დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
გვერდი: 1, 2, 3, 4
Fruktik
ციტატა(jete_plie @ 18.12.2009, 1:09) *
გენია იყო ფიროსმანი მაგრამ ქუჩაში არ დადიოდა და არ ყვიროდა შემომხედეთ მეფე ვარო smile.gif ნუ ფიროსმანი ეხლა ვინც მოვიდა გახსენებაზე ეგ დავწერე თორე რამდენი გენია გვყავდა და რამდენ უნიჭოზე ბევრად თავმდაბლები იყვნენ. არაჯანსაღი ამბიცია და ამპარტავნება ერთიორად ამდაბლებს შემოქმედს.


ანუ შენ გინდა თქვა, რომ გალაქტიონი არ იყო გენია იმიტომ რომ იზახდა მეფე ვარო? d.gif

და ფარისევლად თავმდაბალი საშუალოსტატისტიკური ადამიანის როლი რომ ეთამაშა ეგ მას აამაღლებდა?


რავიცი პუშკინიც იზახდა: я памятник воздвиг себе нерукотворный

და ამის გამო პუშკინიც არა იყო გენიოსი?

მოცარტიც იზახდა გენიოსი ვარო d.gif და შალაპინიც და პაგანინიც და გოიაც და ბევრი ბევრი ბევრი ამოვშალოთ მაშინ ყველა...

რაც ხაარ იმას რომ უწოდებ შენ ტავს ეგ არაა ამპარტავნობა.
ჯანმრთელ ამბიციაში კიდევ + ების გარდა მე ვერაფერს ვერ ვხედავ
Fruktik
ფიროსმანს რაც შეეხება... იყო გენიალური ნიჭის მატარებელი, როგორც მირზა გელოვანი, მაგრამ ერტს ხანმოკლე ცხოვრებამ მეორეს უსწავლელობამ და უფულობამ სამეფო ტახტზე ასვლაში ხელი შეუშალა. smile.gif))

ფიროსმანი საქართველოში არა და სიტყვაზე ფლორენციაში დაბადებულიყო სხვა სახელი ექნებოდა მსოფლიო არენაზე smile.gif
jete_plie
ჯანმრთელი ხო, არაჯანსაღზე მაქვს საუბარი.
სხვისი არ ვიცი და ჩემ თვალში მართლა მდაბლდება ადამიანი რომელიც იტყვის გენიოსი ვარო.

ანუ, გალაკტიონის ამბიციები უფრო დიდი იყო ვიდრე მისი შესაძლებლობები.

წითელი დროშით
სინათლის მფენი
უძლეველ შრომის
მშვენებით ჰშვენი.

ხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს, -
ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს!
ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს!
ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, მსოფლიო მალე
საბედისწეროს გაიგებს ხმასა, -
ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენა ვართ
მშრომელი მასა!


ხო, აი ამეებს და კიდევ მსგავსებს რომ ვკითხულობ....
jete_plie
და სასახლეთა გოდება მოდის!
ლენინი მოდის!
მოდის სიკვდილი ბურჟუაზიულ
ციხე-ბორკილის და ეშაფოტის!
იმ მატარებლით მოდის ნამგალი,
იმ მატარებლით ჩაქუჩი მოდის!
ლენინი მოდის!
თავისუფლება და ზავი მოდის!
ამხანაგებო, ლენინი მოდის!
ლენინი მოდის!

არ მითხრათ ეხლა რო ამას გალაკტიონი გულიდან წერდა.
Fruktik
smile.gif)) აი შენ ამას რომ მიხვდები რა იყო და რატომ, მერე ვისაუბროთ ამ თემაზე smile.gif))
jete_plie
ანუ მე მიყვარს გალაკტიონის ლექსები (ყველა არა) თუმცა არ ვთვლი რომ ის იყო მეფე. და არ ვცემ პატივს როგორც პიროვნებას.

smile.gif
jete_plie
ციტატა(Fruktik @ 18.12.2009, 1:33) *
smile.gif)) აი შენ ამას რომ მიხვდები რა იყო და რატომ, მერე ვისაუბროთ ამ თემაზე smile.gif))



ფრუკტიკ smile.gif არ გვინდა ეხლა მსგავსი წინადადებები. მერე რა რო სხვადასხვა აზრი გვაქვს smile.gif
Fruktik
ციტატა(jete_plie @ 18.12.2009, 1:35) *
ფრუკტიკ smile.gif არ გვინდა ეხლა მსგავსი წინადადებები. მერე რა რო სხვადასხვა აზრი გვაქვს smile.gif


სხვადასხვა გამოცდილება smile.gif

და ცუდად არაფერი მითქვამს wink.gif
Fruktik
გ. ტაბიძეს

მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით,
თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,
გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ რიდის,
ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს.

არ შეედრება ის ქარი ამ ქარს,
როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით -
თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,
და თქვენს ხმებს მე და ჩემი ლექსები.

მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნიშით,
მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც,
თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი,
თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორცხვე მახლავს.

და როცა სიკვდილს ვამარცხებ ერთი,
როს კვლავ იმედი ასიათასობს,
თქვენ გიგონებთ და ცას იმერეთის,
ბრძენო მაღალო, ცაო ძვირფასო!

აქაც დავდებ ამ ლექსს რადგან ორივე იყო ნახსენები smile.gif
Lubov Popova
ციტატა(jete_plie @ 18.12.2009, 2:32) *
და სასახლეთა გოდება მოდის!
ლენინი მოდის!
მოდის სიკვდილი ბურჟუაზიულ
ციხე-ბორკილის და ეშაფოტის!
იმ მატარებლით მოდის ნამგალი,
იმ მატარებლით ჩაქუჩი მოდის!
ლენინი მოდის!
თავისუფლება და ზავი მოდის!
ამხანაგებო, ლენინი მოდის!
ლენინი მოდის!

არ მითხრათ ეხლა რო ამას გალაკტიონი გულიდან წერდა.


მაგას წერდა თავისი პირველი ცოლივით რომ არ გაეციმბირებინათ. ისე მაგარი საკაიფო ლექსია, თან რომ წარმოიდგენ, რომ გალაქტიონის კალმის ნაყოფია lool.gif

ამ ლექსების დადება ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა ქონტექსტიც გაურიეთ: რამ დააწერინე გარკვეული კონკრეტული ლექსი, რა სტადიაში იმყოფებოდა ამ ლექსის დაწერისას, იქნება ეს ირიბი გზავნიალია ვინმესთვის და ა. შ.
juzi

მოხუცი ქალი

ყოველ საღამოს მოხუცი ქალი
ალბათ სდგას სენის ნაპირებს იქით,
დღემ ლალისფერი დახუჭა თვალი
და აელვარდა ალების ჭიქით.
არის პატარა, სულმთლად პატარა
და მთლად შავებით არის მოსილი,
ვინ იცის, ბედმა სად არ ატარა
სიდან მოსული?
ახლა არავის არ უცქერს იგი,
თითქოს ვერ ხედავს ვერავის გზაზე,
თითქო არც ხმა აქვს, არც გული უძგერს
არ ეშინია
და ან ვერ ბედავს.
პირჯვარს არ იწერს მონ-მარტის კართან.
არც თავდახრილი
სდგას გარინდებით,
ვერაფერს ხედავს იმ ფიქრის გარდა,
რაც დაიბურა
წლების ბინდებით.
სჩანს, არ ასვენებს რაღაცა აზრი,
რაღაცა მწარე
და საშინელი
წარმოდგენისა
მახვილი, ბასრი
ცივი და ძნელი.
სჩანს, რაღაც ღრმა და განუკურნელი
გულს მწუხარება
ღრღნის დაფარული,
მისთვის არავინ არის მკურნალი.
სახე ნაოჭით
გადაბარული,
სჩანს, არავისგან ნუგეშს არ ეძებს
და ვერავისიც რამე ნუგეში
მწუხარებაში განცდებს ასკეცებს,
ვერ გადაიყვანს
სიმსუბუქეში.
სჩანს, არც სიცოცხლე მიაჩნის არად,
თუმცა ვინ იცის
სიცოცხლე მისი?
ომში მოკლული შვილების ხსოვნამ
გაანადგურა
მთელი ხალისი.

გუთანო
ციტატა(jete_plie @ 17.12.2009, 19:51) *
მეც ვიტყვი მეფე ვარ თქო მაგრამ ვარ?

მირზა ბევრად უფრო მრავალფერვანი და საინტერესოა ჩემთვის და ტერენტი. ნუ ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს.

თუ "მთაწმინდის მთვარით" იტყვი და მას რამდენიმე ათეულ შედევრს დაურთავ, იქნები smile.gif
თუ შენს შემდეგ ქართული პოეზია წავიდა შენი გზით, თითქოს სხვა გზაც არ ჩანდეს - იქნები smile.gif
თუ მაქსიმალურად ამოწურე თანამედროვე პოეტური სიტყვის შესაძლებლობები, ვერლიბრიდან ვირტუოზულად აჟღერებულ სტრიქონებამდე - იქნები smile.gif
თუ შენ გაქვს უღრმესი ქვეტექსტი და დიდი სინათლეც, ვაჟკაცური ომახიც და უნატიფესი სინაზეც, ამაღლებული ტონიც და ზომიერი ირონიაც, მსოფლიო ლირიკის გამოძახილიც და ხალხური პოეზიის სურნელიც - იქნები smile.gif
მირზაც და ტერენტიც უზომოდ მიყვარს და მათ არაფერს აკლებს გალას "მეფობა".
მესმის "მეფობის" ამბიციურობის, მაგრამ ამბიცია ვერაფერს აკლებს მის სინამდვილეს.
დალიმაც თქვა - 25 წლისა დავრწმუნდი, რომ გენიოსი ვიყავი და მას შემდეგ ერთხელაც არ დავეჭვებულვარო - მაგრამ განა აკლებს ეს რამეს მის არაორდინალურ ნიჭს?!
ბევრმა სხვამაც გამოაცხადა თავი "მეფედ", უბრალოდ ზოგი იყო და ზოგი არ იყო.
გალაკტიონისთანა პოეტი საუკუნეში ერთხელ იბადება.
მას აწუხებდა ეს გრანდობა: "ვწუხვარ, ერთადერთი ვარ"-ო, წუწუნებს.
მე უზომოდ მიყვარს გალაკტიონი, ფანატიკურად, მაგრამ მეფედ იგი მხოლოდ ჩემს ფანატიზმს არ უკურთხებია.
გუთანო
ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან



- ბატონო ვახტანგ, როდის დაიწყეთ ,,უცნობზე’’ მუშაობა და როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა?

- მე გახლდით გალაკტიონის უკანასკნელი რჩეულის შემდგენელი და რედაქტორი. რედაქციაში მუშაობა 1956 წელს დავიწყე, 1957 - ში კი გალაკტიონი რედაქციაში მოვიდა და მთელი თავისი მასალები მოიტანა. სურდა ყველაფერი ერთ ტომად გამოეცა. ძალიან უყვარდა დიდი წიგნები, მისი ოცნება იყო, ძალიან დიდი წიგნის გამოცემა - სრული კრებულის. 1958 წელს მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი სრულდებოდა (პირველი ლექსი ხომ 1908 წელს გამოაქვეყნა!) და სურდა საიუბილეოდ გამოეცა წიგნი.

გაკალტიონს სურდა ცხრა ტომის მასალა ერთ წიგნში მოექცია, რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რჩეულის შედგენა მე, ახალბედა რედაქტორს დამავალეს.

...გალაკტიონს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად შემხვედრია ქუჩაში. ერთხელ უნივერსიტეტში საღამო მოვუწყვეთ. მე ლქსი წავუკითხე, მან კი მეც და სხვა დანარჩენებსაც შუბლზე გვაკოცა (ძალიან უყვარდა პოეზიის საღამოები, სიამოვნებდა ყურადღება).

ნოდარ ტაბიძე ჩემზე ორი კურსით წინ იყო უნივერსიტეტში. მას კარგად ვიცნობდი. ერთხელ ნოდარი მოვიდა რედაქციაში და მას გალაკტიონი მოჰყვა. ასე გავიცანი გალაკტიონი. მას შემდეგ რედაქციაში ხშირად მოდიოდა, ეჩქარებოდა წიგნის გამოცემა: დამიჩქარე, ძამიკო, დამიჩქარე და მე ვიცი შენი პატივისცემაო, - მეტყოდა ხოლმე და მერე წელზე დაიდებდა ხელს, თითქოს ჯანმრთელობის გამო წუხდა.

ძალიან დიდ მასალასთან მომიხდა შეხება, ბევრი გამორჩენილი, გამოუქვეყნებელი ლექსი მოვიძიე და კრებულში შევიტანე. მოუთმენლად ველოდი გალაკტიონის შეფასებას, მის აზრს, როგორ მოეწონებოდა ჩემი შედგენილი რჩეული. გალაკტიონს შევთავაზე, რომ ლექსები ციკლებად დაგვეყო და პირველი ციკლის სათაური რომ ვუთხარი, ფეხზე წამოდგა ხელი ჩამომართვა და მითხრა: მომილოცავს, ძამიკო! ასე განმეორდა, როცა სხვა ციკლთა სათაურები გავაცანი. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი, მართლა კმაყოფილი იყო. მას არც კი გადაუხედავს, რომელი ლექსები შევიტანე კრებულში და რომელი - არა, თითქოს ამბობდა: რაც არ უნდა შეიტანოთ, ცუდი მაინც არ გამოვაო. გარდა ამისა არ დაობდა თარიღებზე. მივხვდი, რომ გალაკტიონი პასიური ავტორი იყო ამ საკითხში და გამომცემლებს დიდ თავისუფლებას აძლევდა, რითიც ცუდად სარგებლობდა კიდეც.

...50 წლის იუბილე ჩატარდა - საკმაოდ მკრთალი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ნახევრადსავსე დარბაზში. გალაკტიონი მაინც ძალიან კმაყოფილი იყო, თუმცა წიგნმაც ვერ მოუსწრო.

შემდეგ გალაკტიონი ხშირად ავადმყოფობდა და 1959 წლის თებერვალში უკანასკნელად იყო მოსული რედაქციაში. მალე გალკტიონმა თავი მოიკლა. წიგნი გაზაფხულზე გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ამას ვეღარ მოესწრო.

მე მინდოდა დამეწერა წერილი - გალაკტიონი, როგრც ავტორი, რათა გამეფრთხილებინა გალაკტიონის მომავალი ტექსტოლოგები, რომ არ დაყრდნობოდნენ შემდგენელთა და რედაქტორთა არჩევანს, რადგან ზოგი მათგანი თარიღს ცვლიდა, ზოგი რაღაცას აკლებდა, ასწორებდა და ა.შ. თანაც მე მინდოდა ჩემ მიერ შერჩეული ლექსების დედნები მენახა. ამ მიზნით მივედი ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მისი არქივი იმდენად დიდი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ შემიტყუა და წიგნის დაწერა გადავწყვიტე.


- რამდენი ხანი მუშაობდით ,,უცნობზე’’, როდის დაიბეჭდა იგი პირველად და რამდენი რედაქცია გამოიცა მას შემდეგ?

- წერა 1983 წელს დავიწყე. 1985 წელს ვაჩვენე ჩემს მეგობარ მწერალს, ბესიკ ხარანაულს, რომელიც ჩემი მეზობელი იყო. ერთი კვირის შემდეგ, როცა წიგნის შესახებ აზრი ვკითხე, ბესიკმა მითხრა, რომ წიგნი სულაკურთან მიეტანა და უკვე გამოსაცემად მზადდებოდა. რაღას ვიზამდი? ცოტა ხანში შეაჩერეს წიგნის ბეჭდვა, ალბათ ვიღაცის პირადი მოსაზრების გამო... ალბათ ვიღაცას არ სურდა, დაბეჭდილიყო სიმართლე გალაკტიონის მძიმე ცხოვრებაზე.

ორი წელი ,,უცნობი’’ სახლში მედო. 1987 წელს ქუთაისში, ჟურნალ ,,განთიადის’’ რედაქტორად დანიშნეს რეზო ჭეიშვილი. მან შემომთავაზა მასალის ,,უცნობის’’ ჟურნალში გამოქვეყნება. გადავწყვიტეთ, პირველივე ნომერში მთლიანად დაგვებეჭდა, რათა კიდევ ვინმეს არ შეეშალა ხელი.

1988 წელს ,,ნაკადულმა’’ გამოსცა წიგნად - 4000-იანი ტირაჟით.

წიგნზე მუშაობას ვაგრძელებდი, ვაგროვებდი მასალას, მოგონებებს...

1991 წელს გამოვიდა განახლებული და შევსებული გამოცემა.

1996 წელს ,,უცნობი’’ მესამედ გამოიცა, მაგრამ ვინაიდან ტექსტი დიდი იყო, ნახატები აღარ შევიტანე... I და II გამოცემებში ნახატები დავბეჭდე, რაც მკითხველისთვის მოულოდნელი იყო, არავინ იცოდა, რომ გალაკტიონი თავისთვის ხატავდა კიდეც.

დღემდე (ოცდახუთი წელია უკვე) ვმუშაობ გალაკტიონის არქივზე და ,,უცნობზე’’. ლიტერატურის მუზეუმმა გალაკტიონის ოცდახუთტომეულის გამოცემა ჩაიფიქრა და მე კონსულტანტად მიმიწვიეს. გარდა ამისა, გაისად უნდა გამოვიდეს უცნობის ახალი, შევსებული რედაქცია (გამომცემლობა ,,საარის’’ მიერ) და ამით ალბათ ჩემი ოცდახუთწლიანი მუშაობაც დამთავრდება.


- გალაკტიონზე ბევრი წიგნია შექმნილი. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ,,უცნობის’’ პოპულარობა?

- ეს იყო საზოგადოებისთვის უცნობი გალაკტიონი. გარდა ამისა, პირველად ითქვა სიმართლე მისი ცხოვრების შესახებ. როგორც მოგახსენეთ, მანამდეც ვიცნობდი გალაკტიონს, მაგრამ მისი არქივის გაცნობამდე, არ ვიცოდი, თუ როგორი ტრაგიკული პიროვნება იყო იგი. გავბედე, სიმართლე მეთქვა მისი ცხოვრების, მისი თვითმკვლელობის დეტალებისა თუ იმის შესახაბ, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მას. ალბათ ამიტომაა ეს წიგნი საინტერესო.

- გალაკტიონის ხსენებისას, პირველად რა ფიქრი იბადება თქვენ გონებაში?

- დიდი პოეტი, ტანჯული პოეტი, გენიალური პოეტი...

- ის ხომ უყვარდა ხალხს? მაშ რატომ იტანჯებოდა?

- სომხებს ჰყავდათ ერთი სახალხო პოეტი, ავეტიკ ისააკიანი, რომელსაც ემსახურებოდა მანქანა, მძღოლი, ჰყავდა მდივანი. გალაკტიონს ყურადღება მუდამ აკლდა. ხალხს თითქოს უყვარდა, თითქოს ყველა აფასებდა, მაგრამ სათანადოდ არასოდეს ყოფილა დაფასებული. გარდა ამისა, მას არ ჰქონდა ცხოვრების ნიჭი, თითქოს განგებამ სხვა ნიჭით დააჯილდოვა და სამაგიეროდ პრაქტიკული ცხოვრებისთვის საჭირო უნარი მოაკლო.

...ერთხელ ნათურა გადაეწვა და ამაზე მთელი ,,ტრაქტატი’’ აქვს დაწერილი: რატომ ჩაქრა, რა იყო მიზეზი და ა.შ. ეს უბრალო მოვლენა ტრაგედია იყო მისთვის.


- ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო...

- მართლაც რომ არ იყო... თავად ამბობდა: შეშლილივით ვიყურებიო... არანორმალური იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და კარგი გაგებით, ამოვარდნილი იყო ჩვეულებრიობის ჩარჩოებიდან, ნორმიდან. ნეტა ღმერთი კიდევ ერთ-ორ მასეთ არანორმალურს გვაღირსებდეს!..

- გალაკტიონის რომელი ლექსი გიყვართ ყველაზე მეტად?

- გალაკტიონს სამასამდე შედევრი აქვს დაწერილი. ძნელია ამოარჩიო საუკეთესო ლექსი... ,,ლურჯა ცხენები’’, ,,ეფემერა’’...

სამწუხაროა, რომ ლექსები, რომლებიც სახელმძღვანელოებში შეჰქონდათ, არ არის ნამდვილი გალაკტიონი. მისი ტკივილი, მისი გენიალობა სხვა ლექსებშია...

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, რომ გალაკტიონის შედევრებს თვით ვაჟა და რუსთაველიც ვერ დაწერდაო. ძალიან მაღალი შეფასებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ლექსი მუსიკალურ სამყაროსთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ეს გალაკტიონის შედევრებშია. გალაკტიონი აზრისა და მუსიკის საზღვარზე გადის... გალაკტიონმა ყველას ასწავლა უკეთესად წერა, თუმცა ყველა ამას არ აღიარებდა.


- თქვენი აზრით, რომელ წლებშია გალაკტიონი უკვე გალაკტიონი?

- გალაკტიონის შემოქმედება შეიძლება 4 პერიოდად დავყოთ:

I. მოსამზადებელი პერიოდი, როცა იგი, შეიძლება ითქვას, აკაკის მოსწავლეა.

II. 1915 - 1926 წლები, როცა მასში გენიამ გაიღვიძა. ამ პერიოდში მხოლოდ შედევრებს ქმნიდა.

III. 1928 - 1936 წლები - დაშინებული გალაკტიონი. ამ პერიოდში, ძირითადად, იდეურ ლექსებს წერდა.

IV. ბოლო ეტაპი, როცა დაიბრუნა თავისი ხიბლი და მართლაც სრულყოფილ ლექსებს წერდა.

მაგრამ 1915-26 წლები მაინც სულ სხვა იყო. სწორედ ეს გახლავთ გალაკტიონის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები.


- ახლა თქვენს პოეზიას შევეხოთ...

მაგრამ ბატონმა ვახტანგმა სიტყვა არ დაგვასრულებინა - ,,გალაკტიონის გვერდით?!” არანაირმა მცდელობამ არ გაჭრა, თუმცა ბატონი ვახტანგი დაგვპირდა, რომ სხვა დროს აუცილებლად გაგვესაუბრება თავის შემოქმედებაზე.
leli
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913
leli
დროშები ჩქარა!
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!
leli
თვალები


შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,

უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში...

და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ

უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის

ასე სასტიკად გექცევა ბედი,

რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,

რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,

რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,

მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ

ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი

გაუნელებლად იწვის და იწვის,

ასე იტანჯვის ორი არსება

და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.
leli
 ვპოეზია - უპირველეს ყოვლისა!
გალაკტიონ ტაბიძე


სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

სიკვდილივით მარადია სურვილი

მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

ყველაფერში შუქით შემობურვილი:

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!

თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის,

სიმღერები ხალისის და ბრძოლისა,

პოეზია - უპირველეს ყოვლისა!


1919
leli

 ქარი
გალაკტიონ ტაბიძე



თავგანწირული

მოჰქროდა ქარი

სისინით, შხამით.


კოკისპირული

წვიმა და ღვარი

მოვარდა ღამით.


მივდივარ, მკრთალი

სანთელი გაჰქრა

ჯერ ისევ გზაში;


ელვამ კლდეებზე

სინათლე გაჰკრა

და ჩაქრა მთაში.


იქ საარაკო

ქოხის საბური

ხომ არა სჩანდა?


არა! გორაკი

რამ უდაბური

ელვამ გალანდა.


შორეულ სახელს,

მე ვიჭერ სმენით,

ხმამ მიმიტაცა.


ვიღაც მეძახის

მშობლიურ ენით,

მეძებს ვიღაცა.


მაგრამ ო, არა,

ეს მგლოვიარე

ქარი ცახცახებს.


მედგრად იარე,

აქ შენ არავინ

არ დაგიძახებს.


კოკისპირული

წვიმა და ღვარი

გადივლის წამით.


თავგანწირული

ჩადგება ქარი,

გრძნობდე სიამით.
leli

 ქარი ჰქრის
გალაკტიონ ტაბიძე


ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?

როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს

ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!

შენი მე სახება დამდევს თან

ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!

შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!


1920
leli

 სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
გალაკტიონ ტაბიძე



დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

1917
leli
სერენადა
გალაკტიონ ტაბიძე


რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე,

ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ?

რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაში

სამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ?

ან რად მიტაცებს კარგი ოცნება

და გულს ალერსის წყურვილით ავსებს?

თუ ეს ოცნება დაუღალავი

შენც ჩემთან ერთად ვერ გაგიტაცებს?

გული სავსეა წყნარი სიმღერით,

სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა,

ვმღერი, ვით არვის არ უმღერია,

წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა?
leli

 რა ცაა!
გალაკტიონ ტაბიძე


შეხედე, რა ცაა! -

ეს არის, რაცაა!!

შეხედე, ამ მხარეს! -

ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!

ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!..

რა ცაა, რა ცაა!..

1946

leli

 რა სევდიან ნანას ამბობს ქარი...
გალაკტიონ ტაბიძე


რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,

ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.

დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!

კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.

დაიძინე შენც, იმედო ჩემო,

ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!


1916
leli

 ელეგია
გალაკტიონ ტაბიძე


წვიმის წვეთები დასცურავენ

ფანჯრის მინებზე,

ქარი ვედრებით კარებთან დგას:

“გამიღეთ კარი!”

რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის

მზიანი ჩრდილი,

რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,

ჩემი სიზმარი!

დროო წყეულო, სად წარიღე

ჩემი ფიქრები!

დროო ბოროტო, სად დამარხე

ოცნება წყნარი?

მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,

რომ მოგეწამლა

ყვავილოვანი სიყმაწვილე

და ჩემი ქნარი?

დაღონებული გავცქერივარ

ცისა დასავალს,

სადაც იშლება მოღუშული

ღრუბელთა ჯარი...

ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ

ცაცხვის ხეები

და გულმოკლული ქვითინებს და

ქვითინებს ქარი...

დამათრობელი - როგორც ჩემი

მოგონებები,

წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი

და ძველი ღვინო...

ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ

დავთვრე მოგონებებით,

რომ მეც საზარლად ვიქვითინო

და ვიქვითინო.

ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ

მე ჩემი ბედი,

რად დამიმსხვრია სიყმაწვილის

წრფელი სიამე...

სადაა ჩემი ყვავილები,

სადაა რწმენა?

ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,

მითხარი რამე!
leli


 გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
გალაკტიონ ტაბიძე


გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!

მომენატრა მზე, სინათლის მფენი;

მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,

სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა

გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,

მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,

შენი ძველი მეგობარი მიცან.
leli

 ატმის რტოო, დაღალულო რტოო…
გალაკტიონ ტაბიძე




ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.


1916
leli

 ატმის ყვავილები
გალაკტიონ ტაბიძე


რტოებში ავობს ბებერი ქარი,

ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.

ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,

ნანაობს ქარი და მიქანაობს.


და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,

ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,

ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,

დასწვდა ბილილებს და აათრთოლა.


ატმის ხე იდგა თაიგულივით,

იქ მას მილევით უთრთოდა სული!

შორით მოსული გაზაფხულ სხივით

და ნამთა მძივით გარემოცული.


ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,

ვით დედოფალი უცხო მხარეში:

სინარნარეში სწვავდა მზის ძალი,

და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.


ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,

როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,

მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა

და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.


მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი

და ფრთა მედგარი შემოახვია,

ახლაც ატყვია ხეს განაბზარი,

ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.


როგორც პეპლები, მშვიდი და ფრთხილი,

შემდეგ აშლილი და აფრენილი -

გადაცვენილი ატმის ყვავილი

იყო დაღლილი და მოწყენილი.


ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა!

მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,

ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარა

წითლად დაფარა ბაღის ბილიკი.


ბაღის ბილიკზე მივდივარ და თან

გაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება,

საღამოვდება და მზის ჩასვლასთან

თანდათან მწუხრი მიახლოვდება.


მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?

ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,

მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!

გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!
გუთანო
* * *

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!...
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!...

Fernando
მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,

გადვიჩეხე,

უკურნებლად დაჭრილი ვარ...

დამეხსენი!

შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,

თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,

ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:

ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,

შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.

ლიუციფერი:

- ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

გუთანო
"მეფედ" არჩევა



ქართული ემიგრანტული მწერლობის წარმომადგენლის გიორგი გამყრელიძის მოგონებებში ვხვდებით გალაკტიონის შესახებ ცნობებს.

"ვწერ ამ სტრიქონებს ერთი შენი მეფედ ამრჩევი"- წერს გიორგი გამყრელიძე და იგონებს დღეს, როცა პოეტთა მეფეს ირჩევდნენ.
ერთი რამ ვერ გაუგია მხოლოდ: "თუ რად გინდოდა გამხდარიყავ პოეტთა მეფე? ეს იყო ის დრო, როს მეფეებს ჰკვეთდნენ თავებს, ანდა უკეთეს შეთხვევაში თავსლაფს ასხამდნენ."
საქართველოს პოეტების მეფე! - კონკურსი, რომელიც ერთადერთ ტიტულს ადგენს - "მეფე". არადა 1921 წლის ბოლოა. სულ რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს... მსურველი ბევრი გამოჩნდა. რაღა თქმა უნდა, მათ შორის გალაკტიონიცაა.
18 წლის გიორგი გამყრელიძეს "არტისტული ყვავილები" წაუკითხავს. გალაკტიონთან მისულს 12-მდე პოეტი დახვედრია. აქაა ყვითელ "ბუშლატიანი " გრანელი მეგობართან ერთად.
ცერემონია შედგა - პოეტების მეფედ აირჩიეს გალაკტიონ ტაბიძე.
არავითარი ზარ-ზეიმი. ითქვა სიტყვები მართალი და ქათინაური.
მანიფესტზე ხელმოწერის შემდეგ ყველა წავიდა. ექვსი დარჩა მხოლოდ ბოლომდე და:

" შენთან ერთად გალაკტიონ ვეწვიეთ დუქანს,
რომლის კედლები მოეხატა მუქად ფიროსმანს.
სუფრაზე იყო კარდენახი და ცივი ლოქო,
ზედაც მწვანილი-წიწმატი და ახალი ხახვი.
ექვსმა დავლიეთ ათი ბოთლი ერთად ზიარად
ანგარიში კი გაასწორა ბერეკაშვილმა.
ასე დამთავრდა დღე პოეტთა მეფის არჩევის."

ეს დღე მართლაც ასე დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა თითოეულისათვის მაინც სხვადასხვაგვარად. გალაკტიონი არ შეიმჩნევს, არც გარეგნულად დაიტყობს, სამეფო კვერთხსაც ღიმილიანი შეხვდება, მაგრამ სახლში დაბრუნებული, მარტო დარჩენილი "ხელმწიფურ სიმართლეს" ტრაგიკული სიმშვიდით მანც გააცხადებს:

"უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა."

ისევ გიორგი გამყრელიძე იტყვის:

"შენი ლექსებით შენ ისედაც იყავი მეფე.
არ გჭირდებოდა ჩვენგან ამის დადასტურება."

მეორე დილით, გაზეთები ხმაურით ხვდებიან ამ ფაქტს.
ამ კონკურსის დღიდან ბევრი წყალი ჩაივლის და გალაკტიონი სწორედ მეფურ ჟესტს მოიფიქრებს:
"არცერთი იმათგანი, ვინც მე ამირჩიეს პოეტების მეფედ, ცოცხალი აღარ არის. გთხოვთ, თუ ჩემით უკმაყოფილო ხართ, აირჩიოთ სხვა..."
ვინ იქნება ეს სხვა? ხომ ყველასათვის ცხადია, რომ გენიოსზე ლაპარაკობენ. კი ბატონო გადადგება, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ საქართველოს "პოეტების მეფის" გვირგვინი გალაკტიონის ნაცვლად ძნელად შეჰფერის ვინმეს..."
leli
ფრთები, ფრთები გინდა,

კიდევ ფრთები გინდა,

გინდა დაეუფლო

სივრცეს, ნიკორწმინდა!
გუთანო
ინტერვიუ პოეტის ძმიშვილთან, ნოდარ ტაბიძესთან



ნოდარ ტაბიძე გვეუბნება, რომ სამი მწვერვალი არსებობს ქართულ ლიტერატურაში, ეს არის: რუსთაველი, ვაჟა და გალაკტიონი. სწორედ ეს სამი ადამიანი მიაჩნია მას ქართულ პოეზიაში უბრწყინვალესად.
იგი არასოდეს წერს "დიდი გალაკტიონი", იგი თვლის, რომ გალაკტიონი თავად არის მეტაფორა, ეპითეტი.
ბევრი რამ დაწერილა გალაკტიონზე. თავად ნოდარ ტაბიძემ 5 წიგნი მიუძღვნა გალაკტიონს, მან ისეთი ფაქტები და მოვლენები წამოწია წინა პლანზე, რომელთა გახმიანებაც სხვებს არ შეუძლიათ. ბატონი ნოდარისთვის გალაკტიონი არის კოსმოსიდან მოსული პიროვნება, ამიტომ ამ გენიის შეფასება ჩვეულებრივ მოკვდავთა თვალთახედვით მას ცოტა უცნაურადაც კი ეჩვენება. ამჯერად მისი უპირველესი ამოცანაა ფაქტების დაგროვება. იგი ამბობს, რომ გენიოსის ცხოვრება შელამაზებას კი არ მოითხოვს არამედ ახსნას, ამ შემთხვევაში კი უმთავრესია ფაქტების დაგროვება.

- რამდენი წლის იყავით როდესაც გალაკტიონი გარდაიცვალა?

- გალაკტიონი რომ გარდაიცვალა მე მაშინ 27 წლის ვიყავი, ბოლო 12 წელი მასთან ვცხოვრობდი... ამასწინათ გადავხედე ძველ დღიურებს და არც კი მახსოვდა, იმდენი ჩანაწერი მქონია. ალბათ ეს მასალები თავს მოიყრის ჩემი ტეტრალოგიის მე-4 ტომში.

- ბატონო ნოდარ, როგორი იყო გალაკტიონი ნათესავებთან ურთიერთობაში?

- ნათესავებთან დამოკიდებულებაში გალაკტიონი იყო ურთულესი, ძალიან შორს იყო ყველა ნათესავისაგან. ანტიპოდები იყნენ ის და ტიციანი, ტიციანი ზრუნავდა ნათესავებზე, სოფელზე, მამულზე, გალაკტიონი კი – არა. განა იმიტომ, რომ მას არ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ იგი სხვა სამყაროში დაფრინავდა, ამიტომ გალაკტიონს ამას ნაკლად ნუ ჩავუთვლით.
გალაკტიონს მეგობრებიც არ ჰყავდა. იგი იყო ურთულესი ბუნების ადამიანი. იმ წლების მანძილზე, რაც მე გალაკტიონთან ვცხოვრობდი, არ მახსოვს, ჩვენთან სტუმარი მოსულიყოს. მის კაბინეტშიც ვერავინ შევიდოდა.
ზოგჯერ გვინდა, რომ გალაკტიონი სხვადასხვაგვარად წარმოვსახოთ და ლეგენდები იქმნება. ალბათ გახსოვთ, გავრცელებულია ერთ-ერთი სიტუაციის აღწერა, რომ ერთხელ გალაკტიონი დუქანთან მივიდა, მოითხოვა ლუდი და არაყი. ოთხი ჭიქა გაავსეს. გალაკტიონმა ჩააპირქვავა ჭიქა, მოისვა წვერზე ხელი და თქვა: `ასე აჯობებს, მთვრალი ვეგონები ხალხსო. ეს არის ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხალხმა. გალაკტიონი დაავადებული იყო. რომ დაიწყებოდა ეს საშინელი სიტუაცია, ის დილიდან საღამომდე სვამდა. ამ დროს ერთი ჭიქა საკმარისი იყო, რომ დამთვრალიყო. ერთადერთი გზა იყო მისი სამკურნალო კომბინატში მოთავსება. წავიყვანდით იქ, დავაწვენდით და გამოკეთდებოდა - ერთ წვეთს არ დალევდა ამის შემდეგ, მაგრამ მერე ისევ აწყენინებდნენ, გააბრაზებდნენ და ისევ იწყებდა სმას.
ერთხელ რუსთაველზე მივდივართ და ნახევრად მთვრალი კაცი გამოჩნდა, დაუძახა გალაკტიონს და ანიშნა ოდეკოლონზე, რომელიც პიჯაკში ედო, გალაკტიონი კი სწრაფად გამობრუნდა და დააღწია თავი.
აი, გალაკტიონი ისევ ცუდად იყო... 17 მარტს მითხრა: არა მგონია, ადგილი ჰქონდეთ, მაგრამ კარგს იზამ თუ გამომყვები საავადმყოფოშიო. მეც დავეთანხმე, ჩავაცვი პიჯაკი, მანქანა გავაჩერეთ და წავედით. რომ მივუახლოვდით საავადმყოფოს, გალაკტიონმა უთხრა მძღოლს: ”გარეკე!” და გავაგრძელეთ გზა, შემდეგ გადავიდა, დალია არაყი, მიაყოლა ჯონჯოლი, ჩაილაპარაკა: ”არ გამოვცოცხლდი კაცი?!” ამის შემდეგ რუსთაველისაკენ გავემართეთ. გზაში მძღოლს ესაუბრება:
- შვილები გყავს?
- დიახ, ორი და მალე შვილიშვილსაც ველოდები.
- ჰოდა, უთხარი შენს შვილებს, რომ გალაკტიონი ნახე. იცი, როგორ ვუყვარვარ ახალგაზრდობას?
ყელმოღერებული ლაპარაკობდა...
წავიდეთ, იქნებ იყოს ადგილი, - ვუთხარი მე და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. მივედით. ნაცნობი ექიმები გადაეხვივნენ გალაკტიონს და უთხრეს: ”დღეს ადგილი არ გვაქვს”.
18 მარტს დილით ისევ ვკითხე: როგორ ბრძანდებით? მან კი მიპასუხა: არა მიშავს რა, - თან ხელებს იფშვნეტდა. უკვე ისეთ დღეში იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი აღარ ჰქონდა. შეგვხვდა ნაცნობი ექიმი და უთხრა გალაკტიონს: მალე მოვა შენი ძმაკაცი კალე (მთავარი ექიმი) და აუცილებლად აღმოგიჩენს ადგილს. ვდგავართ ბატონი კალეს კაბინეტის წინ. აი, მოვიდა მთავარი ექიმიც:
- რა დაგემართა გალაკტიონ?
- ვკვდები... გრიპი... გაციება... სურდო (რაღა თქმა უნდა, ყველაფერი არ დაასახელა)...
- გიშველი რამეს, ახლავე ავალ და გიშოვი ადგილს.
მართლაც აღმოჩნდა ადგილი. შევიყვანე გალაკტიონი ოთახში, ჩავაცვი საავადმყოფოს ტანსაცმელი, გამოვედით ვესტიბიულში და ვხედავთ მწერალთა დელეგაცია მოდის, შალვა დადიანის ნეშტი უნდა გადაასვენონ მთაწმინდაზე. ერთადერთი, ვინც დელეგაციას გამოეყო, იყო ირაკლი აბაშიძე, ანუგეშა გალაკტიონი და წავიდა. სხვა არც ერთ მწერალს გალაკტიონისკენ არ მოუხედავს.
გალაკტიონმა გამომშვიდობებისას მომცა დავალებები და წამოვედი. მოვედი სახლში და ორ საათში გაისმა ავბედითი წკრიალი ტელეფონისა: ”გალაკტიონი აღარ არის”...
რა თქმა უნდა, ძალიან უნდათ, ყველამ ჩათვალოს, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა, მაგრამ არავის უყვარს სიცოცხლე ისე, როგორც გალაკტიონს უყვარდა. ეს ავადმყოფობა საშინელი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოდიხარ - ბურანი იქმნება. სწორდ ამ დროს უნდა სიფრთხილე, რომ საშინელება არ ჩაიდინოს კაცმა, გონება ვერ არის თავის რიგზე.

...გალაკტიონი იხდის ხალათს და დებს. ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ არ გადახტა ხალათიანი? მე მაქვს ამის ჩემებური ახსნა - ამ დროს მას ქვემოთ ესახება ზღვა. იხდის და უნდა, რომ შეცურდეს ზღვაში. გალაკტიონს თავი არ მოუკლავს, ეს არ ყოფილა თვითმკვლელობა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ასახსნელი გალაკტიონთან დაკავშირებით, არა მარტო პოეზიაში, არამედ ცხოვრებაშიც. მე ძალიან ვეტანები ლეგენდებს, რადგან ეს არის საზოგადოების წარმოსახვაში დიდი მოღვაწის წარმოჩენა, ეს არის ხალხის დამოკიდებულება. ყველაფერს ვიწერ და სწორედ ამიტომ, ჩემზე დიდი არქივი გალაკტიონისა არსად არსებობს. ვალდებული ვარ კიდეც...


- ცოტა რამ გვიამბეთ მის შემოქმედებით ლაბორატორიაზე.

- გალაკტიონი იყო უდიდესი შრომისმოყვარე, შეეძლო ზუსტად 22 საათი ემუშავა. ეს იშვიათობაა. ნახავ გალაკტიონის ხელნაწერებს და გაოგნდები, იმდენჯერ აქვს გადახაზული ფრაზები. შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ამ ლექსს და ხვეწდა, მაგრამ დიდი ოსტატის გამარჯვება ის არის, რომ იმგვარად დახვეწავს ლექსს, რომ ვერ მიხვდები, ეს თუ ამდენი ,,სწორების’’ შედეგია.

- როდესაც გალაკტიონზე ფიქრობთ, პირველი რა იხატება თქვენს გონებაში, როგორ ჩნდება გალაკტიონი?

- გალაკტიონი ჩნდება ურთულეს პიროვნებად, რომელსაც ვუყურბ, მინდა შევიმეცნო და ვერ ვახერხებ. გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, მასწავლა ერთი რამ - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა! აგრეთვე ის, რომ ადამიანი უნდა იყო მიმტევებელი და გიყვარდეს პოეზია.
ამასწინათ ვიყავი მუზეუმში, სადაც გალაკტიონის ტვიანია დაცული. ძალიან ავღელდი, გამახსენდა ძალიან ბევრი რამ... რა არის მარტო ტვინი? ფაქტიურად არაფერი, მაგარამ ეს ძალიან კარგია, უნდა შევინახოთ გენიოსის ტვინი. კაცმა არ იცის, მერე რა კუთხით მივუდგებით ამას და რას დავამუშავებთ.

და ბოლოს, გალაკტიონს არ უნდა შელამაზება, გალაკტიონი იმდენად დიდია, რომ მას ახსნა უნდა!


leli
მადლობ გუთანო, smile.gif
გუთანო


ქებათა-ქება ნიკორწმინდას

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
გრძნობ - ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლვრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!

გუთანო
კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს გალასთვის - ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო. მე გეტყვიო მისალმებისას - საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, შენ კი მითხარი - ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო.
შეთანხმებულან და ხელიც დაურტყამთ ერთმანეთისთვის.
შემდეგი შეხვედრისას, კონსტანტინეს გალაკტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, რაზეც გალას უპასუხია - ვააააა, კოწიას ვახლავარო!




სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპელი, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლადო დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე
დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. აკაკი სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. მიხაკო ჯანოევი (ნემო), 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე
ქუთაისი, 1914 წლის 29 მაისი
გუთანო
მურმან ლებანიძე - გალაკტიონს



* * *
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ:
(ის "მთვრალი" იყო, როგორც ყოველთვის!):
– ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი…
უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
– საქართველოში?!! – ჩაიქირქილა
– და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.

გუთანო
მურმან ლებანიძე - გალაკტიონს



ლეგენდად დარჩეს!

გალაკტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა მარტოსული და უსვამს მარტოს,
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ…
(მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს...
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! -
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა!
ორპირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური,
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი - იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა, ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს,
ღონე ღონეს,
მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო,
ლეგენდად დარჩეს!

1968

გუთანო
მურმან ლებანიძე - გალაკტიონს



* * *
როგორც მწვრთნელი შიშითა და ძრწოლით
შორიახლო ლომს მიჰყვება ბებერს,
რუსთაველზე მოჰყვებოდა ცოლი
საქართველოს პოეტების მეფეს.
სტუდენტებმა მოიხადეს ქუდი
და ღიმილი მგოსანს მიაგებეს.
ლუდხანაში ჩამოუსხეს ლუდი
საქართველოს პოეტების მეფეს.
ერთი ჭიქით, ერთი ჭიქით მთვრალი
ჰყვება: “სისხლით ქრისტესავით მღებეს!”
მთაწმინდისკენ გაუშტერდა თვალი
საქართველოს პოეტების მეფეს.
აწ პარნასი გულში იკრავს სევდით
ბილიკების შეუშინარ მძებნელს -
სძინავს ბაღში სწორუპოვართ გვერდით
საქართველოს პოეტების მეფეს.





იგონებენ:

"სტუდენტებს გალაკტიონის სახელის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელი გვივლიდა. მისი ერთი დანახვა საკმარისი იყო, რომ იმ დღეს ამაღლებული განწყობა არ მოგვშორებოდა. მის სანახავად რუსთაველზე მიდიოდნენ სპეციალურად და საათობით ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა ქუჩაში მოსეირნე გალაკტიონი. შეგვეძლო მთელი დღე ასე ვმდგარიყავით და გვეცქირა ასეთი გენიალური ადამიანისათვის...
გალაკტიონი იყო ის გამორჩეული პოეტი, რომლისთვისაც ერთი თვალის შევლება მის თანამედროვეებს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა."


გუთანო
მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე – ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.





მერი შერვაშიძე (1888, ბათუმი - 1986, პარიზი)
სტამბოლის 1921 წლის სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, კოკო შანელის მოდელი.

მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. ამბობენ რომ არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.

პეტერბურგში, მერი შერვაშიძე იმპერატორის დედის საპატიო ფრეილინა გახდა.
სურათზე მერი ბორდოსფერი ხავერდის კაბითაა მოსილი, გულზე ბრილიანტის შიფრი-ფრეილინების ნიშანი უკეთია:




პარიზში, მერი შერვაშიძე მე-16 უბანში, ლატურის ქუჩაზე დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.




ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.

მერი მოხუცთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.


მერი და გალაკტიონი

გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში ნახა ქუჩაში მიმავალი და ძალიან მოეწონა პირველივე დანახვისთანავე. რამდენიმე ხნის შემდეგ კი იხილა მერის ფოტო ადგილობრივ გაზეთში. მერი მშობლებთან ერთად იყო. სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მერის ვინაობა.
როგორც თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო, რომ გალაკტიონის ლექსები მას ეკუთვნოდა… ამ თემაზე მერი არასდროს არაფერს ამბობდა, შესაძლოა იმიტომ რომ იგი მეტისმეტად თავმდაბალი იყო, ან იქნებ იმიტომ, რომ, მას უბრალოდ არაფერი ქონდა სათქმელი…

გალაკტიონი დღიურებში წერს:

“სახელი “მერი” – მე არ გამომიგონებია, თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. "მერი" ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, "მერი" ასულდგმულებს შელის, "მერის" აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, "მერი" ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია "მერი". ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის "მერი" სიმბოლიური სახებაა, ჩემი "მერი" რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია."

“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.”

"მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი… ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!”


მერის უახლოესი მეგობრის, ბაბო დადიანის გადმოცემით:

“საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა: გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო, ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით მიპასუხა: ისე მომაბეზრეს თავი ამ ქალებმა, რომ ყველას ვეუბნები, შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენიო… მაგრამ ქალბატონო ბაბო, ამ ლექსს თქვენი მერის გარდა ვერავის მივუძღვნიდიო! ლადო გუდიაშვილმა მითხრა: გალაკტიონმა მომიტანა ფოტოსურათი და მთხოვა მერი შერვაშიძის სურათი დამიხატეო… ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა, ეს ჩემი მერი არ არისო…”

"მერის" ხელნაწერის ფრაგმენტი:

გუთანო
მიხეილ ქვლივიძე



მაშ შენ ამბობ,რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია.
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი,არჩილ მეფე,ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა.ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება.
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება...
გუთანო
მურმან ლებანიძე - გალაკტიონს




* * *




ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა - მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...

ყვავილების მდინარეს რკინის კუბო მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა.

უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები,
უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:

კონსტანტინე-ბატონთან ლეონიძეც იქ იდგა.
"რა ჰქნა?" - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა.

"რა ჰქნა?" - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, -
იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...

სდუმდნენ დიდოსტატები, იდგნენ მხრების კანკალით,
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი.

წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი,
მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.

იყო ცხრაას ორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი,
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი.

ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით
ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.

რაღაც პეთეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა,
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა,
მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა!

leli

 ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
გალაკტიონ ტაბიძე



ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით
leli
 (გადმოფრენას ეს ყორანი...)
გალაკტიონ ტაბიძე


გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,

ვართ ღამეთა მთეველი,

კიდევ ბევრი სადღეგრძელო

დაგვრჩა დაულეველი.
გუთანო
ბაკურიანიდან ძმისადმი მიწერილ წერილი

"ძვირფასო ძმაო აბესალომ!
შენი წერილი ბაკურიანში მივიღე, მაგრამ ამდენი ხანი ვერ გიპასუხე, დიდი ხნის სულიერად დაუმშვიდობლობის გამო...
ისეთი აპათიით ვიყავი გარემოცული, რომ კალმის ხელში აღება არ შემეძლო. ხომ იცი, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლია როცა დამიპყრობს, ყველაფრის ხასიათი მეკარგება. ბაკურიანში მომკლა ამ მელანქოლიამ.
აქ ათასგვარი გასართობია, მშვენიერი ბუნება, სულ ფიჭვები და ნაძვები, როცა ტყეში გახვალ (ირგვლივ სულ უზარმაზარი ტყეებია), მშვენიერი სუნი სდგას, ჰაერი ფიჭვის სუნითაა გაჟღენთილი... არიან მთები, საიდანაც დიდებული საყურებელია მზის ამოსვლა; მე ვნახე მზის ამოსვლა "ცხრა წყაროს" მთიდან და დიდი ხნით მემახსოვრება იგი. ათასი წყაროები და ნაკადულები, საღი ჰაერი... ერთი სიტყვით ყველაფერი, რომ ადამიანმა მართლაც დაისვენოს, მაგრამ ჩემთვის აქ თითქო არაფერი არ არსებობდა...
პარკში ყოველდღე ვთამაშობდით ისეთ გასართობებზე, როგორიცაა კეგლი, ლაონ-ტენისი, ლოტო და სხვა. ეს მხოლოდ წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება იყო. ეს გასართობები ისე მართობდნენ, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირდა.
დროდადრო ვაკეთებდი ექსკურსიებს წაღვერისკენ. მინდოდა ბაკურიანიდან წარვერში გადასახლება, მაგრამ იქ უფრო შფოთიანი ცხოვრება იყო, სწორედ ისე, როგორც ქალაქში და არა სააგარაკო ადგილზე, ქალები კორსეტებით დადიოდნენ, მამაკაცები გალსტუკებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქო ეს ხალხი სრულიადაც არ იყო ჩამოსული დასასვენებლად.
ბაკურიანში ქუთაისიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა, ესენი ქუთაისშიდაც მეზარებოდნენ და აქ ხომ თვალის დანახვადაც მეჯავრება ყველა. სხვათაშორის ადგილობრივ მღვდლად არის შენი ამხანაგი ინოკენტი სხირტლაძე, ისეთი სასაცილო ვინმეა, რომ პირდაპირ მეშინია მასთან შეხვედრა, რომ არ გამეცნოს და არ შევრცხვე... ამასწინათ ცხენი შემომთავაზა გასასეირნებლად მთებში, მაგრამ მე უარი ვსთქვი, რადგან ცხენი სრულიადაც არ უვარგა. ცხენი სხვას ვთხოვე და მთელი დღის განმავლობაში იგი ჩემს განკარგულებაში იყო."

1915

ძმები:

გუთანო
ტერენტი გრანელი - გალაკტიონზე

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....





გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო

აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს. გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი მიმართულებით სიმბოლისტია, იგი ყოველთვის თავის განცდებს სიმბოლიურად გვიხატავს და მის ლექსებში უმთავრესად სიფაქიზის და სინაზის მისტიციზმი გამოსჭვივის. გალაკტიონი ინდივიდუალიზმის ცეცხლით არის გამსჭვალული, მას სწამს მხოლოდ "მე", როგორც მსოფლიოს განუსაზღვრელი და განუყრელი ნაწილი. გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილულ ქვეყნის ანარეკლია; იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს, და აქ არის გალაკტიონის გამართლება; მას უყვარს მუსიკის და განცდის ერთმანეთთან შეხამება, რომლის სინთეზში ადამიანს ძალუძს ემოციონალურ და ესთეტიურ გრძნობის დაკმაყოფილება. გალაკტიონმა ნახა თავისი სახე, სახე მეტად ძლიერი და პოეტური ბუნებით აღჭურვილი. სხვა ლექსებს თავი რომ დავანებოთ, "ლურჯა ცხენები” შედევრია, რომლის ვრცელი დინამიკა უმაღლეს წერტილს აღწევს. აგრეთვე ასონანსებს მის პოეზიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, რომელსაც უმაღლესი პრეროგატივა ეძლევა ახალ პოეზიაში.

გალაკტიონი ვიწრო ყალიბებში არ თავსდება, იგი თავის შეუკავებელ სულით ლიცენციისაკენ მიისწრაფის და აქ იშლება მისი პოეტური სახის უზენაესი ატრიბუტები.

ჩვენ ამ წერილში ყოველივე პრეტენზიებს გვერდს ვუვლით და თამამად ვამბობთ, რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არ დავეთანხმოთ გალაკტიონს; მაგრამ რამდენიმე ლექსით ჩვენ მას ვღებულობთ, როგორც პოეტს. რასაკვირველია, აქ ვერ შევეხებით ჩვენს შეხედულებას თანამედროვე პოეზიაზე.

დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაკტიონმა დაიმსახურა პოეტის წმინდა სახელი; მან იცის თავისი დანიშნულება. და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს იმ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება. წერილს აქ ვათავებთ და ჩვენ ვფიქრობთ, ვისთვისაც საინტერესოა პოეტის პატივისცემა, მან, უეჭველია, საღამოზე დასწრების სახით უნდა მოიხადოს თავისი მოვალეობა.

ტერენტი გრანელი


გრანელი და გალაკტიონი:

გუთანო
ტიციანი - გალაკტიონს

ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.

მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.

ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...

გუთანო
ნოდარ დუმბაძე - გალაკტიონზე



გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა…

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად – “ვეფხისტყაოსნად” ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის - “აი, რა მზის სიზმარიას” მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო…

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
გუთანო
ეროტიზმი გალაკტიონთან



გალაკტიონის პოეზიაში ეროტიკას უკიდურესად მცირე ადგილი უჭირავს. სულ რამდენიმე ლექსია: ''გეტერა'', ''ოდეს აქტეონი'', ''სინანული''...
ისიც საკამათოა, თუ რამდენად შეიძლება მათი აღქმა, როგორც ეროტიული ნაწარმოებისა.
მისი პოეტური ტრფიალების პირველი ადრესატები (მგალითად, მერი) გაკრთებიან თუ არა ლექსში მცირე ეროტიული მინიშნებით, ფინალამდე იდუმალი საბურველით იმოსებიან.

უმსუბუქესი ეროტიზმით შეფერილი ერთი ადრეული ლექსი:

ახალ წლის ღამეს

ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა...
იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.
დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,
და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.

გეძახოდა ჩემი სული, გეძახოდა ჩემი ვნება...
მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება,
ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე და ავანთე ჩემი ბინა,
და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა.

კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა, როგორც გველი.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,
ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,
და ვეძებდი განახლებას და ვეძებდი აღდგომის კვალს.

ხომლი მოკვდა, დაიბინდა, აიღველფა ცის ეთერი,
ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,
შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,
და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.

დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს...
დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები,
და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.

მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.
სახსნელი გზა კი არსად სჩანს და ამაოდ ველი მშველელს...
და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.

1912 დეკემბერი




და მაინც, შეუქმნია თუ არა გალაკტიონს ოდესმე წმინდად ეროტიკული ლექსი?

გალაკტიონის ლირიკაში სიყვარულის გამოსახვის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი აზრი :

''გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკისათვის უცხოა სიყვარულის გრძნობად-ხორციელი განცდა. ათიანი წლების მიჯნაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი (''არ მშორდება სევდა მწარე'', შუაღამეა'', ''მარტონი ვართ'') ერთგვარი ხარკია იმ დროს პოპულარული ფსევდოსენტიმენტალური ლირიკისადმი, ხოლო ''მაისის ღამე'' - ერთადერთი გამონაკრთომი აღმოსავლური მგრძნობელობით შეფერილი ეროტიზმისა''.

გავიხსენოთ ეს ლექსი:

მაისის ღამე

მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამეს
ლამაზ ლეილას ფანჯარასთან მე მივიპარე.
მე ფეხაკრეფით გავიარე ბაღის ბილიკი
და მეშინოდა, რომ ღამის ლანდს მპარავდა მთვარე...
მე შევიხედე ფანჯარაში. ლეილა ამ დროს
ფიქრს მისცემოდა უდარდელად წამოწოლილი,
სჩანდა, რომ რაღაც ოცნებებით შორს გატაცებულს
გულმკერდს ურხევდა და ჟინს გვრიდა სიამე ფრთხილი.
აი, წამოდგა... ტყის გედივით ყელმოღერილმა
ვარსკვლავთ გახედა დაფიქრებით და გაიღიმა,
იგი შვენოდა - ნაზი, როგორც პირველი ვარდი
და მკვირცხლი, როგორც უდარდელი მაისის წვიმა.
წიგნი მიაგდო, ბროლის თითით თმა გაიშალა,
შემდეგ გაიძრო ტანსაცმელი - ასძრა საბანი,
და მე სპეტაკი, ვით მაისის თეთრი ყვავილი,
წინ წარმომიდგა ახალგაზრდა ქალწულის ტანი!
მაისის ღამეს, გაბრწყინვებულ მაისის ღამეს,
როცა ვარდები იშლებოდა, ყვაოდა ველი,
ბევრჯერ ლეილას ფანჯარასთან მიდარაჯნია,
ბევრჯერ მდენია ტრფობის ცრემლი შეუწყვეტელი.

1914




ესეც ერთ-ერთი მცირეთაგანი ნიმუში გალაკტიონისეული მსუბუქი ეროტიკის:


დამწველი თავის სიმშვენიერით


დამწველი თავის სიმშვენიერით,
დამშვენებული უხვი განგებით
ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი,
როგორც ელვარე ფარშავანგები.

შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,
უცხო სახეზე შემონახატი,
წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა.

მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები
და შენი კოცნა... ო, ვერონიკა!

გუთანო


შიში

ქალაქში შიშია!
ქუჩებს და მოედნებს
ბურჟედ და მოლიერად
მოედო ხოლერა!
და თეთრი ეტლები
მიჰქრიან,
სკდებიან კედლები.
მე მიფიქრია
ამნაირ დღეებზე ჩუმად და
ცბიერად.
ცხედრები, ცხედრები...
ხოლერა, ხოლერა
და როგორც მხედრები
როგორც ცაიერად
მეწყერად, სამუმად
გვედება ეს ჭირი
მზე ჩავა, ამოვა
ყოველთვის შავია!
ნიავიც სავსეა
ხოლერით!
წინ მიაქვთ კუბო
ქალაქი ფითრდება.
მან შეამჩნია
რომ ბერდება,
ძლიერ ბერდება.
აქ ყველამ იცის,
რომე დღეს თუ ხვალ
შეუერთდება მქროლავობას
და შეჩერდება.
მეზობელს რომელსაც
თითი არ სტკენია-
მთავრობამ ზედ კარზე
კირი მიუყარა!
და შემდეგ (ჯანმრთელი)
გაგზავნა... იმ ეტლით!
ამაოდ ტანჯული
უცხადებს ექიმებს:
”მე ავად
არა ვარ!”
ვინ მოვა მსაჯულად?
არავინ!
მზე ჩავა, ამოვა
ყოველთვის შავია!
ნიავიც სავსეა ხოლერით!
მთვარესაც ედება ბაცილა!
ხეებიც ხმებიან!
სახლებზე ფარდები
არ შეირხევიან!
და ერთ დღეს ხოლერა...
ის...
მთვარესაც ედება
ბაცილა!
ფანჯრებზე ფარდები
არ შეირხევა
გადადგამს ერთ ნაბიჯს
სრულიად ცოცხალი
და უცებ ეცემა.
ოპერაში,
მე ვხედავ,
გადასძვრათ
მსმენელებს ტყავები
თავების სარქველიდან!
(ეს ხდება უეცრად)
დადიან ჩონჩხები
ხოლერა, ხოლერა
ქალაქს დაღუპვა ელის.
ამაოდ გული
აევსება წინათგრძნობებით
დადგება სიჩუმე.
დაღუპვა ელის.
შავი აჩრდილი სწუხს,
დაღუპვა ელის.
ტკივილით გამწარებული
ღრღნის მიწას...
ეძახის...
ვინ ისმენს?
არავინ! არავინ!
ის იღუპება...
რაა ყორნის ხმა?
რას ნიშნავს ვაზა გატეხილი?
გუთანო







ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.