პიცერია
სექტემბერი 22nd, 2008
ქრისტინა გარუჩავა
პიცერია. გოზლენის ქუჩა, პარიზი. მაგიდები ქუჩაშია გამოტანილი და აქ მწეველები სხედან. შენობაში მოწევა აკრძალულია. ტურისტების ჯგუფი შედის პიცერიაში. ოთახი, რომელიც შეარჩიეს, შენობის სხვენზე მდებარეობს. ოთახი აგურითაა ნაშენი და ფანჯრები არ აქვს.
კედლებზე ნათურებია და სურათები, რომლებზეც ასახულია მებადური, ზღვაში გაჩერებული გემი და მზის ჩასვლა, ნავსადგური ზღვის სანაპიროთი და ქოხებით. ოთახის ცენტრში დგას სამი მაგიდა და 19 სკამი.
იაპონელი გოგო კედლის კუთხეში ჯდება. ყველას სათითაოდ ურიგებენ მენიუს, ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. მენიუში პიცის ნაირსახეობაა - პიცა ყველით, პიცა მაკარონით და მოცარელათი, პიცა სოკოთი, პიცა თევზით.
კედლებზე მიხატულია თევზები. მაგიდები გაწყობილია თეფშებით, რომლებზეც ლოკოკინები წრეს ხაზავენ და პიცის ფორმას იღებენ.
საწვენე დგას თეთრ ხელსახოცზე. დანა-ჩანგალი გახვეულია მეორე ხელსახოცში. იაპონელ გოგონას ხელსახოცს კი ნიჟარები ახატია. საპირფარეშოში ნიჟარას არ აქვს ონკანი - მის ნაცვლად ღილაკია, რომელზე თითის დააჭერით წყალი მოდის და 10 წამის შემდეგ ავტომატურად წყდება.
მომსახურე პერსონალმა ქუდსა და წინსაფარში იაპონელ გოგოს თევზის პიცა მიართვა. კედლებზე, თეფშებზე, ყველგან, თევზებმა მოიყარეს თავი.
პიცერია აკვარიუმს დაემსგავსა.
იაპონელმა გოგომ ხელები ნიჟარებიანი ხელსახოცით გაიწმინდა, გაიკეთა წითელი სათვალე და პიცერიიდან გავიდა.
ქუჩაში დადგმული მაგიდები, სადაც მწეველები სხედან, ლუდი, ყავა, წითელი ღვინო და სხვადასხვა სახის ყველი, სიგარეტის ცისფერ ბოლში გახვეულ დიდ პიცას ჰგავს. იაპონელი გოგო წითელი სათვალით კუთხის მაგიდასთან ზის. სიგარეტს არ ეწეევა.


