დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: რევაზ ინანიშვილი
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
juzi
თავს უფლებას მივცემ მე გავხსნა ეს ტოპიკი
შევეცდები დავდო ნაწარმოებები smile.gif თბილი, ახლო, წარმტაცი
ადამიანური ბუნების ყველა კუთხიდან ხედვაა ბატონი რევაზის ნაწარმოებებში <3
juzi
ბებერი ყვავი და მე

ზამთარი. დილა. ვბრუნდები ლისის ტბიდან, სადაც სავარჯიშოდ დავდივარ. სემომეტოტებიან შვილიშვილები:
_სად იყავი?
_ლისის ტბაზე.
_მოგვიყევი, რა ნახე.
_რა ვნახე? რა ვნახე?..
რაღაციდან რაღაც უნდა შევთხზა.
_რა ვნახე და.. ზის ერთი ბებერი ყვავი ხმელი წიფლის წვერზე. წერაქვივით მძიმე ნისკარტი აქვს, ნესტოებიდან გაფარჩხული ჭაღარა ულვაშები გამოსჩრია და მიყურებს ელამი, დაბლეტილი თვალებით. მე გავრბივარ, მასსავით ბებერი, მთლად თმაგათეთრებული. ჰგონია რომ ახლა გავჩერდები, ახლა გავჩერდები. არ გავჩერდი. გაკვირვებით დააღო პირი, ასწია ფრთები და..
_ვაა! ვაა! ვაა!_დაიძახა აღტაცებულმა.
ბიჭებს უხარიათ.
_კიდევ რა!
_სხვა რაღა კაცო?!
_ისევ ეგ. შენ როგორ გარბოდი და ყვავი როგორ იძახდა.
_მე გავრბოდი_ბებერი, თეთრთმიანი, იმ ბებერ ყვავს კი უკვირდა და იძახდა აღტაცებით:
_ვაა! ვაა! ვაა!
მალე ჩვენს სახლში მხოლოდ ესღა ისმოდა:
_ვაა! ვაა! ვაა!
ბებერი ყვავი მხრებწამოწეული იჯდა ხმელი ფიჭვის კენწეროზე და ნაღველისაგან დაელმებული თვალებით დასცქეროდა მიწას.
გუთანო
ციტატა(juzi @ 18.12.2010, 14:27) *
თავს უფლებას მივცემ მე გავხსნა ეს ტოპიკი
შევეცდები დავდო ნაწარმოებები smile.gif თბილი, ახლო, წარმტაცი
ადამიანური ბუნების ყველა კუთხიდან ხედვაა ბატონი რევაზის ნაწარმოებებში <3

smile.gif ახლა ვკითხულობ "მომღერალ სახლს". ძალიან თბილი რამეა. იხსნება ავტობიოგრაფიული მოთხრობებით. განსაკუთრებით კარგია "ბებია - ჩემი მზე". ისე წერს, თითქოს იქ იყო, თითქოს საგნებს ეხებოდე.
juzi
ციტატა(გუთანო @ 19.12.2010, 3:10) *
smile.gif ახლა ვკითხულობ "მომღერალ სახლს". ძალიან თბილი რამეა. იხსნება ავტობიოგრაფიული მოთხრობებით. განსაკუთრებით კარგია "ბებია - ჩემი მზე". ისე წერს, თითქოს იქ იყო, თითქოს საგნებს ეხებოდე.

smile.gif) აი მე მაგალითად ეგ არ ვიცი, ("მომღერალი სახლი") დიდი დეფიციტია სამწუხაროდ მისი კრებულების sad.gif მე ახლა "მთვარის ასული" მაქვს და ერთსა და იმავე მოთხრობასაც კი ვკითხულობ, ვკითხულობ, არ აქვს დასასრული ემოციას smile.gif
Fernando
ოცდათხუთმეტის არ არის და უკვე ისეთი მშვიდი, ისეთი ყოვლისმხილველი, ყოვლისგანმცდელი თვალები აქვს, შიში აგიტანს მის მაყურებელს, წინწკალს, წინწკალს ვერ აღმოუჩენ ოცნებისას, ნატვრისას, უამისოდ კი ქალის თვალების სილამაზე ვინ თქვა!
Fernando
...იგი ამბობდა:
-ეგენი ღრმად ვერ სწვდებიან ვერც სხვებს, ვერც საკუთარ თავს. ამიტომ დადიან დაბღვერილები, მკერდგამობერილები და ხმადაბოხებულები ქვეყანაზე.
juzi
ციტატა(Fernando @ 19.12.2010, 12:19) *
ოცდათხუთმეტის არ არის და უკვე ისეთი მშვიდი, ისეთი ყოვლისმხილველი, ყოვლისგანმცდელი თვალები აქვს, შიში აგიტანს მის მაყურებელს, წინწკალს, წინწკალს ვერ აღმოუჩენ ოცნებისას, ნატვრისას, უამისოდ კი ქალის თვალების სილამაზე ვინ თქვა!

. smile.gif
ამერია.
juzi
ციტატა(Fernando @ 19.12.2010, 12:21) *
...იგი ამბობდა:
-ეგენი ღრმად ვერ სწვდებიან ვერც სხვებს, ვერც საკუთარ თავს. ამიტომ დადიან დაბღვერილები, მკერდგამობერილები და ხმადაბოხებულები ქვეყანაზე.

აი, ამ თვალებში ამაერია უცაბედად (:

შუქია

გაჩნდა შუქია და მაშინვე დაიძახა ბებია ქალმა,_შეხედეთ, გოგოებო, რა თვალები აქვსო. ათიოდე დღისა ისე იყურებოდა, თითქოს ყველას და ყველაფერს იმახსოვებდა. სამი წლისა მსახიობობდა. ბოშა ქალივით გაეხვეოდა დიდედას ყვავილებიან შალში, მიმოდიოდა წელის რხევით და ხან აჩქარებით აფახულებდა ხშირსა და გრძელ წამწამებს, ხან ქვეშ-ქვეშ იყურებოდა ეშმალურად. ხან აელმებდა თვალებს, ხან კი ისე აჭყეტდა და აგიზგიზებდა, მაყურებელნი ვეღარ უძლებდნენ ამის მზერას და პირს აბრუნებდნენ, _კარგი გოგო, ნუ შვრები ეგეთ რამეებსო! დიდი ხნის ჩანასუნთქს უცბად ამოისუნთქავდა, აკისკისდებოდა და "კულისებისკენ" წასული, ნამდვილლი მსახიობივით იქნევდა გამოსამშვიდობებლად ხელს.
სკოლაში რომ მიიყვანეს, მორცხვობა დაიწყო. იშვიათად, რომ თვალი ვინმესთვის გაესწორებინა. იდგა თუ მიდიოდა, ძირს იყურებოდა, ან არადა გვერდზე გაიხედავდა ფრთხილად. თუნდაც შემოეხედა, თვალის სიღრმეებით სადღაც თავისთვის იყო. თუ მაინც გაბედავდა და თვალებს თვალში გაგიყრიდა, ერთი დახამხამებით იმდენ კითხვაას მოგაყრიდა, ბრძენიც რომ ყოფილიყავი, დაიბნეოდი. ამიტომ იყო, რომ თავისებური რიდით ექცეოდნენ დიდები.
ქალიშვილობაში თითქოს მკერდმა ააწევინა თავი. ნაღმისმძებნელის დაყურადებით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, მზის ათინათივით თბილად გადაატარებდა მზერას ერთი მხრიდან მეორისკენ. გვეჩვენებოდა, რომ ის თუ რამეს დააცქერდებოდა, გამადიდებელ შუშასავით ამოსწვავდა.
იმავე ხანებში თითქოს ღელვა დაუწყო ჰაეროვანმა ზღვამ, მალ-მალე ენაცვლებოდა თვალებში შუქი და ჩრდილი ერთმანეთს გმოიკვესებოდა_ხოლმე მრავალტოტი ელვაც. ბევრ ბიჭს წაუღია უმწეოდ ხელი მკერდისაკენ, წაბარბაცებულა ვითომდა დამეხილი. შუქიას მქრქალად ეღიმებოდა. გათხოვდა. თვალებში ცამოეშვა ერთიანი, სადა, ნათელი და ალერსიანი ფარდა. მშვიდი კმაყოფილებით უცერდებოდა მზერა. მისი სხეულიც კმაყოფილებას მიეცა. მშვიდი და მომზომველი, რბილი სიმტკიცით იდგა სივრცეში.
მერე ზღვამ ისევ დაიწყო ღელვა, თანაც გამძაფრებით. თითქოს აღარ იცოდა, ვისთვის ან რისთვის უნდა შეეხედა. ქმარმა, არამზადამ, ვიღაც სცენის ბაირაღში გაცვალა. დადიოდნენ ისა და ის სცენის ბაირაღი ქალაქიდან ქალაქში და იცინოდნენ. შუქიას თვალები გაეყინა, ისევე_იმ ღელვისას. ეყოლა ვაჟი. ნელ-ნელა დადაბლდნენ და გადნენ ყინულადქცეული ტალრები. ახლა უკვე თითქოს სულ ალერსის ცრემლში უტივტივებდა ფიქრები. ასე გაგრძელდა მთელი ორი ათეული წელი. სამსახურში აღმერთებდნენ. შუქიასნაირი ტაქტით არავინ ღებულობდა და ისტუმრებდა მთხოვნელებს.
მერე ვაჟმა ცოლი მოიყვანა, ცოტა ხანს გამდნარი ოქროს შუქითაც კი უბრწყინავდა ალერსის ცრემლი შუქიას. მერე თანდათან დაკარგა ბრწყინვალება ამ ოქრომ. თითქოს მოპარეს თუ წაართვეს ყოველივე ძვირფასი, რასაც კი კეთილი გამოსხივება შეეძლო. თითქოს ერთი დახამხამებაღა და, ჩამოსკდებოდა მღვრიე ღვარები.
მერე გამოეხატა ყველას და ყველაფრის მიმართ გულგრილობა. აღარ მალავდა აღარც შემჭკნარ ყელს, აღარ აძლევდა ხელებს მიმზიდველ ფორმებს. დაძარღვული ხელები ხშირად გაფარჩხული ეწყო მაგიდაზე. კი არ დაჰყურებდა, ისე. აღარავის არაფრის ამოკითხვა აღარ შეეძლო მისი თვალებიდან.
შვილი სად ჰყავდა? მშვიდად იჩეჩდა მხრებს. ასწევდა თავს მაღლა, თვალები თითქოს რაღაცას დააპირებდნენ, მაგრამ არაფერი! ერთხელ ერთმა მთვრალმა ქუჩაში იყვირა: "ამასაც მთლად გაუცივდა თვალები, ახლა ნამდვილად დაინგრევა ქვეყანა!"_საღამოს შუქია სარკესთან მივიდა, იყურებოდა შიგ და ეღიმებოდა, ისევ შუქია რო ერქვა და კიდევ იმაზე_ვითომ რაღაც ურთიერთობა რომ ჰქონდათ მის თვალებსა და ქვეყანას.
Fernando
ბედნიერი მწერალი... ცოცხალი ბედნიერი მწერალი უკვე საცოდაობაა. იგი უკვე მოწყვეტილია მთავარს - ჭეშმარიტების ტანჯვით მაძიებელ სულს. იგი უკვე აღარ განიცდის სხვათა მოთქმა-გოდებას, აღარ განიცდის მათ მარტოობას.
juzi
ციტატა(Fernando @ 26.12.2010, 15:54) *
ბედნიერი მწერალი... ცოცხალი ბედნიერი მწერალი უკვე საცოდაობაა. იგი უკვე მოწყვეტილია მთავარს - ჭეშმარიტების ტანჯვით მაძიებელ სულს. იგი უკვე აღარ განიცდის სხვათა მოთქმა-გოდებას, აღარ განიცდის მათ მარტოობას.

smile.gif ამის აკრება მინდოდა
ბევრის აკრება მინდება_ხოლმე :ზარმაცი:
juzi
"ცისკარი": "გურამ რჩეულიშვილის ხანმოკლე მოღვაწეობა წინამორბედი ლიტერატურული ეპოქის შემოქმედებითი იმპულსებისაგან დაცლილ ტენდენციათა უარყოფის გზას უკავშირდება.. მოთხრობაში "უსახელო უფლისციხელი" ერის ისტორიასთან ერთად დამარხული სულიერი საგანძურისათვის თვალის გადავლებასა და წარსულის სურათების გაცნობიერებულ ქმედებაში გადასვლის პროცესია დახატული..."
როგორ არ შეგიპყრობს სევდა! როგორ არ უნდა მოჰკიდო ხელი ასე მეტყველთ და არ აჩვენო: ეს ხეა, ეს სახლი, ეს მესერი, ეს წყალი, ეს ბალახი!..
juzi
***
ერთი ფშაველი ქალი მიყვებოდა: მამა ავადმყოფი მყავდა, შეშის მოტანა რომ დაგვჭირდებოდა, დედა ურმის კოფოზე მამას დასვამდა, სახრეს იმას დააჭერინებდა და ისე გავიდოდნენ სოფლიდან. ტყეში დედა სჭრიდა შეშას, ის უდებდა ურემზეც. მამა ცოტაზე თუ წააშველებდა ხელს. რომ გამობრუნდებოდნენ და სოფელს მიუახლოვდებოდნენ, დედა სახრეს ისევ მამას მისცემდა, თვითონ დიდ მანძილზე ჩამორჩებოდა, ვითომდა მარტო მამას მოჰქონდა ოჯახისთვის შეშა.
კონსტანცა
ციტატა(juzi @ 2.01.2011, 7:06) *
***
ერთი ფშაველი ქალი მიყვებოდა: მამა ავადმყოფი მყავდა, შეშის მოტანა რომ დაგვჭირდებოდა, დედა ურმის კოფოზე მამას დასვამდა, სახრეს იმას დააჭერინებდა და ისე გავიდოდნენ სოფლიდან. ტყეში დედა სჭრიდა შეშას, ის უდებდა ურემზეც. მამა ცოტაზე თუ წააშველებდა ხელს. რომ გამობრუნდებოდნენ და სოფელს მიუახლოვდებოდნენ, დედა სახრეს ისევ მამას მისცემდა, თვითონ დიდ მანძილზე ჩამორჩებოდა, ვითომდა მარტო მამას მოჰქონდა ოჯახისთვის შეშა.



ეს აბზცი საინტერესო მასალაა სტერეოტიპებში განსახილველად smile.gif
juzi
ციტატა(კონსტანცა @ 2.01.2011, 18:10) *
ეს აბზცი საინტერესო მასალაა სტერეოტიპებში განსახილველად smile.gif

ჰო (:


მაგრამ როგორღაც ისეთი გრძნობა მოჰყვება, თითქოს პროტესტს ვერ იწვევს, რატომ აკეთებდა ის ფშაველი ქალი ამას.
juzi
***

შენი სული ღრმა მღვიმეს ჰგავს. ამაოდ ვიყურები აქეთ–იქით, ამაოდ ვაცეცებ ხელებს, მყარს ვერაფერს ვაგნებ. არადა, მთბილა...
კონსტანცა
ციტატა(juzi @ 2.01.2011, 9:18) *
ჰო (:


მაგრამ როგორღაც ისეთი გრძნობა მოჰყვება, თითქოს პროტესტს ვერ იწვევს, რატომ აკეთებდა ის ფშაველი ქალი ამას.



პროტესტს კი არა თანაგრძნობას და პატივისცემას იწვევს და სწორედ ესაა სტერეოტიპებში განსახილავი.
juzi
დედის ლექსი

გაიღო უცებ კარი, შემოფრიალდა ტანკენარი ვარდისფერი ქალი, ვარდისფერი ტანსაცმლით, ვარდისფერივე სახით, აგიზგიზებული თვალებით.
_გამარჯობათ!_დაიძახა სიხარულით.
მეც სიხარულით წამოვუდექი ფეხზე.
_აი, მე თქვენთან ვარ!
_დიდად მსიამოვნებს.
მე ბედნიერი დედა ვარ. ჩემი ათი წლის ბიჭი სულ ხუთებზე სწავლობს, ექვსებზეც. მეცა და ჩემს ბიჭსაც მშვიდობა გვჭირდება ქვეყანაზე. ბიჭს ჯერ რა შეუძლია! მე კი ყველგან ვიბრძვი. დაგვეხმარეთ თქვენც, მწერლობის მესვეურნი. მე გრძელი, ბრწყინვალე ლექსი მაქვს დაწერილი მშვიდობაზე. დამეხმარეთ, გამგზავნეთ ჟენევაში, სადაც ყველა ქვეყნის დიპლომატები თათბირობენ. მე გამოვალ სცენაზე, იქიდან წავიკითხავ ჩემს ლექსს, დედის ლექსს, მე საუცხოოდ ვკითხულობ, მე ყველა დედის სახელით ვკითხულობ, და ნახავთ, რომ ყველანი უცბად მოაწერენ ხელს მშვიდობაზე.. ჩემი სილამაზე...
ხელები გაშალა.
_შემომხედეთ, ხომ გასაოცრად ლამაზი ვარ,თქვენც ხომ მოგწონვართ ასეთი ქალი და დედა! ჩემი სილამაზე და ჩემი წაკითხული ლექსი ყველას უცბად შემოაბრუნებს მშვიდობისაკენ.
თავი ასწია:
მე, ულამაზესი დედა ქვეყანაზე,
და ჩემი ულამაზესი ბიჭუნა,
გაზრდილი ამ ულამაზესი...
ხელი უბეში ჩაიყო, წვალებით ამოსწია, ამოაჩინა..
კერტგალურჯებული, უმწეო..
შეპყრობილი თაგვივით შიშით გათანგული თითებს შორის...
თითქოს აწვდიდა მართლაც მთელ მსოფლიოს.

................................................................................
.......
ორმა შეხნიერებულმა ქალმა შეშფოთებულებმა შემოახეთქეს კარი.
juzi
ციტატა(კონსტანცა @ 2.01.2011, 19:50) *
პროტესტს კი არა თანაგრძნობას და პატივისცემას იწვევს და სწორედ ესაა სტერეოტიპებში განსახილავი.

smile.gif)) ჩემმა დამ რომ წაიკითხოს იყვირებს_"გენდერული თანასწორობა" მერე მოჰყვება რომ ქალი თუ აკეთებს ქმარს რატომ "აბრალებსო", არ ვიცი ეგ ქალი ეგრე რატომ შვებოდა, მაგრამ ეგრედ რომ შვებოდნენ ზოგადად ქალები და ხმას არავინ იღებდა მაგიტომ ვართ ამ დღეშიო და. გამოიყვანს უსაყვარლესი მოთხრობიდან გრიგალს. იმასაც იტყვის, ის ფშაველი ქალი მაგას სიყვარულით და ქმრის შესაშველებლად და გასამხნევებლად კი არა, ოჯახის სახელისთვის აკეთებდაო |:



არ ვიცი, მე კი იმ ფშაველი ქალის ქმედება ახლაც მათბობს, მოთხრობიდან..
juzi
ღმერთო, რა ლამაზები ვიყავით, მშივრები რომ ვიდექით წიგნის მაღაზიაში და აღტაცებულნი შევყურებდით კუინჯის “არყნარს”.
juzi
ღამის ორ საათზე ვიღაცა უკრავს შოპენს, იგი მაღლაა, მესამე სართულზე, მე დაბლა, ჩაბნელებულ უკაცრიელ ქუჩაში, და მეჩვენება, რომ თავზე მაყრის ძველებური, ბროლივით გამჭვირვალე და წკრიალა პოეტური სულის ნამსხვრევებს.
juzi
მოხუცი მწერალი

მარტის მშვიდად მოღრუბლული დღე იყო. მოხუცი მწერალი თავის ბაღში მუშაობდა, სოფლად.ბოლო ხანებსი მოხუც მწერალს სულ მიწა იზიდავდა. დიდ სიამოვნებას გრძნობდა, ხმელ ბალახებსა და სიმინდის ძირებს რომ გლეჯდა, ფოცხით ერთ ადგილას აგროვებდა, მერე მოუკიდებდა ცეცხლს, ადოდა ცეცხლის ალი ბრიალით, მოხუცი მწერალი დაშტერებული ჩასცქეროდა იმ ალს. ხანდახან კვამლსაც აყოლებდა თვალს. რა იყო ან ან ალი, ან კვამლი, რატომ მიისწრაფოდნენ ორივენი მაღლა, სად მიჰქონდათ ტრიალ–ტრიალით შავი ნამწვები და ფერფლი?!
ერთხელ, ასე რომ აჰყურებდა კვამლს, თითქოს ზედ იმ კვამლს გადაუარა წეროების მწკრივმა. მწკრივი აირია, ახმაურდაღ წეროებმა იტრიალესლ შეშფოთებულებმა იძახეს რაღაცებიფ მოხუცი მწერალი ხედავდალ როგორი შეწუხებით იქნევდნენ ფრთებსლ როგორ ასავსავებდნენ გრძელ კისრებს. მერე წეროები ისევ გამწკრივდნენ და წავიდნენ ჩრდილოეთისაკენ. მოხუცი მწერალი იდგა და ღიმილით მიაცილებდა. ისევ დახედა ცეცხლს, ცეცხლი ინავლებოდა, მოხუცმა მწერალმა ფოცხით მიურ–მოურია, ცეცხლმა კიდევ ერთხელ იფეთქა, აპარპალდა, მალე კვლავ ჩანელდა, ჩაინავლა.
მოხუც მწერალს ძალიან უყვარდა ბარვაც. ნელ–ნელა ბარავდა, ლამაზად, თანაზომიერად აწყობდა ბელტებს. მაღლა წვერმობრუნებულ ბელტებს ამოსდევდა სისველე, ეს სისველე მოხუც მწერალს ეჩვენებოდა სიცოცხლის წყაროს გამონაჟონად მიწაში. წაატეხდა ბელტს წვერს, სრესდა შავ, სასიამოვნო მიწას თითებით და ხელისგულით და ესეც ეჩვენებოდა, რომ რაღაც გრილი, სისხლის გამწმენდი ნაკადი გადასდიოდა სხეულში. მოხუც მწერალს ძალიან ამშვიდებდა ისიც, თვითონ რომ ბარავდა და მახლობელი ბლის კენწეროდან მთელ დღეს დაჰგალობდა შაშვი. ასეთ ვითარებაში ყველაფერი მოწესრიგებული ჩანდა_სიცოცხლეც, სიკვდილიც. იმასაც კი გრძნობდა_როგორ უშვოთველად გადავიდოდა სიცოცხლიდან სიკვდილში, როგორი მშვიდი, განათებული სახე ექნებოდა მიცვალებულს, როგორ წაიღებდნენ სასაფლაოსკენ და როგორ დაეცემოდა ყვითელი ფოთოლი ყურის ძირში, როცა მაღლა აწეულს შეიტანდნენ სასაფლაოს ბებერი ხეების ქვეშ. ეს უფრო ნატვრა იყო, ბებერი ხეების ქვეშ გატარება და დასვენება...
მოხუცი მწერალი სოფელი იყო დაბადებული, იქვე გაატარა ბავშვობა, ყრმობა. შემდგომშიც ხშირად ჩამოდიოდა, როგორც თვითონ იცოდა თქმა, გულის მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად. , ამიტომ ჰაერის სუნით და უმცირესი მოძრაობით დილითვე იგრძნო, რომ გაავდრდებოდა. მართლაც, ჯერ თორმეტი არ იყო და წვიმა წამოვიდა. ერთხანს კიდევ ბარავდა, სიამოვნებდა წვრილი წვეთები სახეზე, მათი შარიშური ძეძვის ღობეზე. მერე, რაკი მოუმატა და მოუმატა წვიმამ, ბარი მხარზე გაიდო და სახლისკენ წავიდა. სახლი ძველებური იყო, მიწის პირს ცოტაზე აცდენილი, სქელკედლებიანი, ქართული ღარიანი კრამიტით გადახურული. კრამიტებს მწვანედ მოსდებოდა ხავსი. საკმაოდ ბნელოდა შიგნით, მაგრამ კრამიტებს მწვანედ მოსდებოდა ხავსი. ღუმელთან ჩაცუცქდა, გაქექა ჩანაცრული ღველფი, გაბრწყინდნენ წვრილ–წვრილი ნაკვერჩხლები. შეუკეთა ჭაგვის ნამტვრევები, მერე შეშა, მიასხა ნავთი, მისცა ცეცხლი და გადაკეტა კარი. ღუმელი აგუგუნდა, თვითონაც იქვე დაჯდა, დაბალ სკამზე, წაიშვირა წინ ხელები. მოხუც მწერალს ესეც ძალიან უყვარდა, ღუმელიდან წამოსული სიცხოველე. ამ დროს ერეოდა სასიამოვნო თვლემა. იქვე მიწვებოდა ტახტზე, წაიფარებდა თავის ძველ პალტოს. იყო ასე_რაღაც ტკბილ ძილბურანში, ცოტა ხანს, დიდი–დიდი, ნახევარ საათს, მერე ადგებოდა, მიუჯდებოდა მაგიდას და წერდა. ბოლო ხანებში სულ უმნიშვნელო რამეებზე წერდა_კრიტიკულ ლიტერატურაში წვრილთემიანობა რომ ჰქვია. წერდა, მაგალითად, როგორ მიხტოდა ყვითელნისკარტა შაშვი შავი ღობის ძირ–ძირ ფოთლებზე, როგორ დაინახა ბარზე დაყრდნობილი მოხუცი მწერალი, როგორ შეჩერდა და როგორი ღრმადმეტყველი თვალებით შემოაჩერდა. შაშვი ეკითხებოდა, რა ვქნათ ახლა მე და შენ, გამატარებ ასე პირდაპირ, თუ გავბრუნდე, ან ავფრინდე აქედანვე მაღლაო. მე გავუღიმე, შაშვი მიხვდა რასაც ნიშნავდა ეს გაღიმება, და განაგრძო სკუპ–სკუპი ღობის ძირ–ძირ, გამცდა, მოიხედა და მაშინ ატეხა ჭახჭახი,_გმადლობ კეთილო კაცო, გმადლობო. კიდევ წერდა, რომ ქვემოთ, ბებერ მუხასთან, კბოდის ძირას, ზემოდან ჩამოცვენილია წმინდა, თითქოსდა გაცრილი მიწა. იმ მიწაზე გაურბენია თაგვს და სულ ეტყობა მისი პატარა თითების კვალიო. ან კიდევ_ნიავი არ იძვრის, მაშ რატომღა მოდის ალმაცერი წვიმაო?!
ახლაც ცოტა წასთვლიმა მოხუცმა მწერალმა. მერე ადგა, პალტომოხურული მიაჩერდა წვიმას ფანჯრიდან. ბილიკი უკვე გადალუმპული იყო. ხეებიდან ბრტყელ–ბრტყელი წვეთები წყდებოდა გამალებით. მივიდა მაგიდასთან. აიღო კალამი. ერთხანს ის კალამი ბოლოდაყრდნობით ეჭირა ქაღალდზე, მერე ამოაბრუნა, დაიწყო წერა,_"ჰაერის ფერია წვიმა..." და ხრიგინით გაიღო დერეფნის კარი, ახმაურდა ოთახის კარიც, დაბლა ნამდვილად ფეხის წვერს ურტყამდა ვიღაც. წამოდგა, სახე გაუნათდა, კართან შურთხია იდგა, ათი წლის ლამაზი გოგო, თმა და წამწამები დასველებოდა, ორივე ხელში თიხის ღრმა ჯამი ეკავა,_"ბებიამ, ძველებურად გაკეთებულილობიო და მწნილი მიირთვითო",_მიაწოდა მოხუც მწერალს ის ჯამები, ერთი გაანათა თვალებით, მიბრუნდა და თავდაღუნული გაიქცა წვიმაში. _"მადლობთ, შურთხი, გმადლობთ", დაადევნა მოხუცმა მწერალმა. შურთხიამ კი მიიხურა ჭიშკარი და ისევ თავდაღუნული გაიქცა მესრის გასწვრივ თავიანთი სახლისკენ. მათი სახლი ოდნავ შემაღლებულზე იდგა. აივნის თოკზე შურთხიას ბებია, ჯერაც ისევ ყოჩაღო ქალი, სარეცხს ფენდა. სახლის საკვამურიდან ჩქარ–ჩქარა ადიოდა კვამლი.
მოხუცმა მწერალმა ღიმილით დაიწყო ჯამები მაგიდაზე. "სულ ერთნაირი თვალები აქვთ"... ლობიო იყო წვნიანი, შენელებული ნიგვზით და ქონდრით. მწნილი_ვარდისფერი, თითქმის ნახევარი თავი კომბოსტოსი, რაღაც მწვანილების ფურცლებდაწებებული. კარადიდან გამოიღო პური, დანა და კოვზი. მოჭრა პური, მერე დაჭრა კომბოსტოც, ამოურია კოვზი ლობიოს. ეს იყო უგემრიელესი ლობიო, რაც კი ქვეყანაზე ეჭამა ოდესმე, მწნილიც_უგემრიელესი. ჭამდა და ძლივს იკავებდა ცრემლს, თანაც უკვირდა, რა არის ეს, რატომ მიჩვილდებაო გული_ნაომარს, მერე ნაციხარს, მერე თავდაღუნულ მშრომელს, თანაც_სად აღარ... ცდილობდა ჭკვიანური პასუხი ეპოვნა ამ კითხვაზე. "კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწა ნიმუშის აღმოჩენას." ადგა, რვეულში ეს ჩაწერა: "არ ვიცი, არაფერი არ ვიცი". მერე ფანჯარასთნ მიდგა. შურთხიას ბებია სარეცხს აღარ ფენდა. გულხელი დაიკრიფა. ისიც კი რაღაც სულის ამამაღლებელ მოვლენად ეჩვენებოდა, ხეებს რომ კენწეროები ყველას ერთ მხარეს ჰქონდათ წახრილი...
მეორე დღეს სამუდამოს მიძინებული ნახეს, თავის ძველ პალტოში გახვეული. თვალები ღიად ჰქონდა დარჩენილი, პირი ისე მოღრეცოდა, თითქოს სიმწრით ეღიმებოდა რაღაცაზე.
ნატა
ჯუზი, მადლობა ამ თემის გახსნისთვის.

"კოშკი,კარი რომ აღარ აბია არსაით.."

ჩემს ბავშვობაში საბავშვო ჟურნალში " დილა " გამოქვეყნდა რეზო ინანიშვილის მოთხრობა "ქარი რომ ქროდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა." მერე ორი კრებული მქონდა ინანიშვილის მოთხრობების, მაგრამ არცერთში არ იყო ეს მოთხრობა. სულ მეტირებოდა და ახლაც მეტირება ხოლმე, ამ მოთხრობას როცა ვიხსენებ. ის ილუსტრაციაც ზუსტად მახსოვს, რაც ამ მოთხრობას ქონდა ჟურნალში.
Fernando
ღამეულ ტყეში გამუდმებით ისმის რაღაც კრუსუნი, კვნესა და გმინვა. ძალიან კარგად უნდა იცნობდე ფლორასაც და ფაუნასაც, რომ მიხვდე რანი კრუსუნებენ, კვნესიან და გმინავენ, მაგრამ ამგვარი ცოდნის გარეშეც ადვილი მისახვედრია ერთი: წუხილი ყველგანაა, შესაძლოა თვით დედამიწასაც უჭირს, სახსრებში სტეხს და ქვემოდან გვევედრება რაღაცას.
Fernando
კაცი და ქალი

თებერვლის ცივი, ქარიანი წვიმის შემდეგ (ქარი კვლავაც ქრის), საღამო ხანს სველ ბინდში, რბილად გადაგლუებული გორაკის ფერდობს ნელ-ნელა ასდევს ბალანჩამოძენძილი გამხდარი მელა. წავა, ჩრდილივით უხმოდ გაძვრება ჩაშავებულ ძეძვებსა და ურო ბალახის ბღუჯებს შორის, შეჩერდება, აზუზული მოხედავს ქარსა და ჰორიზონტზე დახვავებულ ამღერებულ ღრუბლებს, უწადინოდ დააღებს პირს და ამოიხავლებს:
- ბჰა!
წავა, ქარი წააგვერდელებს, გაძვრება ძეძვებს შორის, ისევ შეჩერდება, ისევ მოიხედავს და მოიხავლებს საბრალობლად:
- ბჰაა! ბჰაა!
კაცი და ქალი ერთამენთს მიჰკვრიან და სუნთქვაშეკრულნი უყურებენ.
კაცმა თქვა:
- შია.
- ოჰ, რას ამბობ! – უკმაყოფილოა ქალი, – მარტოა და გუნება სტკივა.

juzi
ციტატა(ნატა @ 3.01.2011, 22:33) *
ჯუზი, მადლობა ამ თემის გახსნისთვის.

"კოშკი,კარი რომ აღარ აბია არსაით.."

ჩემს ბავშვობაში საბავშვო ჟურნალში " დილა " გამოქვეყნდა რეზო ინანიშვილის მოთხრობა "ქარი რომ ქროდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა." მერე ორი კრებული მქონდა ინანიშვილის მოთხრობების, მაგრამ არცერთში არ იყო ეს მოთხრობა. სულ მეტირებოდა და ახლაც მეტირება ხოლმე, ამ მოთხრობას როცა ვიხსენებ. ის ილუსტრაციაც ზუსტად მახსოვს, რაც ამ მოთხრობას ქონდა ჟურნალში.

(:

არც ჩემს კრებულში არაა ეგ მოთხრობა, ერთი ბუკინისტი დამპირდა სხვა კრებულს, და იმაში თუ იქნება ავკრებ აუცილებლად. სათაურიდანვე ჩანს როგორია ))
juzi
მიტოვებული შვილები
შეწმენდასაც შველოდა, ორივე ხელით უხახუნებდა ბეჭებზე პირსახოცს. დაავარცხნინა თმაც._ხილაბანდსაც მოგახვევო. კაცმა გაკვირვებით შეხედა._არ გაგიცივდეს სველი,_თმაში შეუყო ხელი. კაცს სიცილი აუტყდა, ქალიც მიხვდა, რომ სისულელეს ეუბნებოდა. უცებ წარმოიდგინა, კაცი სხვა რუხ კაცებში მდგარი, ორთქლი რომ ასდიოდათ რუხ ყინვაში და შეჭირხლული ჰქონდათ წარბები. ცხვირის წვერი დაეწვა, თვალები აჩქარებით აახამხამა._წადი, დაწექი, მეც ახლავე მოვალო. კაცი რატომღაც გალაჯული წავიდა, თითქოს უნდა გაქცეულიყო, თითქოს ყინულზე დასხლტომის ეშინოდა. საბანს ხელი აჰკრა და ლოგინში შეწვა. _უუუ! აღმოხდა აკანკალებულს. ხუთ წელიწადზე მეტი იყო, ნამდვილ საწოლში არ წოლილა._უუუ!_იძახდა უფრო ჩუმად და ვერ მიმხვდარიყო, რა ძახილი იყო ეს, სიამოვნებისა თუ ტანჯვისა.თვალები დახუჭა, კანკალი შეუჩერდა. იწვა თვალებდახუჭული. თანდათან ხვდებოდა სიამოვნებისა რომ იყო ეს თრთოლა და ძახილი. საბანი კარგად შემოიხვია, გვერდზე გადაბრუნდა. გაყუჩდა. მაშინვე ძილმა წაიღო, მაგრამ შეკრთა_დაძინება არ უნდოდა,_თვალები დააჭყიტა. რამდენჯერმე დაემართა ასე, ჩაეძინა და თვალები დააჭყიტა. ქალი ისევ წყალს ახმაურებდა. ბოლოს, როგორც იქნა, წყლის ხმაური შეწყდა. როგორც იქნა, ქალიც გამოჩნდა, თეთრი, თეთრი, თეთრპერანგიანი. თმას ისწორებდა ღიმილით. უკანასკნელი ნაბიჯები ტკეპნით გამოიარა, ღონივრად ადგამდა იატაკს ფეხს. კაცმა საბანი ასწია, ქალი შეუწვა, ლოგინში აიძრო პერანგი. მიეკვრნენ ერთმანეთს. ასე იყვნენ ერთხანს, ერთმანეთთან მიკრულნი, უძრავნი. მერე კაცის ხელი შეტოკდა. ქალი პატარა იყო, დაპატარავებული. ქალმა დაასწრო სიცილით,_რამხელა გამხდარხარ, ეე!_კაცი ხმას არ იღებდა. ჯერ იხუტებდა ქალს, მერე განზე გასწია, თითქოსსულის მობრუნებას აპირებდა. ქალმა გადიდებული თვალები მიაპყრო. კაცს ფიქრიანი, ფიქრიანი თვალები ჰქონდა. კაცი მიხვდა, ქალი ეკითხებოდა, რა მოხდაო. კაცმა გაიღიმა და ჩურჩულით უთხრა:_ისეთი ჩემიანი ხარ, ისეთი..რა სიტყვა უნდა ვიხმარო, არ ვიცი... მშო... არა, ქართულად არ გამოვა ეს... ისეთი ახლობელი, ღმერთისა მეშინია, რომ გეხვევი.
ქალს თვალები გაუთბა, შუბლი მიადო ყურისძირთან. იქ თქვა:_ორივენი ღვთის შვილები ვართ. _ღვთის შვილები?!._კაცმა მაღლა აიხედა, იყო ასე. მერე სიმწრით ჩაეცინა და ქალს დაუბრუნდა._მიტოვებული შვილები...
juzi
***
მე არავითარი მუსიკალური განათლება არ მიმიღია. შეიძლება სწორედ ამიტომაც საშინელი სიმძაფრით განვიცდი მას_მგზავრივით, რომელსაც შორიდან ესმის იდუმალებით აღსავსე მშვენიერი ხმები და არ კი იცის, თუ რის მიერ, რა მანქანებით გამოიყვანება ისინი.
juzi
ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ვის ელი, შე საბრალოვ! – შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, - ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი
მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.
გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:
- ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!
- მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.
მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.
ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, - ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.
მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.
შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა. მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ...
და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ – ნელა მოდიოდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, - თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე – წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში – ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.
ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.
ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.
juzi
მარტოობა

ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?! აქ ყველაფერი დამწიფდა, თხილიც შემოვიდა, ცვივა და ცვივა. ორი ზოლიანი პარკი გაგივსეთ, მზეზე გავახმობ და ზამთრისთვის შეგინახავთ. მაგრამ ქართულ გულაბს რა ვუყო, ბორბალა მსხალს რა ვუყო, ან ამოდენა ჭანჭურები სად წავიღო, ან ყვითელი ატამი!
ბაზარ_ბაზარ მე ვეღარ ვივლი, შვილო! გავჩირო? ლისტებიც აღარ მაქვს, რც ძველები იყო, ისიც სულ დაიშალა თან შარშანდელი ჩირიც არ გაგითავებიათ. დამამზადებელს ჩავაბარებდი, მაგრამ ზედ დამკრეფი არავინა მყავს, ძირნაყარ მწიფეს კიდევ არ იბარებენ. მთელ ჩვენს უბანში სულ ბებრებიღა ვართ შინა. ფეფელა, ნიკა ძია, აირუმი, მკუპრავი, ძულიაანთ ქალი, ნატაშა, კოჭლი ალექსანდრე, იმისი ცოლი_საცოდავი ფშავლის ქალი, ამასწინათ წნევამ დაარტყა და ძლივს მოვაბრუნეთ._ნინა ძალო, დარეჯანი და მე. ჩვენც ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდა. შევხვდებით და ავზუზუნდებით ფუტკრებივით:"არავინ ჩამოგივიდა, დარეჯან?" "შენა? სენებისა ხომ არაფერი გაიგე, ელისაბედო?" ვიკავებთ თავს, მაგრამ როდემდის, ბებო გენაცვალოთ თქვენ, ვიკავებთ თავს და მერე კი გავაპარებთ მოსახვევის ყურს თვალებისაკენ.
გუშინღამ დიდი წვიმა იყო. მოვარდა ერთი ცოფიანი ქარიც. იჭექა, ირუხრუხა, ცოტა ხორხოშელაც წამოურია, მაგრამ არაფერი გაუფუჭებია. დილით, ბაღში რომ გავედი, გავშტერდი, ისეთი რამ ვნახე: მთელი ქართული გულაბი სულ ძირს იყო ჩამოსული, ეყარა ნაწვიმარ მწვანე ბალახში ყვითლად, სასიამოვნოდ, კალოსავით მრგვალად. ავიღე ერთი, სუფთა, უხალო, მერე მეორე, მესამე, მეოთხე. მერე გავიფიქრე, ვისთვის ვაგროვებ_მეთქი, მე ხომ ერთი გულაბი მთელ დღეს მეყოფა ჭირადაც და ლხინადაც. მეზობლებს მივაწოდო? იმათ ჩემზე მეტი აქვთ. დავყარე ისევ ის გულაბები, ჩავჯექი ბალახებში და ამომიჯდა გული. რისთვის ჩაიკლა თავი ამ ბაღში და მამულში პაპათქვენმა? რისთვის მოვიძულეთ მიჯნებზე ჩხუბით მეზობლები?
მოსულიყო მურა და ამომდგომოდა გვერდზე. წკმუტუნებდა, თავს მხარზე მადებდა. ესღა მყავს ხმის გამცემად, ეს საცოდავი. ესეც დაბერდა, შავი ცხვირი სულ გაუჭაღარავდა. ამას წინათ თუშების ძაღლებმაც ჩათეთქვეს.
ღნავალას თავისი საქმე აქვს, იმ თავმკვდარს ოთხი კნუტი დაუგდია გაბრო პაპას სათივეში, სანამ კარგად არ წამოზარდა დაბლა არ ჩამოუყვანია. როცა ჩამოიყვანა, უკვე დაპეწილი, დამუსლიკებული კნუტები იყვნენ, სულ წითურები, თვალჭრელები, ვიღა გადაუყრიდა! დადიან ახლა ფარად: ღნავალა, ბაზო, ხატო და ეს ოთხი კნუტი. სახელებიც არა აქვთ, ჩამოდით და თქვენ დაარქვით. დილას ღნავალას ერთი დიდი თაგვი ეჭირა, მიდიოდა ის და მისდევდნენ თამაშ-თამაშით სხვები, შინ არც კი შემოდიან, ბაზოს და ხატოს მეტი.
თქვენმა ჟრუნა ციცარმა ფეხი მოიტეხა მესერზე_გაცეხილ ფიცარში ჩაეჭიდა და ჩამოეკიდა. შევუხვიე, დავუარტახე და მოურჩა. ცოტათი კი კოჭლობს. თაფლი ამოვაღებინე, ერთი სკა სუსტი იყო, მეორიდან თორმეტი კილო ამოვიდა. თავკვერიც დამწიფდა. ღამღამობით ჭოტი მოდის ხოლე კაკალზე, ზის და იძახის მთელ ღამეს:_ჭყუუტ! ჭყუუტ! ჭყუუტ!_გამიკრთება ძილი და ვუგდებ იმის ხმას ყურს. ხანდახან მეშინია, ვაითუ ამ მარტოობაში მეც ჭოტად ვიქცე და ვიარო ხიდან ხეზე, ნანგრევიდან_ნანგრევებზე. ბოლოს როდის-როდის იყივლებენ მამლები, აჟღურტულდებიან მერცხლები.
ცამოდით, ჩამომხედეთ, შვილებო, გამახარეთ. ჩემს გახარებას არა ვჩივი, თქვენ გაიხარეთ. როგორ დავიჯერო, ჩვენი ხევის სიო არა სჯობდეს მაგ გადახრიოკებული მწყნეთის ჰაერს. ჩაქრეს ეგეცა და მაგის ჰაერიც! მანდაური ხომ არაფერი იჭმება, რამდენი ვინმეს ხელში უნდა გაიაროს, სანამ თქვენამდის მოვიდოდეს. მერე, მწყნეთელები!.. აი, რატომ ღმერთ არ გაიცინებს, რომ ეგენიც ქვეყნის მარაქაში გავიდნენ!
ჩამოდით შვილებო, მამასა და დედას თუ არ სცალიათ, თქვენ ჩამოდით. ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სულ ახალ-ახალ კარაქს გაჭმევთ, ნინა ძალოს მეორე ძროხამაც მოუგო, კვერცხსაც მიდებენ ქათმები. წიწილებიც დაიზარდნენ, ჩამოდით შვილებო. სხვა არა იყოს რა, ყმაწვილის ფეხი სჭირდება ჩვენს ეზოსაც, თორემ საცაა ბალბა და ჭინჭარი გადაუვლის მთლიანად.




elegia
გაიხარე ჯუზი, ამ ღვთისკაცის ნაგრძნობ/ნაწერებს რო დაგვიდებ ხოლმე აქა...




ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.