ვუყურებ კავკასიას და მაესტროს საშუალებით მიტინგზე სიტყვით გამომსვლელებს, ვუსმენ ხსენებულ ტელევიზიებში, გამოკითხვებში მონაწილე მოქალაქეებს, ბრალიანებსა და უბრალოებს და ვხვდები, რომ ეს ქვეყანა, საერთო პრობლემების გადაჭრას ვერასოდეს ეღირსება, რადგან მხოლოდ კერძო პრობლემებია პროტესტების საძირკველი. ვინც მოასწრო და მიშას მატარებელში ჩაჯდა იხეირა, ვინც მოასწრებს ეხლა და საკანში ჩაჯდება, უახლოეს მომავალში მისი ხეირობის დრო მოვა. მერე ვიღაცის ფანტაზიით ახალი მატარებელი და საკანი გამოჩნდება და ვიქნებით ასე! რამდენი მთავრობა შევცვალეთ?! ღირსეულიც, უღირსიც, სამჯერ გადაბრუნებული ურმის მერეც რომ არა ჩანს გზა, რა ბედნიერია ის, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ გზას ხედავს.
აი, ერთი ქალბატონი გამობრძანდა გუშინ და ხოტბა და დიდება უძღვნა ქიბარ ხალვაშს. გულწრფელი იყო! ალალად სთქვა, რომ მისი ხსნა ქიბარ ხალვაშშია და მხურვალედ შეევედრა, არ დამივიწყოო

ეს ქალბატონი იმის იმედით დგას მიტინგზე, რომ ქიბარის დაბრუნებისა სჯერა, ისაა მისი ხსნა, რადგან იმედი აქვს სამსახური დაუბრუნდება.
აი, მოროშკინა ცხარობდა მწარედ. მე აზრს არავინ აღარ მეკითხებაო, ბოლოსდაბოლოს მინისტრის მოადგილე ვიყავიო. როგორც მე დამტოვეს აბსაიტში, ეხლა მიშას მომხრე კითხული საზოგადოებიდან, ოპოზიციისკენ რომ მოფორთხავენ ზოგიერთები, რა გამოდისო?! ჯერ მიშასთან იყვნენ თბილად, გადმოვლენ აქეთ და ახლა აქეთ იქნებიან კარგად და მე ისევ აბსაიტშიო?! თუ კარგია, ეხლა ეგენი იყვნენ აბსაიტშიო.
აი, დარეკა ერთმა ქალბატონმა და ჟურნალისტს უთხრა, ტენდენციური ხარო. იწყინა ჟურნალისტმა, მე სუბიექტური ვარო! სუბიექტურობის უფლება არავის ჩამოურთმევია მისთვის, მაგრამ როცა გადაცემა მიგყავს, დავიჯერო სუბიექტურობის გამოხატვა ჟურნალისტის დარგში, ე.წ. ეტიკეტის დარღვევა არაა?!

მაესტროს სუბიექტური გრძნობების ვერდამფარავის მეტი ჟურნალისტი არა ჰყავს? დაჯექი მოწვეულ სტუმრებთან ერთად შე დალოცვილო და სთქვი შენი სუბიექტური აზრი, გიშლის ვინმე? აცალე შენი წასაყვანი გადაცემა, სხვა, თუ არსებობს ეგეთი, სუბიექტური გრძნობების მოთოკვის უნარის მქონემ წაიყვანოს, განა უფრო დამაჯერებელი არ იქნება შენი ტელეკომპანიის მიუკერძოებელი ხასიათი?! მაგრამ სადაა მიუკერძოებლობა? ეგეთი რამე საქართველოს ისტორიაში არ არსებობს და მაესტრო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, რა საჭიროა? ვინ დაუფასებს? ეხლავე თუ არ ჩაყარე საძირკველი, სამთავრობო ტელევიზიობას ვინ გაღირსებს მომავალში და მე თუ მედიის თავისუფლება სხვანაირად მესმის, მე ვინა ვარ? როდის ვიყავი კითხული? ან როდის მდომებია კითხულად ყოფნა?
დანაშაულია განა, საკუთარ ქვეყანაში ღირსების გრძნობით ცხოვრება რომ მინდოდეს ისე, ყოველ მიტინგზე რომ არ ვიბრძოლო იმისათვის, რომ ვიყო კითხული?! არ მინდოდეს მინისტრობა, მთავრობის წევრობა, გავლენიანობა, ელიტის წევრობა? დანაშაულია თუ ბუნებრივი, რომ მინდოდეს ნიჭი ფასდებოს და ეს იყოს განმსაზღვრელი არა მინისტრის, არა მთავრობის წევრის, არაგავლენის, არაელიტწევრობის ვაკანსიაზე?! ეგეთი ვაკანსიებიც ხომ არსებობს ცხოვრებაში? რისთვის უნდა ვიარო მიტინგზე? ვისთვის? მე რაც მინდა, იმდენად ბუნებრივია და აუცილებელი ნებისმიერი მოკვდავისთვის, რომ გასვლა საამისოდ სასაცილოა, მაგრამ მაინც უნდა გავიდე? და თუ ვიცი რომ ამ ბუნებრივ და აუცილებელ სურვილს არავინ ყურად არ იღებს, რომც მივიდე მიტინგზე კიდევ უფრო სასაცილო არ იქნება? მაგრამ სხვისთვის უნდა მივიდე? ასეთია ჩემნაირების ხვედრი?! მათემატიკის გამო?! რათა სიმრავლეში დავემატოთ?
ვიყავი ეროვნული მოძრაობის ერთი რიგითი, ჩუმი წევრი, სიცოცხლე შეგნებულად დამიდია სასწორზე, რადგან მეგონა, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის დაიდებოდა ერთ ფიჩხად, მისი ბედნიერი მომავლის კოცონზე. ეს მე აუცილებელი მეგონა! ჩემი ვალი მეგონა ჩემი სამშობლოს წინაშე. როცა დავიჯერე, რომ ეს ნანატრი თავისუფლება მიიღო ჩემმა ქვეყანამ, წავედი, ჩემი საქმე გავაგრძელე. არავისთვის მომითხოვია, კოცონზე დაწვას რომ ვაპირებდი, დამიფასეთ თქო. მერე ყველაფერი აირია, სისხლის მდინარეებმა დაიწყო დენა. ვაი რომ ეს მდინარეები სულაც არა სჭირდებოდა არც ქვეყანას, არც მის მომავალს. ვიღაცისა და ვიღაცეების სკამებს დასჭირდა. დაუნდობლად და ბოროტი ანგარიშით, შეგნებულად გაიწირა რამის 2 თაობა, თუ მეტი არა. არავისზე ნაკლები განათლება არა მაქვს და სიტყვაც არ მიჭრის ურიგოდ კაცმა რომ სთქვას. შტერი ვყოფილვარ ეტყობა, უნდა გამოვსულიყავი მიტინგებზე, უნდა მებრძოლა სკამისთვის, თურმე ამგვარი ბრძოლის გარეშე, ამგვარი მეთოდის გარეშე ვერასოდეს ვერ იგრძნობ თავს ღირსეულად, რადგან სკამია ღირსება, სკამისთვის ბრძოლაა ღირსება, ხოლო მისი მოპოვება უკვე გმირობა!
დიალოგიო... რა დიალოგი, რომელი დიალოგი?! რაზე? მიშას სკამზე? ვანოს სკამზე? ლევანის სკამზე? კობასი თუ გოგას სკამზე? ირაკლის თუ ეკას სკამზე? იქნებ მოროშკინას სკამზეც? სალომეს ხომ ვერ დატოვებთ უსკამოდ, სოპრანოს თან დირიჟორის ჯოხიც დასჭირდება! ნინოს სკამი საერთოდაც მემკვიდრეობით მოსდგამს და ასე! მაგას რათ უნდა დიალოგი? მაგას რაც უნდა არ ვიცით განა? ვიცით! ისე კარგად ვიცით თანაც, უმარტივეს ლექსს ვერ დაიზეპირებ ეგრე. ტყუილად ეძებს გამოსავალს ისიც კი, ვინც გულწრფელია ამ გამოსავლის ძიებაში, რადგან ეს ძიების პროცესი გულწრფელობის გამო არ დაწყებულა.
სულაც არა ვარ პესიმისტი. პირიქით, ოპტიმისტი უფრო მერქმის. მჯერა, რომ როდესმე გამოსავლის ძიება გულწრფელი მძიებლისაგან, გულწრფელ გამოუსავლობის ნიადაგზე დაიწყება და იმ დროისთვის გამოსადენი სისხლი გამოსული იქნება სრულად. ჯერ ისევ ის მდარე სისხლი მოდის რაც დიდი ხანია დგას კოკაში და ჯერ ბოლომდე არ გადმოღვრილა. მიშა სააკაშვილს ერთი ჩემნაირი მრჩეველი მაინც რომ ჰყავდეს ეხლა, ვისაც დაუჯერებს და თუ არ ჰყავს, მე ხომ ვყავარ!

წადი მიშა! მთელი შენი მთავრობით წადი! ყველა შენს ცოდვას გამოისყიდი ამ წასვლით, თუნდაც ციხედ დაგიჯდეს, თუ შენსავით გულმოწყალენი არ აღმოჩნდნენ გადამდგარი პრეზიდენტის მიმართ

სხვა რომ არაფერი, ციხეში წასვლა მარტო განათლების რეფორმების გამო გეკუთვნის ალალად! აცალე მოვიდნენ! აცალე მოვიდნენ ყველა ერთად, ერთხელ და უკანასკნელად! თუ მაინც გგონია, რომ რამე გააკეთე ამ ქვეყნისთვის, რა შუაშია ეგ გაკეთებული საქმე მე თუ არ მჯერა, სამაგიეროდ ის მჯერა, რომ წასვლით მართლაც გააკეთებ ისეთ დიდ ეროვნულ საქმეს, წარმოდგენაც რომ ჭირს ამ წამს. ისე, თუ იჩქარებ ჯობია, არაა გამორიცხული დაერიონ ერთმანეთს და გმირობის შანსსაც ეგ არევ-დარევა წაიღებს.