ერთი დომინანტი ქალი უნდა იყოს. რადგანაც დომინირებული ყოფნა არავის სურს, ამიტომ რძალი და დედამთილი არამდგრადი ოჯახია. მოკლედ, ამ ყველაფერზე იმდენია ნათქვამი და დაწერილი, რომ აღარ გავაგრძელებ.
ცოლის შერთვისას უნდა გაითვალისწინო, რამდენად შეესაბამება ახალი ოჯახის შემოსავალი მისთვის მისაღებ ცხოვრების წესს. ეს უკანასკნელი კი იგივე არაა, რაც შეუღლებამდე არსებული ცხოვრების ნირების მათემატიკური ჯამი. გათხოვებამდე ქალებს სხვა სტრატეგია და ფასეულობები აქვთ, ვიდრე ქმრის პოვნის შემდეგ. იგივე ითქმის კაცზე.
შეყვარებულ მეგობარს რაც შეეხება. თუ ბიზნესი იმ კაცისაა, და ქალი თანამშრომლად აიყვანა, ჯობია, ახლავე მიიღოს ზომები თავისი გრძნობების გადასალახავად. ზემდგომის სიყვარული ქვემდგომს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს. უარის თქმას სამსახურის დაკარგვა შეიძლება მოყვეს. ჩვენ დროში კი ეგ კარგი ამბავი არაა, მითუმეტეს, თუ სამსახური კარგ ფულს იხდის და ზრდის პერსპექტივა აქვს. ამიტომ ქვემდგომმა შეიძლება ტყუილებს მიმართოს. და ამ სიცრუეებზე მთელი ურთიერთობა შეიძლება აიგოს, სადაც ცალი მხარეს ერთ რაღაცას ფიქრობს, მეორე კი სულ საწინააღმდეგოს. ქალი იფიქრებს, მოდი შევხვდები, წავიდეთ რესტორანში. რომ არ მივცემ, იქნებ მომეშვას კიდევაცო. კაცს კი ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჟინი გაუღვივდება.
ლაკი, შენ ახსენე, რომ კაცი ქალზე გაცილებით უფროსიაო. ის ქალი თუ ჭკვიანი და ამბიციურია, თავისი თავი იმ კაცზე უფრო მაღალ თანამდებობაზე ან უფრო დიდი ბიზნესის სათავეში ექნება წარმოდგენილი, როცა ასაკით გაუტოლდება შენ მეგობარს. მაგიტომაცაა, რომ ასაკში დიდი განსხვავება ცუდია ოჯახისთვის. უფრო ასაკიანმა უკვე კარგად იცის, ამ ცხოვრებაში რისი მიღწევა შეუძლია, და რისი შანსები აქვს. ხოლო ახალგაზრდამ ჯერ არ იცის. როგორც წესი, ხალხს უფრო ოპტიმისტური იმედები აქვს, ვიდრე მათი მონაცემები იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ, ახალგაზრდა მეუღლე რამდენიმე წლის მერე თავს დაჩაგრულად იგრძნობს ოჯახში. ეს ჩვეულებრივი ფრუსტრაციაა, ზრდის და დაბრძენების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ახალგაზრდა მეუღლე თავისი ზრდის პროგნოზირებულზე დაბალ დონეს უფროს თანამეცხედრეს მიაწერს.
და, კიდევ ერთი რჩევა მეუღლის მაძებართათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოლს/ქმარს ესმოდეს შენი პროფესია, რატომ ხარჯავ ამდენ დროს სამუშაოზე, ნაცვლად იმისა, რომ ოჯახს მოახმარო. მითუმეტეს, თუ სამსახურს შემოქმედებითი ხასიათი აქვს (მეცნიერება, ხელოვნება, ...). ასევე, მეუღლეები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის ჰობებს (გატაცებებს). ზოგს ნადირობა უყვარს, ზოგს თევზაობა, ზოგს კი მოდების გამოფენებზე სიარული. აუცილებელი არაა, რომ ცოლი გვერდზე დაისვა და "პაპლავოკს" აყურებინო რამდენიმე საათი, ან ტანსაცმლის მაღაზიაში მოკვდე უსაქმოდ ყოფნისგან. უბრალოდ, არ უნდა დაუშალო, და გაგებით მოეკიდო ამა თუ იმ აქტიურობის მნიშვნელობას მეუღლის ბედნიერებისათვის.
ბევრი გამომივიდა, მაგრამ რას იზამ. ოჯახი რთული საქმეა.
შენი მეგობარი კი, ლაკი, წააგე/წააგე სიტუაციაშია. თუ ის ქალი პატიოსანია, მაშინ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნება. თუ უპატიოსნოა, მაშინ აქეთ იხმარს შენ მეგობარს. ეჭვები და (ქვეცნობიერად) ძალდატანების ფაქტორი კი ყოველთვის იქნება.