დახმარება - ძებნა - წევრები - კალენდარი
სრული ვერსია: ესსეები
Rustavi 2 Forums > სხვადასახვა > კულტურა > ლიტერატურა
juzi
ერთი წინადადების ვარიაცია
გივი ალხაზიშვილი

ვეძებე და ვერ მივაკვლიე სამუელ ბეკეტის ერთი მოთხრობის პერსონაჟის იმ ფრაზას, რომლის ზუსტ ციტირებასაც ვერ შევძლებ, მეხსიერებაზე დაყრდნობით კი შემიძლია დაახლოებითი ვარიანტის აღდგენა, სადაც, ვფიქრობ, წინადადების აზრი უცვლელი რჩება. თუმცა, არც იმის დაჩემება შეიძლება, რომ პირველწყარო არ გადასხვაფერდა მკითხველის, ამ შემთხვევაში ჩემი უნებლიე თანამონაწილეობის შედეგად. ამას უნდა დავუმატოთ მთარგმნელის სავარაუდო `ჩარევის~ შესაძლებლობა, როცა იგი ორიგინალის ენიდან თარგმნიდა ბეკეტის ტექსტს. ასეთი გააზრება მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიერ მეხსიერებაში შემონახული წინადადება, რომელიც, როგორც მკითხველი დაინახავს, არის ერთგვარი დასკვნა, ან იქნებ შედეგი, ნაგულისხმევი, ფურცელზე აღუბეჭდავი დისკურსისა, თავისთავად რომ მოიაზრება როგორც ამ მოკლე წინადადების წინარე ისტორია, ეგზისტენციური დაკვირვებებისა თუ მკაფიო შთაბეჭდილების ბოლო აკორდი, რომელიც დაფარული ლოგიკის, სავარაუდო ნაფიქრალის, ჩავლილი ცხოვრების უმტკივნეულესი შედეგია.
აი, როგორ ჟღერს ბეკეტის პერსონაჟის წინადადება, ჯერ თარგმანისა, ხოლო შემდეგ მეხსიერების წყალობით რომ დაშორდა პირველწყაროს: რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ, მთავარია, რომ ლაპარაკობენ!
აბსურდის ესთეტიკისთვის დამახასიათებელი საგულდაგულოდ შენიღბული ტრაგიზმი ან იქნებ ტრაგიზმის შეგნებული ნიველირება, რომელიც თავისთავად ყოველთვის გულისხმობს ტრაგიზმის დაძლევის სურვილს (სხვა საკითხია, დაიძლევა თუ არა ტრაგიზმი) და ეს დაძლევის სურვილი, სხვა არა არის რა, თუ არა დაუძლევლის დაშლა, დეკონსტრუქცია, მისი პაროდირება და რადგან აბსურდის ესთეტიკა ახალ მხატვრულ სინამდვილეს ქმნის, იგი ყოველთვის ამოზრდილია ამაოების ტრაგიკული გააზრებიდან. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს მრავალგზის განცდილ, აღმოჩენილ, დაუძლეველ ჭეშმარიტებასთან, რომლის გამოხატვის მხატვრული ფორმები აბსოლუტურად შეიცვალა, მაგრამ იგი – ჭეშმარიტება, ერთი შეხედვით დეგრადირებული, ირონიის ობიექტი, მუდამ იგულისხმება, მუდამ თანამონაწილეობს ნებისმიერ მხატვრულ, მეტადრე აბსურდის ესთეტიკით აგებულ წარმატებულ ნაწარმოებებში, და რაც მთავარია, ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მერყევი საყრდენი ან აუცილებელი პარადიგმა (გაიხსენეთ ერაზმ როტერდამელის ხოტება `სისულელის ქება`).
– რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ, მთავარია, რომ ლაპარაკობენ! დარწმუნებული ვარ ჩემი მსჯელობის პირობითობაში ან მოსალოდნელ სიმცდარეში და მიზნად არ დამისახავს, რაიმე ახალი აღმომეჩინა. უბრალოდ, შევეცადე იმ შთაბეჭდილების კვალი მეჩვენებინა, ყოველთვის რომ მისხლტება ხელიდან და რაც დრო გადის, ახალი კუთხით წარმოჩნდება. როგორც ახლა ვხვდები, ამ ოპუსის დაწერის გაუცნობიერებელი მიზეზი, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ გავთავისუფლდე, ერთი შეხედვით, იმ გულგრილი წინადადების მძაფრი ზეგავლენისგან, რომელიც სულ არ არის გულგრილი და უფრო შემაძრწუნებელია, თუნდაც იმიტომ, რომ წინადადება, რომელიც მოჰყვა ჩავლილ, გადახარშულ, მივიწყებისთვის განწირულ ტრაგედიას, სულაც არ არის ჩავლილი. იგი უფრო მძაფრადაა გათავისებული, მუდამ იგულისხმება სამივე დროში და მასზე საუბარი შემოვლითი გზებისკენ უბიძგებს ავტორს და იგი იძულებულია დაიწუნოს კლიშედქცეული სწორხაზოვნება და გაცვეთილი მხატვრული საშუალებები.
მოდი, მივყვეთ ბეკეტის წინადადებას (მე უკვე გაგიმხილეთ, რომ საკუთარი მეხსიერებიდან ვახდენ ციტირებას და შეცდომისგან არ ვარ დაზღვეული), გავამძაფროთ იგი, შევინარჩუნოთ ლოგიკის პათოსი და შევძინოთ უფრო მკაცრი, უფრო არაადამიანური სემანტიკა:
რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკვდა?! მთავარია, რომ მოკვდა!
ახლა გადავინაცვლოთ ბელეტრისტიკაში და ვნახოთ, რა გამოვა.
ფანჯარაში გაიელვა უცნობის სახემ, შემკრთალმა მზერამ, მერე უჩინარმა ხელმა გადასწია ფარდა და იგი გაქრა. არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა მისი თვალები, ალბათ, თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობის გამო. ვინ იცის, რა დაინახა, რა აღებეჭდა მეხსიერებაში, რა შთაბეჭდილება წაიყოლა თან, ოთახის ბინდბუნდიდან რომ რამდენიმე წამით შეავლო თვალი ეზოს, ბაღს, ქუჩას, ადამიანებს?! რა შემოესმა გარე სამყაროდან – ჩიტების ჟივჟივი, მანქანების გუგუნი; ადამიანების ხმამაღალი საუბრიდან მის სმენამდე მიღწეული ცალკეული სიტყვები თუ კიდევ სხვა რამ, რაც მე არ მესმის, ან მესმის და სახელს შეგნებულად არ ვარქმევ?
რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაუჩინარდა – ვიღაც, უგვარსახელო, უცნობი, ერთ-ერთი ჩვენგანი ჩაიკარგა ოთახის სიბნელეში, მზერით აკენკა რაღაც; მის ყურთასმენამდე მიღწეულმა წყვეტილმა ხმებმა საით უბიძგეს, არავინ იცის; ფარდის ოდნავი გადაწევიდან დაშვებამდე, სახის გაელვებიდან გაქრობამდე თითქმის არაფერი შეცვლილა ჩემს მეხსიერებაში, მხოლოდ მისი თვალები გადარჩა, ფარდამ რომ ვერ გადამალა, ვერ ჩააქრო შემკრთალი ბრწყინვა და რაც მის თვალებში ბრწყინავდა, არ იყო შიში, შეძრწუნება ან სასოწარკვეთა. ეს იყო სულიდან ამოღწეული შუქი ან იმის შეგრძნება, რომ ყოველივე უცნობია, რაც ასე ახლობელი, ჩვეულებრივი და ყოველდღიური არსებობის აუცილებელი მთლიანობის ნაწილებია. ამ მთლიანობის პირობითობამ დააეჭვა და თვალს მიეფარა.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკვდა?! მთავარია, რომ მოკვდა! შეგრძნება, რასაც მისი თვალები ასხივებდა, გადამედო და ახლა ჩემში აგრძელებს თავის საშიშ არსებობას; ამიტომ შეუძლებელია ამტკიცო, რაც მოხდა, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა და მე არავითარი მონაწილეობა არ მიმიღიაო. რაც უნდა მარტო იყო, სულ იოლი აღმოსაჩენია შენი სიმარტოვის პირობითობა. შენ გეხება ყველაფერი და შენ ეხები ყველაფერს – ზეპირი თუ წერილობითი სიტყვით, ხმის ტემბრით თუ ჟესტიკულაციით, ფიქრითაც კი!
რა მნიშვნელობა აქვს რას ვამბობ, მთავარია, რომ ვამბობ! ამ აბსურდულობის სიბნელე, მზის სინათლით გამოწვეული სიბნელეა, თვალების ფსკერზე რომ აჩენს ფერად წერტილებს, რომლებიც ისე ძალდაუტანებლად გადაიზრდებიან ერთმანეთში, რომ მათი ცვალებადობის მართვა არავის ძალუძს. ის, რაც შენთვის უნებლიეა, იმ `უცნობი ღმერთის~ ნებაა, რომელიც ყველგან და კონკრეტულად არსად არის. ასე ერწყმის ერთმანეთს ყველაფრისა და არაფრის თითქოს ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი.
ვისაც ეს განცდა ერთხელ მაინც არ დაუფლებია, ბრიყვულად სჯერა თავისი შემოქმედების უეჭველი უკვდავებისა. ასეთი ბედნიერი მთხზველებით სავსეა ქვეყანა.
და ისევ გადავასხვაფეროთ ბეკეტის წინადადება:
რა მნიშვნელობა აქვს ბედნიერია თუ არა, მთავარია, ჰგონია, რომ ბედნიერია!
ეჭვი ცნობილი მღრღნელია, მაგრამ ის რომ არ არსებობდეს, ვიდრე ვართ, უფრო სულელები ვიქნებოდით.
რა მნიშვნელობა აქვს სულელი ხარ თუ ჭკვიანი, მთავარია, რომ ხარ! აბსურდი უსასრულოდ გრძელდება და იგი ყოფიერების უმნიშვნელოვანესი ღერძია.
juzi
ეს ხატული არ მინდოდა, ისრიანი მინდოდა unsure.gif
juzi
ჩანაწერები
ლადო ასათიანი

***

ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყეელაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები.

ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!


***

ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს, სამხრეთისაკენ ედემსა,

ეფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა, -


ეს სამი გა-გა-გა და ექვსი სა-სა-სა-სა-სა-სა - რუსთაველისად ჟღერს სტრიქონებში; კაი ოსტატი იყო სწორედ ჩვენი მოხუცი რაფიელი.


***


ქართველი გლეხი. ნამდვილი გლეხი. კარგად ვიცნობ იმერელ გლეხს, ლეჩხუმელს, მეგრელს, გურულსა და რაჭველს... ქართლელსა და კახელს -უფრო წიგნებით.

პრუდონი ამბობდა: მე მყავს 14 წინაპარი გლეხთა შთამომავლობა. დამისახელეთ თუნდ ერთი ოჯახი, რომელსაც ამაზე უფრო კეთილშობილი წინაპრები ჰყავდაო.


***



დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო.

გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა.

რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა.



***


ერთმა კრიტიკოსმა (კიდევ ერთმა!) ჩემი პოემა „კოლხიდა“ გააბიაბრუა. არ ღირდა ამ პოემაზე კალმის წვერის დაღლა, მელნის დახარჯვა, თოვლივით ქათქათა ქაღალდის დასვრა... ამდენიც არაფერია ის პოემაო...

ამის შემდეგ, იქნებ, გვეღირსოს და ტალახიდან ამოგვიყვანოს მსგავს კრიტიკოსთა სიმძლავრემ, მათმა დიდებამ და მათმა სიქველემ!



***


შალვა დადიანმა მიიღო ლენინის ორდენი. მივულოცეთ ახალგაზრდებმა ბინაზე - თერთმეტსართულიან შენობაში; ვიყავით: ლადო ავალიანი, რევაზ მარგიანი, გიორგი კალანდაძე, ალეკო შენგელია, ალიოშა საჯაია, ანდრო თევზაძე, შალვა ამისულაშვილი და მე.

„შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა“, უხაროდა. თმაშევერცხლილი მწერალი დინჯად უჯდა მაგიდას და დიდხანს გვესაუბრა.

ჩვენი შეხვედრა კინო-ქრონიკაში გადაიღეს და უჩვენებდნენ კიდეც სრულმეტრაჟიანი ფილმების ბოლოს: დინჯად უზის მაგიდას თმაშევერცხლილი, სახელოვანი მწერალი და თვალებში შევსციცინებთ პირტიტველა ჭაბუკები, - „ჩვენი მწერლობის საიმედო ცვლა“, - ასე გვიწოდა შალვამ მაშინ.


***


როგორ გამეხარდა, „დონ კიხოტში“ რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა ლიტრას თუ ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო. „ქილილა და დამანაშია“ ასეთი - ჭაროს ნათქვამი არაკი - „ხელმწიფე და დიდებული“: „მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება“.


***


რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსისხლხორცო და უსახო გმირები. აბა, დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი!


***


გრიგოლ აბაშიძეს ჰქონდა ფრანგულიდან თარგმნილი ფრანსუა ვიიონის რვასტრიქონიანი ლექსი:


მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი,

ახალგაზრდობა ვატარე ტკბილად,

სად მომეპარა სიბერის ლანდი,

სად გაქრა ჩემი სიცოცხლის დილა?

იქნებ ორი ფრთა მიაფრენს წყვილად,

იქნებ გაქროლა რაშით ფარულად?

დავდივარ, ვეძებ გაპარულს ფრთხილად,

ვერ გამიგია, საით წასულა.


ალიოშამ წაიკითხა და თქვა: ეს კაცი (ფრანსუა ვიიონი) ჩვენსავით ახალგაზრდა იყო, ქეიფობდა, ლაღობდა, დროს ატარებდა, ახალგაზრდობას კი მისტირისო. ასეთი წუწუნი ჩვენთვის ჯერ ადრეაო.


***


აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს.


***


მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო...


***


ისტორიული რომანი, რომელიც აამაღლებს ერს! გამოგონილი კი არა, ნამდვილი! არა ისეთი მეფეები, მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილები რომ არიან, თავადები - მოღალატენი და გლეხობა - აჯანყებული და გაყაჩაღებული! ასეთი ქვეყანა აქამდე დაიღუპებოდა!


***


აკაკი! აკაკი და სულ აკაკი!

სადაც დიდოსტატი აკაკი იყო, მასთან იყვნენ: მამია გურიელი, დუტუ მეგრელი, გრიშა აბაშიძე, ჭალადიდელი, ცახელი, მაჩხანელი, ვოლსკი-უმწიფარიძე, ჩვენი დომენტი თომაშვილი და კიდევ... და კიდევ... სხვა ცნობილი და უცნობი ქვეოსტატები.


***


სოფლიდან ჩამოვიდა პოეტი გიორგი შატბერაშვილი. იქ მასწავლებლადაა. ცოტა გამხდარია, გასოფლელებულია. ახლდა პატარა ბიჭი - ზებედე, პაპის სახელი ჰქვია. ლექსებს ხომ არ წერს შენი შვილი-მეთქი, გავეხუმრე, მაგას კი არა, მეც აღარ მცალია ლექსების საწერადო, მომიგო გიორგიმ.


***


რა იქნებოდა ტოლსტოისა და გოეთეს ხნის ბაირონი, პუშკინი, ბარათაშვილი ან ლერმონტოვი?


***


მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი. ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და „მეტაჩკეებთან“. ზამთარი იყო, - ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა წითლად აღაჟღაჟებული ვაჟკაცური მკერდი.


***


„გამო შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს!“ მე-19 საუკუნეში არავის არა აქვს ასეთი რითმები. აქ რაფიელ ერისთავი სწორუპოვარია. კიდევ აქვს იმ დროისათვის ახალი:მერანი-ვერავინ-ფერავენ, ხირიმი-ჭირიმე და ა. შ.


***


ძველებში: შოთა - საბა - გურამიშვილი - ბარათაშვილი - ილია - აკაკი - ვაჟა - ყაზბეგი - კლდიაშვილი - ნინოშვილი; ცოცხლებში: ნიკო ლორთქიფანიძე - გალაკტიონი!

ამათ თავიანთი საკუთარი მადლი და შუქი აქვთ!


***


„ვინც ღვინოს არ ეტანება, ყველა ღვინისმსმელი ლოთი და ვაგაბუნდი ჰგონია. ყურძნისა და ღვინის ქვეყანაში ლოთები უფრო ნაკლებია, ვიდრე უვენახო და უვაზო მხარეში“, - ეს გერცენის ნათქვამია.


***


რა მომწონს „კაკო ყაჩაღში“?: „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს, მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი“; „მითხარ, დედალო რას აკეთებდი?“ „და შეუნგრია გულის ფიცარი“; „შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!“; „ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა“...


***


სამოციანელთა მსგავსად ჩვენც უნდა ვუცადოთ ვინმე დიდის მოსვლას. ჩვენს ზურგზე გადაივლის ის დალოცვილი, წარუძღვება მთელს მწერლობას: თავს ისახელებს, ჩვენც გვასახელებს, ხალხს ასახელებს. წინასწარ ქედს ვიხრი მის წინაშე!

***


არ მეხარბება პინდაროსის ბედი, ოდებს ტირანებისა და ცნობილ დიდკაცთა დაკვეთითა და გარიგებული ფასით რომ წერდა. საზიზღარია დაქირავებული პოეტი!


***


დღეს ბაღში გადავიღეთ სურათი მე, მირზამ, შალვა დემეტრაძემ, იაკობ (ჟაკი) ბალახაშვილმა. ვზივართ მერხზე და შევყურებთ ფოტოაპარატს. ესაა და ეს, მეტი რაღა გვინდა!


***


სახარებას ქართული სიტყვისათვის უფრო ვკითხულობ. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს.


***


უნდა დავწერო ზღაპრები ლექსად:

როგორი იქნება გალექსილი „ასფურცელა“ და „ირმისა“ - ორი საუკეთესო ქართული ზღაპარი?


***


ჩვენს ნიკას „ორმოცი წლის ვუნდერკინდი“ შეარქვა ალიოშა საჯაიამ. მასვე ეკუთვნის ნიკაზე თქმული: „მდივანი გვყავდა ნიკოლა, ვაქებდით, - არა იყო რა!“


***


მშვენიერი ხალხური სიმღერები: „ფერად შინდი“, „ვახტანგური“, „შვიდკაცა“, „წინწყარო“, „ბროლის ყელსა“ და სხვები, - მეტად ძნელად შესასრულებელი და ჩახლართული სიმღერებია.


***


„ბედი ქართლისა“, „აჩრდილი“ და კიდევ სხვა რომელი? „თორნიკე ერისთავი!“ ეს სამი პოემა ეყოფა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს.


***


ქვეყანას მორწმუნე ადამიანი უნდა მართავდესო, გვითხრა ერთხელ ქუთაისის კათოლიკეთა ტაძარში პატრმა დონ დამიანე სააკაშვილმა.


***


„სულმნათნო, მადლი თქვენს გამჩენს, დიდება ერსა, თქვენს მშობელს“ - ეს სიტყვები უნდა წაეწეროს ილიასა და აკაკის ერთობლივ ძეგლს, თუკი ოდესმე დაიდგმება ასეთი.


***


მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! -

ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის.


***


დამამახსოვრდა: უშანგი ჩხეიძის ელვარე თვალები, ოდნავ მოღიმარი, ვაჟკაცურად ლამაზი სახე, შნოიანი აღნაგობა. ქუთაისის თეატრში ვნახე ერთხელ.


***


კარგი სიტყვებია: ლაჯანური, ლაბეჭინა, ლეხიდრისთავი, ლეშკაში, ლაღუმელა, ლეხიდარი, ლაილაში, ლარჩვალი, ლაჯანა, ლასხანა, ლახეფა, ლასურაში, - მთელი ლეჩხუმი ...


***


„შემოდგომის საღამოა მშვიდი,“

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“ -

ეს - ტერენტი გრანელია! ძალიან მომწონს!


***


სასადილოში რომ კაცი იყო, წარბს ზემოთ ხალი ჰქონდა, თითქოს ბუზი აჯდა. როგორ მინდოდა ამეფრინა: ერთხელ „აქშაც“ კი შევუძახე...


***


ალიოშა საჯაიას თვალები - რიბირაბო, დანისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხვებული.


***


ერთის სურათზე თქმული: ისეთი გამოხედვა აქვს, ყველაფერს იკადრებს: გიღალატებს, მოგატყუებს, ორ გროშად გაგყიდის.


***


ნარიყალა - ნარიგ-ყალა (მიუვალი ციხე სპარსულად); სოლოლაკი - სულუ-ლახი (სარწყავი არხი - იმავე ენაზე).


***


„რა ფერისაა ქვეყანა, ნეტავ მაჩვენა თვალითა?“ - რა სევდა ვიგრძენი ვაჟას ამ სტრიქონების წაკითხვისას!..


***


ხომ გენიალურია, დავით კლდიაშვილის არისტო რომ ბოხოხს დაახეთქებს მიწაზე?


***


ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ სვეტიცხოვლის კედელზე რომ ეხატოს, რა დიდებული საქმე იქნებოდა!


***


„ბუნების კარი“, - იშვიათია ასეთი სახელწოდება. ბევრ წიგნს არ ჰქვია ასეთი დიდებული სახელი.


***


მინდა, მქონდეს საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის... ისე, დიკენსმა რომ დაწერა და შეადგინა.


***


ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...


***


უნდა დავწერო ქართული კომიკური რომანი ლექსად.


***


უნდა გავმრავლდეთ მალთუსის ჯინაზე!


***


ფიროსმანს ყველაფერი გულუხვადა აქვს: პური ვარო, ღვინო ვარო!


***


დავდივარ იმ ადგილებში, სადაც ნიკალას დაუდგამს ფეხი.


***


ასი წლის კაცი, დოსტი ფიროსმანის, დადის ქუჩაში, უსინათლო...


***


სანჩო-პანსა - იმერელი გლეხია, ზემოური, ან ოკრიბელი.


***


ანდაზა: მდივნები წავლენ, წამოვლენ, მწერლები დარჩებიანო.
juzi
ყოველდღიური მისიონერობის შესახებ
პეტრე მეშჩერინოვი
თარგმანი რუსულიდან - ზაზა თევზაძე

(იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი – მოსკოვის საპატრიარქოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრის თანამშრომელი)

როდესაც მისიონერობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ მზადება ჩინეთში ანდა ფიჯის კუნძულებზე გასამგზავრებლად. ჩვენს გარშემო მყოფ ახლობლებს _ შვილებს, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორეული ქვეყნების ხალხებზე არანაკლებ სჭირდებათ ქრისტიანული მისია. ნუ გვგონია, რომ მისიონერობა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს ევალებათ. პეტრე მოციქული ყველა ქრისტიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “ხოლო თქვენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა” (1 პეტრე 2:9), “არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით” (1პეტრე 3:15). ამიტომ, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ მისიონერობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, ჩვენთვის ღვთისაგან მოცემული მნიშვნელოვანი და საყოველთაო მცნებაა.
ბევრი ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიმართულებით, უქადაგებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს იმ მიზნით რომ გააეკლესიუროს ისინი. მაგრამ, ჩვენი ქადაგება არცთუ ისე ხშირად აღწევს წარმატებას. ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება _ ჩვენი შრომა ადამიანებს ეკლესიას ჩამოაშორებს და არა იმდენად ჩვენი მცდელობა, რამდენადაც იმგვარი სახე ქრისტიანისა, როგორსაც წარმოვადგენთ. ხშირად ვაწყდებით ასეთ სიტუაციას: ცხოვრობდა თავისთვის ჩვეულებრივი ადამიანი; მოექცა სარწმუნოებაზე, გაეკლესიურდა _ და სრულიად აუტანელი გახდა თავისი ახლობლებისთვის. ისინი, უყურებენ მას და ფიქრობენ: თუკი ის მართლმადიდებლობის გამო გახდა ასეთი, ჩვენ ამისაგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ... ანდა ასეც ხდება:
,,ჩვეულებრივი” ოჯახი, ქმარი და ცოლი რამდენიმე წელია ერთად არიან, მოწესრიგებული აქვთ ყოფა, ურთიერთობა. უეცრად სადარდებელი უჩნდებათ _ მეუღლე მორწმუნე გახდა... და _ დასრულდა მშვიდობიანი ცხოვრება ოჯახში. ქმარი მიტოვებულია, მეუღლის მთელი ყურადღება ,,სულიერ ცხოვრებაზე” მოძღვარსა და სალოცავად სიარულზეა გადატანილი; ქმარს არ ესმის ცოლისაგან ნორმალური სიტყვები, გარდა “მართლმადიდებლური” ჟარგონისა და საყვედურებისა: არაქრისტიანი ხარ, ჯვრისწერა არ გინდა, არ მარხულობ, და ასე შემდეგ. შედეგი კი ასეთი ,,გაეკლესიურებისა” ისაა, რომ ოჯახი დანგრევის ზღვარზეა. მე მგონი, თითოეულ ჩვენთაგანს მტავალი ამგვარი შემთხვევის გახსენება შეუძლია.
რატომ ხდება ასე? ეკლესია ხომ თავის თავში უდიდეს და უცილობელ დამაჯერებლობას ატარებს, ის არ შეიძლება მიმზიდველი არ იყოს. რატომაა რომ ჩვენი ახლობლები ეკლესიური ადამიანების გაცნობისა და მოსმენის შემდეგ, არ მიდიან ეკლესიაში? რატომაა, რომ მთელი ჩვენი ზრახვების გულწრფელობის მიუხედავად, ადამიანთა წინაშე ვერ წარმოვადგენთ ,,მის სათნოებებს, ვინც სიბნელიდან, თავის საკვირველი ნათლისკენ გამოგვიხმო” (1 პეტრე 2:9)?
ცხადია, რომ ჩვენ სადღაც შეცდომას ვუშვებთ; და ასეთი შეცდომები მისიის საქმეში რამდენიმეგვარი შეიძლება იყოს.

კეთილი უწყება და გარეგნული ეკლესიურობა

ქრისტიანობისა და გამოხსნის შესახებ ქადაგებას, როგორც ეკლესიის არსისა, ხშირად ენაცვლება გარეგნული ეკლესიურობის ქადაგება; ეს ეფუძნება აზრს, რომ ადამიანი ღმერთს რიტუალის საშუალებით მიეახლება, რაც გარკვეულწილად შეიძლება აღვიქვათ როგორც მაგიზმი.
ერთი სასულიერო პირის ხატოვანი გამოთქმით, ჩვენ მიდრეკილი ვართ ვიქადაგოთ გუმბათები და ზარები და არა ქრისტე და ზნეობრივი ცხოვრება. ხშირად გავიგონებთ ასეთ ,,რჩევებს დამწყებთადმი” _ ,,შენ იმარხულე, იარე ეკლესიაში, იკითხე ესა და ეს ლოცვები, აუცილებლად გაემგზავრე რომელიმე ბერის (“სტარეცის”) სანახავად, გადაიხადე რომელიმე ხატის პარაკლისი” და ა.შ. დამწყები პასუხობს: ,,მე არ მესმის არაფერი რაც ეკლესიაში ხდება; ჩემთვის ლოცვებიც გაუგებარია”. რასაც, ამგვარი პასუხი მოსდევს: ,,არაუშავს თუ არ გესმის; მთავარია, რომ ეშმაკებს ესმით, არაა საჭირო შენ გესმოდეს რაიმე” _ ესე იგი, ყველაფერი თავისთავად, სადღაც ზეცაში ავტომატურად ხდება, საკმარისია მხოლოდ შეასრულო რაღაც განსაზღვრული ქმედება. სწორედ ესაა მაგიზმი.
სინამდვილეში კი, საეკლესიო რიტუალში მონაწილეობის წინ აუცილებელია მისი შემეცნება, ანუ მხოლოდ ძირითადი წყაროების, ქრისტესა და სახარების საშუალებით ხდება რიტუალები და ეკლესიურობის გარეგნული ფორმები გააზრებული და რეალური სულიერი შინაარსით სავსე. ამიტომაც, როდესაც გვსურს ვინმე ეკლესიას შეუერთდეს, მას უნდა დავაწყებინოთ არა სანთლებითა და მოსახსენებლებით, არამედ ჯერ განვუმარტოთ სარწმუნოების საფუძვლები და ეკლესიის მოწყობის პრინციპები; ეს საფუძვლები წარმოადგენს ქრისტეს _ როგორც მხსნელის ქადაგებასა და ზნეობრივ, სახარებისეულ ცხოვრებას.


რისთვის ვუხმობთ ჩვენ ქრისტესაკენ?

ხშირად ჩვენ ადამიანს ეკლესიაში ვუხმობთ არა იმიტომ, რომ ის ქრისტესია, არამედ იმიტომ, რომ ქრისტიანობა ტრადიციულია ,,წმინდა რუსეთში” და ჩვენი ერი, თავისი ჩამოყალიბების გამო, ვალშია მის წინაშე. Aამგვარად იქმნება არასწორი წარმოდგენა ეკლესიის შესახებ.
აქ უნდა ითქვას შემდეგი: ეკლესიას აქვს ფასეულობათა გარკვეული იერარქია და ყოველთვის საჭიროა გავარჩიოთ მისი რელიგიური არსი მისივე გარეგნული გამოვლინებებისგან. პატრიოტიზმი და ჯანსაღი ნაციონალური თვითშეგნება _ აუცილებელი და საჭიროა. მაგრამ, სწორედ ეკლესიაში ვერ დაიკავებენ ისინი პირველ ადგილს; ეკლესიაში მთავარი _ ქრისტე მაცხოვარია, მისი ღვთაებრივი პიროვნება. ეკლესიის ამოცანაა, სულიწმინდით შეაერთოს მასთან ადამიანები, არა ხალხები და ერები, არამედ თითოეული ადამიანი, თითოეული პიროვნება. ეკლესიას ადამიანი მიწიდან ზეცაში გადაჰყავს; ერები _ კი დაცემული სამყაროს მოწყობის ნაწილია, ამიტომაც ეკლესიის გაცნობა პოზიციიდან ,,რუსი _ მაშასადამე მართლმადიდებელი” _ ნიშნავს ქრისტიანული ფასეულობების მწყობრი წესრიგის ამოყირავებას და ზეცისაკენ მსწრაფი სულის ისევ მიწაზე დაბრუნებას. XX საუკუნის ისტორიამ ცხადყო, რომ _ რუსი ყოველთვის არ ნიშნავს მართლმადიდებელს. 1917 წელს რუსი ხალხის არცთუ მცირე ნაწილმა უარი თქვა ქრისტიანობაზე. მორწმუნე თანამოძმეების სისხლს სამწუხაროდ რუსი ადამიანებიც ღვრიდნენ...
მართლაც, თუკი განვიხილავთ მართლმადიდებლობის ისტორიულ კონტექსტს, დავინახავთ, რომ ადგილობრივი ეკლესიები ეროვნული ნიშნით იქმნებოდა; ეკლესია არ უარყოფს ნაციონალური ასპექტის მნიშვნელობას, ის პირველ ყოვლისა საკუთარ თავს სამოციქულო, ერთიან და კათოლიკე, ანუ მსოფლიო ეკლესიად აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მისი რასობრივი, ნაციონალური, სოციალური, საგანმანათლებლო, პროფესიონალური და ა. შ. თავისებურებებისა. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი თავად ადამიანია და არა ყველაფერი ის რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. როდესაც ეკლესიური ცხოვრების ეს პრინციპი დამცირებული ან დავიწყებულია, როდესაც პირველ პლანზე ნაციონალური იდეოლოგემები გამოდიან და განსაკუთრებულ ეკლესიურ ლეგიტიმაციაზე აცხადებენ პრეტენზიას _ ასეთ დროს, არსებულ ეკლესიურ სინამდვილეს აღარ ძალუძს სათანადოდ გამოავლინოს მარადიული, ზეციური არსი ქრისტიანობისა _ რისი თვითმხილველებიც ვართ ჩვენს თანამედროვეობაში.
სხვათაშორის, ეს ორი ჩანაცვლება, ქრისტესი _ რიტუალით და ეკლესიისა ნაციონალიზმით, ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობას ასე ძალინ იზიდავს პროტესტანტიზმი. ერთხელაც, ვესუბრებოდი ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც დანიელის მონასტერთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ჩვენს მიერ გამართულ კატეხიზაციის კურსებზე დადიოდა. Eეს ახალგაზრდა სულიერ ძიებაში იმყოფებოდა, რის გამოც იმ დროისათვის ის ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის წევრი იყო. როდესაც ვკითხე, თუ რა “არ მოსწონდა” მას მართლმადიდებლობაში, მან მიპასუხა: ,,მე ორი წელი დავდიოდი მოსკოვის ტაძრებში და ვუსმენდი იქ წარმოთქმულ ქადაგებებს, მათი 90 პროცენტი არაფერს ამბობდა ქრისტესა და სახარებაზე, პროტესტანტები კი, მათზე ასე თუ ისე მაინც ლაპარაკობენ. მე რასაკვირველი ვფიქრობ, რომ 90 პროცენტი აშკარად გადაჭარბებულია, მაგრამ ამ ყმაწვილის საყვედური უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

უარყოფითი ”ქადაგება”

აქცენტების აღრევა და ქრისტიანული ფასეულობების რღვევა იმაშიც ვლინდება, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ქადაგება უარყოფით ხასიათისაა. ჩვენს თავსაც და სხვებსაც ჩვენ ვუქადაგებთ ჯოჯოხეთს, მარადიულ სატანჯველს, ეშმაკებსა და მათგან წვალებას; ჩვენ ვაშინებთ ჩვენს თავსაც და სხვებსაც ანტიქრისტეთი, გლობალიზაციით და ა. შ. ყალბი ფასეულობების უარყოფისაკენ მოწოდება გადაიზარდა ცხოვრების ბუნებრივი წესის უარყოფაში. ქადაგებათა ამგვარ სისტემაში ქრისტე გვევლინება, არა როგორც მიზანი ეკლესიური და სულიერი ცხოვრებისა, არამედ უკეთეს შემთხვევაში, როგორც ჯოჯოხეთისა და ეშმაკთა (ან “გლობალისტური”) ზემოქმედებისაგან თავდასაცავი საშუალება.
აზრთა მწყობრი წყობის რღვევა, აქ აი რაში მდგომარეობს: ღმერთმა მოგვცა ჩვენ ცოდნა ჯოჯოხეთზე, ცოდვილთა დასჯაზე, ისტორიის ბოლოს სამყაროს დასასრულზე და სხვა, არა იმიტომ, რომ ეს გავხადოთ ჩვენი ცხოვრების ძირითად შინაარსად, არამედ _ რათა გვქონდეს ფხიზელი და ზუსტი შეხედულება ადამიანსა და ისტორიაზე. ჩვენი ცხოვრების მიზანი ქრისტეა, ცხოვრება მასთან ერთად და მისით. ქრისტესთან თანაარსებობა ნიშნავს მუდმივ სიხარულსა და მშვიდობას _ სწორედ ამით უნდა დავიწყოთ ქადაგება. ნებისმიერი ადამიანი ესწრაფვის ბედნიერებას და ეშინია სიკვდილის; ქრისტეა უმაღლესი ბედნიერება, ის არის აღდგომა და ცხოვრება (იოანე 11:25). ჯოჯოხეთი, ეშმაკები და ცოდვა კი სწორედ ისაა, რისგანაც იესომ გამოგვიხსნა. თუმცა ეს ხსნა უპირობო არაა. ის დამოკიდებულია ჩვენგან ღმერთის მცნებების დაცვაზე, ცოდვისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და საკუთარი თავის იძულებაზე სიკეთის ქმნისათვის, ჩვენს პირად ზნეობრივ, სულიერ და ეკლესიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურდღება, ხაზი გავუსვათ ქრისტესგან ბოძებულ თავისუფლების ნიჭსა და მასთან დაკავშირებულ ზნეობრივ პასუხისმგებლობას; სხვაგვარად ჩვენი რელიგია დადის ,,გრძნეულება _ ანტიგრძნეულების” ერთ-ერთ რიგით სისტემამდე, რომლის დროსაც ადამიანები სულიერ ცხოვრებაზე მაგიური შეხედულების ჩარჩოებში ხელახლა ექცევიან.
ამგვარად, ჩვენი ქადაგება დადებით ხასიათს უნდა ატარებდეს და პირველყოვლისა ქრისტოცენტრული უნდა იყოს, რადგან ამის გარეშე ჩვენი მოწოდება ადამიანებისადმი _ ”გაექცნენ ცოდვას” _ ქმედითი არ იქნება: ისინი უბრალოდ ვერ მიხვდებიან თუ რისი გულისათვის უნდა თქვან უარი მრავალ რამეზე _ ჩვენს დაცემულ სამყაროში ”ნორმად” რომ ითვლება, თუკი ვერ დაინახავენ, რას მიიღებენ სანაცვლოდ.
და კიდევ, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ამჟამად ძალიან მძიმეა. ჩვენი დრო გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით, გულგრილობითა და უიმედობით. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია, რომ თანამედროვე საზოგადოების იდეოლოგია ეკლესიაში არ გადავიტანოთ; დაუშვებელია ადამიანების ღმერთით დაშინება, ის ხომ არც გულცივი ბიუროკრატია, არც ზედამხედველი, არც ბოროტი აღმრიცხველი ჩვენი უღონობის, შეცდომებისა და ცოდვების. ის ჩვენი მამაა (1 იოანე 4: 16). ადამიანის სული ესწრაფის მხსნელს _ ქრისტეს და ნუგეშისმცემელ სულს. მას სჭირდება ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მადლმოსილების იდეალი, რომელიც არის _ იესო ქრისტე. არ შეიძლება წარმოვადგინოთ იგი ისეთად, როგორიც ის არ არის. დაუშვებელია, ქრისტე დავაყენოთ მეორე რიგში, მაშინ როდესაც პირველს დაიკავებენ ჯოჯოხეთი, ეშმაკები, ინტერნეტი, ჯადოქრები, მასონები, გლობალისტები და ასე შემდეგ. შეუძლებელია შეიცვალოს კეთილი უწყება ”ბოროტი უწყებით”, ასეთი ქადაგება არასდროს არ იქნება ნაყოფიერი.

პროფანირებული და ჭეშმარიტი ქრისტიანობა

ჩვენი წარმოდგენა ეკლესიაზე არცთუ იშვიათად ”პროფანირებულია”, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება ადამიანებისგან სახარებისეული მცნებების უცილობელ დაცვას, იძულებას სიკეთისათვის და ჩვენს გულებში არსებული ცოდვისადმი შეწინააღმდეგებას მოითხოვს; ასეთი ქრისტიანობა ფხიზელი, თანაბარი და ყურადღებიანია, მისთვის უცხოა თავშექცევა, და გარკვეული აზრით მშრალიცაა. ის სრულიად შინაგანია, გარეგნულად კი უბრალო, სადა, თავმდაბალი და შეუმჩნეველია. ამასთან, სახარებისეული ცხოვრება ძნელია, მას მუდმივი სულიერი ძალისხმევა სჭირდება (მათე 11: 12), ბევრისათვის ეს მოსაწყენი და უინტერესოა. როგორც ჯერ კიდევ წმ. ეგნატე წერდა, მრავალი ელტვის ეფექტებსა და გართობას; ამიტომაც ,,იხუნძლება,, ქრისტიანობა სხვადასხვაგვარი ღირებულებებით, როგორებიცაა _ ხილვები, ნიშნები, გამოცხადებები; მოგზაურობები წინასწარმეტყველი ბერების (,,სტარცების”) საძებნელად; სხვადასხვაგვარი ,,სიწმინდეების” თაყვანისცემა, სამყაროს დასასრულის ნიშნების გამოთვლა, უამრავი რაოდენობის გარდამოცემათა შექმნა ამა თუ იმ აღიარებულ წმინდანზე და ა. შ. არცთუ იშვიათად ამაში ეკლესიურ სამოსელში გადაცმული კერპთთაყ¬ვანისმც¬ემლობაც ირევა, როგორებიცაა ,,თაფლის”, ,,ვაშლის”, ,,ბლინების” და სხვა ხალხური დღესასწაულები, შობასა და ნათლისღებასთან დაკავშირებული ცრურწმენის მატარებელი წეს-ჩვეულებები და სხვა. სახიფათო აქ ისაა, რომ ეკლესიის სწავლებად მიიჩნევა არა წმიდა წერილი, არა წმიდა მამათა დოგმატური და ზნეობრივი გარდამოცემები, არამედ ისტორიულად არასანდო ცნობები და ,,ამქვეყნიური და დედაბრული ზღაპრები”(1 ტიმოთე 4: 7).
ამ ყველაფრის შედეგი ერთობ სამწუხაროა: ის ადამიანები, რომელთაც ფხიზელი გონება აქვთ, ეკლესიას აღიქვამენ, არა როგორც სვეტსა და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისა (1 ტიმოთე 3: 15), არამედ როგორც “ზღაპარს”. საერთოდაც, გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო და ინტელექტუალური დონე თანამედროვე ადამიანისა საკმარისად მაღალია, ამიტომ მას ვერ დააკმაყოფილებს ღმერთისა და ეკლესიის შესახებ დილეტანტური საუბარი და საეჭვო ისტორიების ორომტრიალი, რომელთა წარმოშობა საერთოდაც გაურკვეველია.


თავისუფლება ეკლესიაში

ხშირად ჩვენს ახლობლებს ეკლესიას წარმოვუდგენთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ აკრძალვათა და ვალდებულებათა სისტემას. იგულისხმება, რომ ეკლესიას, როგორც მოვლენას, რომელიც მოიცავს ადამიანური ცხოვრების ყველა მხარეს, არ შეუძლია ამა თუ იმ დისციპლინარული ნორმის გარეშე არსებობა, მაგრამ ყველაფერი ეს არის არა თვითმიზანი, არამედ ემსახურება მთავარს _ ადამიანის ღმერთთან და ღმერთში ერთმანეთთან ერთობას. “ხოლო სადაა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს” (2 კორინთ. 3: 17); უფალმა ერთხელ და სამუდამოდ დაადგინა “ყველა წესთა წესი”, “შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის” (მარკოზი 2: 27). ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში შეიძლება ყველაფერი მოვიმოქმედოთ რაც მოგვეხასიათება, ანდა შეგვიძლია თავისუფლად ვცოდოთ, გააზრებული შინაგანი ქრისტიანული ცხოვრების საშუალებით. ეკლესიის გარეგნული ფორმები მხოლოდ ასე აღივსება რეალური სულიერი შინაარსით და დაიცავსა და განამტკიცებს ჭეშმარიტი თავისუფლების სულს ქრისტეში. ამასთან, ისევე, როგორც ყოველი ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველას თავისი შესაძლებლობა აქვს, გარეგნული ეკლესიურობისა და ეკლესიის დისციპლინარული ნორმებიც თითოეულისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ეკლესიის არსი არა იმაშია, რომ ყველასათვის საერთო ”ჩარჩოებში” მოათავსოს ადამიანი, არამედ რათა მან გონივრულად და ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც ეკლესიას აქვს და იპოვოს თავისი გზა ქრისტესაკენ. ამაში ვლინდება ეკლესიისათვის დამახასიათებელი უდიდესი პატივისცემა პიროვნებისადმი, მისი თავისუფლებისადმი და მისდამი ნდობა.
ჩვენთან, სამწუხაროდ სწორედაც პიროვნებისადმი პატივისცემა მოისუსტებს, ითვლება, რომ ეკლესიაში ყველა ერთნაირი უნდა იყოს, რომ ყოველი ადამიანისთვის მხოლოდ ერთიდაიგივე ხსნის რეცეპტია გამოწერილი; მაგრამ ეკლესია, სრულიადაც არაა ყაზარმა, სადაც ყველა ვალდებულია ,,იცხოვროს მწყობრში”. ერთხელაც ამ თემაზე ვესაუბრებოდი ხნიერ პროფესორს იმ სასწავლებლისა, სადაც მე ვსწავლობდი. ამ ჭკვიან, კეთილ და ზნეობრივ ადამიანს ჰქონდა ღვთის რწმენა, მაგრამ ეკლესიაში მისვლა არ უნდოდა. ,,საკმარისი იყო ჩემს ცხოვრებაში საბჭოთა კოლექტივიზმი, აღარ მინდა სხვა იმდაგვარი. გარდა ამისა, მე ვიწყებდი ეკლესიაში სიარულს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა; იქ მითხრეს, რომ ვალდებული ვარ ვაკეთო რაღაც, მაგრამ არავინ ამიხსნა, თუ რატომ ვიყავი ვალდებული. მე, მაგალითად, არ შემიძლია მარხვა, ჩემი ორგანიზმი ვერ ეგუება სამარხვო საჭმელს; ახალგაზრდა მღვდელმა ამის პასუხად მითხრა _ რომ ეს ყველაფერი მიზეზები, პატივმოყვარეობა და ქედმაღლობაა, რომ მარხვა არავისთვის საზიანო არაა, და საერთოდაც ის საუკეთესო წამალია ყველა ავადმყოფობისა, ხოლო ექიმებს, რომლებიც არ არიან მორწმუნენი, არც უნდა მოვუსმინოთ; მარხვის გარეშე ეკლესია ზიარების უფლებას არ იძლევა და რადგანაც ეს ასეა, მე იქ არც დავდივარ”... ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა. იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ ადამიანს, განავითაროს, სრულყოს და “გააეკლესიუროს” მასში უკვე არსებული რწმენა ქრისტესადმი, მას აბრკოლებენ აკრძალვებითა და იმ მომენტისათვის და იმ ადამიანისთვის შეუსაბამო მოთხოვნებით... ასე ხომ ძალიან ხშირად ხდება. როდესაც ადამიანები გვისმენენ, ფიქრობენ, რომ ეკლესიის ფუნქცია მხოლოდ ,,შეიძლებასა” და ,,არ შეიძლებას” ცნებებით ამოიწურება; რომ ეს თითქოს რაღაც გალიაა, რომელშიც მას შემდეგ რაც ადამიანი ხვდება და მის უკან კარები იხურება _ ცხოვრება დასრულებულია; რჩება მხოლოდ მარხვები და წესები, მორჩილება და თავის შეკავება ყველაფრისაგან, რისგანაც კი შესაძლებელია. ადამიანებს ეშინიათ, რომ ისინი ეკლესიაში თავიანთ თავისუფლებას დაკარგავენ და ამ საშიშროებას საფუძველი ეკლესიის ჩვენეულ, “მართლმადიდებლურ” აღქმაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი გადავცვლით თავისუფლებას წესებსა და აკრძალვებზე, ამით მოვიპოვებთ ,,ცხონების გარანტიას”, რაც სინამდვილეში არც გარეგნულსა და არც არანაირ წესებში არ არის. ჩვენი ხსნა იმაშია, რომ ჩვენს გულებში სულიწმინდა დამკვიდრდეს, რომელიც სუფევს სიწმინდესა და თავისუფლებაში _ სადაც არაა თავისუფლება, იქ არც სულია.
ამიტომაც, როდესაც გარეშეთ ეკლესიაზე ვესაუბრებით, მათ ქრისტე, თითოეული ადამიანისადმი მისი სიყვარული უნდა გავაცნოთ, მოვუყვეთ სულიწმინდის განმანათლებელ ძალაზე, ადამიანთა განმათავისუფლებელზე მტანჯველი ცოდვისაგან და ამ სამყაროს სტიქიების ტყვეობისაგან, რომ მხოლოდ ეკლესიაში მოიპოვებს ადამიანი ნამდვილ თავისუფლებას _ და არ დავხუნძლოთ იგი ცხოვრების სქემატური და დაწვრილმანებული რეგლამენტაციით.

ქრისტიანული ცხოვრების ნიმუში

და ბოლოს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავად ჩვენ ვერ ვიძლევით ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს; ადამიანები, რომელთაც ჩვენ მივმართავთ, ძნელად თუ იტყვიან ჩვენზე იმას, რასაც პირველ ქრისტიანებზე ამბობდნენ _ “უყურეთ, როგორ უყვართ მათ თავიანთი ქრისტე და ერთმანეთი”. გარეშე ადამიანთა თვალში ჩვენ ისეთივენი ვართ, როგორც ნებისმიერი სხვა და ხანდახან უარესნიც, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ქრისტიანობა მხოლოდ სიტყვებია. ჩვენი რწმენა და საქმეები, მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტების სისავსე და ჩვენი ყოველდღიურ ეკლესიური სინამდვილე ერთმანეთს ძლიერაა დაცილებული. უფრო მეტიც, ეს ეკლესიური სინამდვილე თავის უკიდურეს გამოვლინებებში მართლმადიდებლური წესის ნაციონალისტურ მაგიზმამდე დადის. რატომ ხდება ასე? ჩვენ ხომ ბოროტგანმზრახველნი არა ვართ, გვიყვარს ჩვენი ეკლესია, გვესმის და ვგრძნობთ ამ პრობლემებს... მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებად ყოფნა არ ხელგვეწიფება. გამოდის, რომ ცხოვრება თავის წესით მიდის, ხოლო მართლმადიდებლობიდან გვრჩება მხოლოდ დოქტრინა, რომელსაც გულმოდგინედ ვინახავთ, ვაფასებთ, გვიყვარს... მაგრამ არ ვცხოვრობთ მისით. რაშია მიზეზი ამგვარი მდგომარეობისა? რატომ არ ხდება ჩვენი ეკლესიური ცხოვრების სათანადო რეალიზება?
ამის მიზეზი, რა თქმა უნდა მრავალია და ყველა მათგანის განხილვა რთულია. მხოლოდ ორს აღვნიშნავთ: წმიდა წერილის როლის დამცრობა და ეკლესიის გარდამოცემის არასწორი აღქმა.
,,ღვთის ეკლესიას ასაზრდოებს ორი სტიქია, ღვთის სიტყვის არსი და საეკლესიო საიდუმლოებები” _ წერდა წმიდა თეოფანე დაყუდებული. წმიდა წერილი და სახარება იმიტომ მოგვეცა ღმერთისაგან, რომ მათი საშუალებით უზენაესის ნება შევიცნოთ და მასთან თანხმობაში ვიცხოვროთ. ღირსი სერაფიმ საროველი ურჩევდა, ისე შეესწავლათ ახალი აღთქმა, რომ გონებას თითქოსდა “ეცურა” წმიდა წერილის სიტყვებში. ღირსი ანტონი დიდი ამბობდა, რომ ყოველი საქმის კეთებისას, ჩვენ წმიდა წერილის მოწმობა უნდა გვქონდეს. ყოველდღიურ ყოფაში კი ხშირად აღმოჩნდება, რომ ეს არცთუ ისე საინტერესო და საჭირო ყოფილა მართლმადიდებლებისთვის. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ეკლესიაშიც დადის, საიდუმლოებებშიც მონაწილეობს, მართლმადიდებლად თვლის თავს და აქტიურად იბრძვის მის დასაცავად _ ხოლო ახალი აღთქმა არათუ საფუძვლიანად არ იცის, არამედ მთლიანად არცა აქვს წაკითხული. არსებობს ამისი ,,ახსნაც” _ სახარება იდეალია, ხოლო ჩვენ _ ცოდვილი ადამიანები იდეალამდე შორს ვართო... რა თქმა უნდა, სახარება გვიჩვენებს იდეალს _ უფალ იესოს, ხოლო თავად ევანგელიე (კეთილი უწყება), თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ცხოვრების ზუსტი და შეუცვლელი ინსტრუქციაა, რომლის მუდმივი შესრულების გარეშე ქრისტიანობაზე ლაპარკიც კი შეუძლებელია. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ეკლესიური გავხადოთ ჩვენი ახლობლები, იშვიათად მივმართავთ დასახმარებლად წმიდა წერილს.
ერთ სასულიერო პირთან მივიდა მისი მრევლის წევრი და ეუბნება: ,,მამაო, რა მოვუხერხო ჩემს მეზობელს, არ უნდა ეკლესიაში სიარული. მე მას ყველანაირი წიგნი მივეცი, მან წაიკითხა და მითხრა: ,,არა, მე თქვენს ეკლესიაში არ მივალ”. ,,რა მიეცი შენ მას?” _ დაინტერესდა მოძღვარი. კარგი წიგნები, მართლმადიდებლური _ იყო პასუხი _ ანტიქრისტეზე, ვასილი ახლის ,,ნეტარი თეოდორას ცხოვრება”, ,,რუსეთი მეორედ მოსვლის წინ”, ,, მღვდლის 8 000 პასუხი სხვადასხვა კითხვაზე” და კიდევ სხვა ბევრი ამდაგვარი. “რატომ არ მიეცი მას თავდაპირველად სახარება?” _ დაისვა შეკთხვა, რასაც პასუხი არ მოჰყოლია...
პროტესტანტებთან ახალგაზრდობას ისიც იზიდავს, რომ ისინი აქტიურად შეისწავლიან წმიდა წერილს. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, რომ სახარება ჩვენთვის ისეთი სიწმინდე კი აღარ იყოს, რომელსაც მხოლოდ ვემთხვევით არამედ აქტიურად ხორციელდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში _ აზრთა თუ მოქმედებათა საშუალებით. ნ. ლოსკის აზრით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წმიდა გარდამოცემაზე, აუცილებელია გავარჩიოთ თავად გარდამოცემა მისი ფორმებისაგან. წმიდა გარდამოცემა არის სულიწმინდის მყოფობა ეკლესიაში, მისი ფორმები კი ისტორიულად ყალიბდება და გამოავლენს სულიწმინდის მყოფობას ამა თუ იმ ეკლესიურ მოვლენაში. ამ კონტექსტში წმიდა გარდამოცემის მიღება ნიშნავს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობას, მასთან ,,შეერთებას”. ეს კი შესაძლებელია თავისუფალი და პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ქრისტიანული ცხოვრებით. წმიდა გარდამოცემის ფორმები გვიჩვენებენ ამგვარი შინაგანი გამოცდილების ჩარჩოებს, მიმართულებებსა და მეთოდებს, ხოლო თავად ეს ფორმები არ არიან “ავტომატურად” სულიერნი, ისინი ინდივიდუალურად უნდა გაიაზროს და გაითავისოს თითოეულმა ქრისტიანმა.
ძირითადი შეცდომა იმაშია, რომ ჩვენთვის გარდამოცემის ისტორიული ფორმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად გარდამოცემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში უსიცოცხლო ხდება და გადაიქცევა ზემოთნახსენებ ,,სქემად” წესთა, დადგენილებათა, აკრძალვათა კრებულად, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ ასკეტურ ქცევათა ჩამონათვალად და ა. შ. გარდამოცემისათვის ყოველთვის დამაახასიათებელია მოცემული ეპოქის გააზრება ქრისტეს სახარებისეული ჭეშმარიტების თვალსაზრისით. ჩვენ კი, როდესაც გარდამოცემად მის ფორმებს ვიღებთ, ამგვარი გააზრების უნარს ვკარგავთ. გვეშინია კითხვების, რომელთაც ჩვენს წინაშე სვამს ცხოვრება, გავურბივართ მათ, ხოლო პასუხად მოვიხმობთ ან ახალ, ისტორიაში არარსებულ პრობლემებს, ანდა მხოლოდ ათასი წლის წინანდელ საეკლესიო მწერლობას, ეს სრულიადაც არ იზიდავს ჩვენსკენ ადამიანებს, _ მათ თვალში ჩვენ სრულიად შეუსაბამო ვართ იმ სიტუაციისა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეკლესია უნდა იყოს ყოველთვის თანამედროვე, რადგან ის მარადიული განხორციელებაა ახალი აღთქმისა. ჩვენ კი მისგან ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვქმნით.
ბევრი მართლმადიდებლისათვის გარდამოცემა რეალობიდან, სამყაროს ფხიზელი აღქმიდან გაურკვევლ მექანიკურ ოცნებაში წასვლის საბაბია, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სულიერ ნაყოფებს და ვეღარ ვცხოვრობთ ნამდვილი ცხოვრებით, მაგრამ ვთხზავთ მას, როგორც ჯერ კიდევ X1X საუკუნეში ამის შესახებ წმიდა ეგნატე წერდა. რადგანაც ჩვენ ვერ ვიხსნებით სულიერი ცხოვრებისათვის, ვერც სხვებს გამოვუცხადებთ მას, რადგან მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმისა, რასაც ფლობ.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ძნელია იყო უბრალოდ ნორმალური, წესიერი, საღად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანი. სწორედ ამისათვისაა ასკეტური გმირობა და ღვაწლი. ასეთად უნდათ, რომ გვხედავდნენ ქრისტიანებს გარეშე ადამიანები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თანამედროვე საზოგადოება ამგვარი თვისებების უდიდეს დეფიციტს განიცდის. ჩვენ კი, როცა ვხდებით მართლმადიდებლები და ვიბნევით ასკეტური დამწერლობის გაუვალ ტევრში, შეძენის მაგივრად ვკარგავთ ამ თვისებებს. ჩვენ გვაინტერესებს იესოს ლოცვის სიღრმეები, აბსოლუტური მორჩილება, მისტიკური სულიერება, ტიპიკონური მარხვა და ა. შ. მაგრამ ცაში ამ “ფრინველების” დევნაში გართულები ხშირად ჩვეულებრივ ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ და გვემართება ის, რაც წმიდა ბასილი დიდმა მრავალი წიგნის წაკითხვის შემდეგ მონასტერში წასულ ერთ მაღალჩინოსანს უთხრა _ “შენ სენატორობაც დაკარგე და ვერც ბერი გახდიო”.
ერთი მიტროპოლიტი შესანიშნავ დარიგებას აძლევს ახლადაღკვეცილ ბერს: ,,ანგელოზებრივი სახის (იგულისხმება მონოზვნობა) მიღებისას, გაფრთხილდი, არ დაკარგო ადამიანური”. სამწუხაროდ, სინამდვილეში ხშირად ასეც ხდება და სწორედ ეს არის ერთ_ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ქადაგება ჩვენს ახლობლებთან წარმატებას ვერ აღწევს.
ასე რომ, ჩვენი მისია ჩვენივე თავიდან უნდა დავიწყოთ და ჯერ საკუთარი თავი ვაიძულოთ ვიყოთ ნორმალური ადამიანები, შევისწავლოთ წმიდა წერილი და ვიცხოვროთ მისით. ვეცადოთ გავიგოთ, თუ რა არის წმიდა გარდამოცემა და არ ჩავვარდეთ მეორეხარისხოვან საგანთა ტყვეობაში. ვიყოთ ფხიზელნი და ნუ ვიქნებით მფრთხალი, შეზღუდული ადამიანები. ნუ ვიქნებით მძიმე ასატანი ჩვენი ახლობლებისათვის, ვეცადოთ ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ ადამიანებს. არ ვქედმაღლობდეთ ჩვენი მართლმადიდებლობით, არამედ ვიზრუნოთ იმაზე, რომ თავად გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენში განვაცხადოთ წმიდა ეკლესია, როგორც ქრისტესადმი სიყვარული და ,,სიცოცხლე უხვად” (იოანე 10: 10) _ და როცა დაინახავენ ჩვენს წმინდა, ღვთისმოშიშ ცხოვრებას (1 პეტრე 3: 1) ადამიანები, რომელთაც მთელი გულით ვუსურვებთ ხსნას, უსიტყვოდ შეუდგებიან ქრისტეს. დღეს მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი მართლმადიდებლური მისიის წარმატება.


“პროფანირებული” ქრისტიანობის შესახებ

ფაქტია, რომ მოვლენა, რომელსაც მე “პროფანირებულ ქრისტიანობა”-ს ვუწოდებ, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს. ის მომდინარეობს ეკლესიის რაობის არასწორი გაგებიდან, როდესაც იგნორირებულია ეკლესიური ცხოვრების ორი ფუნდამენტური პრინციპი: ქრისტოცენტრულობა და სინერგია.
ქრისტიანობაში არსებობს ფასეულობათა იერარქია და მთავარი მასში _ თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნებაა. ის არის ,,ალფა და ომეგა, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხ. 1: 8); ის არის ,,გზა, ჭეშმარიტება და ცხორება”, “აღდგომა და ცხორება” (იოანე 14:6; 11: 25;). მორწმუნისათვის ქრისტე ყველაფერია (წმიდა მარკოზ ეფესელი).
ქრისტიანის ცხოვრების მიზანია ქრისტესთან შეერთება, მასში და მისით ცხოვრება და მასში ხსნისა და მშვიდობის, სიხარულისა და უკვდავების აღმოჩენა; სწორედ ამ და არა რაიმე სხვა მიზნისათვის დააფუძნა ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე, სადაც საიდუმლოებებში მონაწილეობით, სულიწმიდით, მორწმუნე ადამიანი უფალ იესოს უერთდება. ეკლესია არ არის მხოლოდ ადამიანის ინდივიდუალური სრულყოფის საშუალება. ქრისტეში პიროვნება ჭეშმარიტი ცხოვრების სისავსეს პოულობს, ხოლო შედეგად _ სხვა ადამიანებთან ჭეშმარიტ ერთობას. ამასთან, ეკლესიისათვის სავსებით არაარსებითია ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს, თუ უკვე იმქვეყნიურ სამყაროშია გადასული, რადგანაც ეკლესიაში არ არსებობს სიკვდილი. ის არა მხოლოდ მორწმუნეთა ერთობა, ანდა სპეციფიკური ორგანიზაცია, არამედ თავისი არსით ქრისტეს სხეულია და ქრისტოცენტრულობის პრინციპიც აქედან გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიაში უკლებლივ ყველაფერი იესო ქრისტესაკენ უნდა იყოს მიმართული.
თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე, ეკლესიამ სულიერი, კულტურული, სოციალური და სხვა უამრავი სახის სიმდიდრე დააგროვა, რომელიც იმ ფორმათა და მოვლენათა მრავალფეროვნებაში გამოიხატება, ადამიანური ყოფის ყველა სფეროს რომ სწვდება. ყველა ეს ეკლესიური ფორმა და მოვლენა მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ ამა თუ იმ სახით აზიაროს ადამიანი იესო ქრისტეს. თუკი ჩვენ, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეგნულ ეკლესიურ ფორმებს მივიღებთ, როგორც თავისთავად ფასეულობას, ქრისტეს კონტექსტის გარეშე, დიდ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამით მთავარს მეორეხარისხოვანით, არსებითს ფორმალურით შევცვლით, რადგანაც ქრისტეს გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, თუნდაც ეკლესიაში.
სიტყვა სინერგია ნიშნავს ,,ერთობლივ ქმედებას” ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. ეკლესიის კუთვნილი ღვთის მადლი არასოდეს მოქმედებს ძალადობრივად, ავტომატურად; ღმერთი ყოველთვის აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მისგან ელის გაცნობიერებულ და თავისუფალ რელიგიურ აქტივობას. რელიგიურ ცხოვრებაში ეს პრინციპი ყოველმხრივ დაცულია; ეკლესიაში ყველაფერი დაფუძნებულია ქრისტიანის პასუხისმგებლობით აღსავსე ცხოვრებაზე. აქ არაფერია ფორმალური, ,,ბრმა” ან, რაც თითქოს ,,თავისთავად” ხდება, ადამიანის ნების გარეშე. ეკლესიური ცხოვრების ზემოთდასახელებული პრინციპები არსებობენ არა განყენებულად, არამედ ყოფა_ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში; ქრისტოცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს ზნეობრივი შრომის აუცილებლობა ქრისტესთან შესაერთებლად, რადგანაც ძველი აღთქმის ადამისაგან მივიღეთ დაცემული ბუნება, საჭიროა შრომა ამ ბუნების მიდრეკილებებისადმი წინააღმდეგობის გასაწევად და ძალისხმევა ღმერთის მცნებების შესასრულებლად, რის მეშვეობითაც ადამიანი ქრისტეს მადლს იღებს. ასეთი ქრისტიანობა ბევრს არ სჭირდება, ამას მრავალი მიზეზი აქვს: თავისუფლების შიში, ზნეობრიობის დაუფასებლობა და სხვა. ჭეშმარიტი, “რთული” ქრისტიანობის საპირისპიროდ, არსებობს სხვაგვარიც, უფრო მეტად გავრცელებული. ასეთი ქრისტიანობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება _ ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმი _ ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივი ძალდატანების გარეშე. სარწმუნოების გაორებულობა, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია რუსეთისათვის, წარმოადგენს მრთლმადიდებლური და წარმართული რიტუალების შეთავსებას. ეკლესიის 70 წლიანი დევნის და ადამიანთაგან ელემენტარული ეკლესიური წიგნიერების დაკარგვის შემდეგ, ეს გაორება ახლაც დიდ პატივშია და მიზანმიმართული მწყემსმთავრული ძალისხმევით ფართოდაა გავრცელებული. ჩვენს თანამედროვეობაში ეს მოვლენა უკვე არა მხოლოდ ივანე კუპალას კოცონზე ხტომა და შელოცვა_მკითხაობაა, არამედ ცხოვრების განსაზღვრული მიმართულებაც. ის ჩვენს რელიგიას ქრისტეს აშორებს, ხოლო მის ადგილზე დაცემული სამყაროს რეალიებს აყენებს. შეხედულებათა ამ სისტემის მიზანი არის არათვით უფალი და ცხოვრება მასში, არამედ სწრაფვა სრული მიწიერი კეთილდღეობისკენ და ამიტომ თავად უფალი და მისი მცნებები არავის აინტერესებს; ამასთანავე საგულისხმოა, რომ ეკლესიური ფორმები კარგავენ თავის მთლიანობას და ხდებიან ნახევრადწარმართულნი. ყველაფერი ეკლესიური, რასაც შეეხება წარმართობა, პროფანირდება და უხამსი ხდება; ასე რომ, ბევრი ადამიანი ეკლესიად მოიაზრებს არა ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ხალხურ წეს_ჩვეულებებს, სხვადასხვა “სასწაულებს” და სხვა მსგავსს...
აი, ეს არის ნამდვილი პროფანაცია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ადამიანთათვის აუცილებელ საგნებზე _ ბედნიერებაზე, სიკვდილზე, _ სერიოზული საუბრის მაგივრად ჩვენ ვლაპარაკობთ კულიჩებსა და პასკებზე.
მაგიური შეხედულების თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია. პიროვნება მისი პასიური ნაწილია, დეტალი, მექანიკური სათამაშო მიღმიერი სამყაროს უხილავ ტალღებზე. შესაძლოა, ვიქონიოთ ზემოქმედება ამ სამყაროზე ისე, რომ მივიღოთ გარკვეული სავარაუდო შედეგი. ამისათვის, განსაკუთრებულმა განდობილმა პირმა, ქურუმმა ან მაგმა ზუსტად უნდა შეასრულოს ესა თუ ის რიტუალური ქმედება და თუკი ყოველი გარემოება დეტალურად იქნება გათვალისწინებული და ამგვარად შესრულდება მოქმედება, შედეგი გარანტირებულია _ მიუხედავად ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, მისი რწმენის, შეხედულებების, საქმეების, ზნეობრივი მდგომარეობისა და ა.შ. მთავარია, რომ განდობილმა პირმა გაითვალისწინოს ყოველი წვრილმანი და სკურპულოზურად ზუსტად შეასრულოს განსაზღვრული სახის ქმედება; როცა მაგიზმი აღწევს ეკლესიაში, ის საფუძვლიანად ამახინჯებს ადამიანის შინაგან წყობას, ისე რომ იგი ფაქტიურად აღარცაა ქრისტიანი, თუმცა გარეგნულად შესაძლებელია ფრიად ეკლესიური ადამიანის იერი ჰქონდეს.
მაგიზმი ეკლესიაში უპირველესად ღვთისა და ადამიანის ურთიერთ-დამოკიდებულებას ამახინჯებს, აუკუღმართებს თავად სწავლებას ღმერთის შესახებ. ღმერთი წარმოჩინდება არა როგორც მოყვარული მამა, არამედ როგორც რაღაც აბსტრაქტული პრინციპი; არა როგორც მამობრივი სიყვარულის განხორციელება, არამედ როგორც საიდუმლო უფროსის მიმართ შიშით დაქვემდებარების გრძნობა. ადამიანსა და ღმერთს შორის შეუძლებელი ხდება პირადი ურთიერთობა, რაცაა საფუძველი და არსი ჩვენი რელიგიისა. მის ადგილს კი იკავებს ფორმა¬ლურ_იურიდიული დამოკიდებულებები.
ღვთისმოსაობა ზნეობრივი სფეროდან გადადის მარტოოდენ განსაზღვრული გარეგნული წესების შესრულებაში. მაგიური თვალსაზრისი ჩერდება იმაზე, რომ ღმერთს სჭირდება მხოლოდ სწორად და დროზე შესრულებული რიტუალი და ამის გარდა ადამიანი ღვთის წინაშე არაფრითაა პასუხისმგებელი და მათი ურთიერთდამოკიდებულება ამით მთლიანად ამოიწურება. რა დასკვნა შეიძლება ყოველივე ამისგან გამოვიტანოთ? ის, რომ ჩვენში ეკლესია გადაიქცა მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ხშირად ადამიანი ქრისტესთან თავს ვერ გრძნობს მსუბუქად და კომფორტულად, რადგანაც ის მთავარ მცნებად ითხოვს: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა” (მარკოზი 12: 30). ეს მოითხოვს დიდ ზნეობრივ ძალისხმევას, გულის მიმართებას ღვთისადმი. ბევრისათვის ეს მოუხერხებელია, ამბიონებიდანაც არცთუ ხშირად მოისმენთ ამის შესახებ. მწყემსმთავართთათვის უფრო იოლია, გამოვიდნენ ქურუმების როლში, აღავლინონ ,,ლოცვა_ვედრება” მიიღონ საფასური და ამით ამოწურონ ეკლესიის ფუნქცია. ადამიანებს უფრო ეადვილებათ სანთლების ანთება, მოსახსენებლების დაწერა და ა. შ. იმ იმედით, რომ ისინი ავტომატურად მოახდენენ საჭირო მაგიურ ქმედებას _ იმის მაგივრად, რომ გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში და ის სახარების თანახმად მოაწყონ. აქედანვე მოდის საეჭვო ისტორიების ორომტრიალიც და პროფანაციაც. ნამდვილი, ეკლესიური და სახარებისეული, ქრისტიანობა ადამიანის გულში აღსრულდება. ის მოკრძალებულია, არ არის ეფექტებსა და სანახაობებზე აგებული, შორსაა თავისშექცევისგან; მოითხოვს გულისხმიერებასა და საკუთარი თავისადმი ყურადღებით თვალყურის დევნებას. ის გარკვეულწილად მშრალია და ყოველდღიური; და თუკი ადამიანი არ ცხოვრობს ამით, მაშინ მას უჩნდება ამ “სიმშრალის” გარეგნულად აყვავების სურვილი, თუნდაც რელიგიური ეფექტებით. ამის შესახებ ჯერ კიდევ X1X საუკუნეში წერდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. აქედანაა _ სასწაულები, ნიშნები, წინასწარმეტყველებები სამყაროს აღსასრულზე“, “სტარცების” ძიება, იაფფასიანი აპოკალიფტიკა, ნაციონალიზმი და ა. შ. ყველაფერი ეს მთლიანად შეესაბამება პროფანაციის განსაზღვრებას, რომელთა თაობაზეც ჯერ კიდევ I საუკუნეში წერდა პავლე მოციქული: ,,ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებთა ზღაპართაგან იჯმენ, ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა” (1 ტიმოთე 4:7). ასე და ამგვარად, ზემოთქმულის საფუძველზე განვსაზღვროთ, რომ პროფანირებული ესაა გარეგნული, შინაგანის გარეშე, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ეკლესიური ცხოვრება სულიერი და ზნეობრივი შრომის გარეშე.
რაშია ამის მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნულ ფორმას, მათ შორის ფოლკლორულს, სავსებით აქვს არსებობის უფლება; მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც მათ ქრისტიანული ფასეულობების იერარქიაში თავისი ადგილი უკავიათ. როდესაც ეს იერარქია ირღვევა, მაშინ აღსრულდება ის, რაზეც ამბობს უფალი: _ მარილი ეკლესიისა განქარდება (შდრ. მათე 5; 13).
ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ შევხვედრივარ შემდეგ მოვლენას. ცხოვრობს ადამიანი თანაბარი, მშვიდი და აწყობილი ცხოვრებით; მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათები და ზარები, სანთლები, მოსახსენებლები და პარაკლისები მაგრამ მოდის რაღაც სერიოზული ცდუნება, გამოცდა, განსაცდელი თუ ხიფათი, მაგალითად ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ახლობლებისა, ანდა შინაგანი გაციება რწმენაში, სულიერი დაღლილობა და ა. შ. იგულისხმება, რომ ადამიანი დახმარებისთვის მიმართავს ეკლესიას და უეცრად აღმოჩნდება, რომ გუმბათები და ზარები, მოსახსენებლები და დაუჯდომელები, ბერები (,,სტარცები,,) ვერაფერს შველიან, სხვა რამ კი მას ეკლესიაში არ უსწავლია; მისთვის არ აუხსნიათ, რომ ყველაფერი ეს ეკლესიისთვის გარეგნული ,,ანტურაჟია” ქმედითი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ადამიანის ქრისტესაკენ პირადი, ზნეობრივი და სულიერი სწრაფვის გამოხატულებაა, არ აუხსნეს არა ბოროტგანზრახულად, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე ეკლესიურ იდეოლოგიაში გაბატონებულია სწორედაც პროფანირებული, ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა. როგორც ყოველგვარი ტყუილი, ასეთი ქრისტიანობაც რეალობასთან შეჯახებისას ფიასკოს განიცდის _ ადამიანებს ეკლესიის მიმართ იმედგაცრუება ეუფლებათ, შორდებიან მას, რასაც ვხედავთ არა მხოლოდ ბევრი ქრისტიანის პირად ცხოვრებაში, არამედ ისტორიულ მასშტაბითაც.
რაშია გამოსავალი? რა ვაკეთოთ? ამაზე საპასუხოდ დაგვეხმარება კიდევ ერთი ციტატა ერთ-ერთი ეკლესიური ადამიანის ნააზრევიდან “ადამიანის საგანმამათლებლო და ინტელექტუალური დონე არაფერია ღვთის შემეცნებისას”.
აი, ამას კი ვერაფრით დავეთანხმები, რასაც ობსკურანტიზმი ეწოდება, ანუ განათლების, კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფა. სამწუხაროდ, ასეთი ზნეობრივი სიმახინჯე ეკლესიურ ცხოვრებაში ფართოდაა გავრცელებული. ერთმა სახელგანთქმულმა სასულიერო პირმა, რადიოთი გამოსვლისას განაცხადა: მე მოხარული ვარ, რომ ვარ გაუნათლებელი; წმიდა მამები _ სხვა რაღაა საჭირო ქრისტიანისთვის?
სწორედაც წმიდა მამები იყვნენ თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანები, სიწმიდესთან და სულიერებასთან ერთად გამორჩეულნი თავიანთი მაღალი ინტელექტუალური დონით. ეკლესიაში შეიქმნა უდიდესი კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება.
ობსკურანტიზმს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მარგინალური ბუნებისაა და მას მხოლოდ ძალუძს დააკონსერვოს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ეკლესიის ჭეშმარიტი სიწმინდე პროფანაციის დონეზე დაიყვანოს. აქ ძევს პასუხი შეკითხვაზე _ “რა ვაკეთოთ?” მივიღოთ განათლება, შევითვისოთ ცოდნა და კულტურა, გავიაზროთ თანამედროვეობა სახარებისეული და ეკლესიური თვალსაზრისით და შევწყვიტოთ სამყაროს პროფანირებული, შეზღუდული ხედვა.
juzi
ხევისბერი გოჩა აიძულეს საკუთარი შვილი მოეკლა

გია არგანაშვილი




ხევისბერი გოჩას ამბავი ავტორისთვის სიტყვა-სიტყვით უამბნია მოხუც მოხევეს ღინჯა ხულელს.
ამის შესახებ თვითონ ალექსანდრე ყაზბეგი წერდა. აქ, რა თქმა უნდა, გადამეტებულია მინიშნება “სიტყვა-სიტყვით”, ისე კი არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ნათქვამის სიმართლეში ეჭვი შევიტანოთ, რადგან ამ ისტორიის ხალხური ვერსიებიც არსებობდა და ღინჯა ხულელიც რეალური პიროვნება იყო. მის პორტრეტს ავტორი “ელგუჯაში” გვიხატავს: “... ეს იყო მთაში განთქმული მეფანდურე და ჭკუამახვილი, გრძნობით სავსე მოლექსე, მაშასადამე, ყველასგან პატივცემული და საყვარელი სტუმარი. ტკბილი მოსაუბრე, ამაღლებული გრძნობით აღსავსე, მოაზრებული ღინჯა ყოველი სიმის ჩაკვრაზედ ფანდურს ისეთ ხმას აღებინებდა, რომელიც კაცს გულს უწურავდა, ჟრუნტელს აღუძრავდა და ოფლს დაასხამდა”.
ასეთ კარგ მთხრობელს მართლაც შეეძლო დრამატული ამბის შესაბამისი განცდა ეგრძნობინებინა მკითხველისათვის.
მაინც, რა უამბო ღინჯა ხულელმა ალექსანდრე ყაზბეგს?
ამის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ჩვენი მსჯელობა ტექსტის იმ ხალხურ ვარიანტებს ეყრდნობა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის კრებულშია (1955წ. “საბჭოთა მწერალი”) შეტანილი.
აქ სამი ვარიანტია წარმოდგენილი. მესამე ვარიანტის (მთქმელი აბრამ ოდიშვილი) ხალხურობა ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ის თითქმის მთლიანად იმეორებს ლიტერატურულ ვერსიას (მხოლოდ პერსონაჟთა სახელებია ხალხური ვარიანტიდან აღებული). გარდა ამისა, აბრამ ოდიშვილი თავს ყაზბეგის მწყემსობის ამხანაგად აცხადებდა. რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მონათხრობის თავდაპირველი საფუძველი სწორედ ლიტერატურული ტექსტი
იყო.
დანარჩენი ორი ჩანაწერის მიხედვით, ონისეს (ვანისეს) გუგუა (გაგაი), ძიძიას (მათიკოს) ქმარი ჰკლავს.
გამოდის, რომ ხევისბერი გოჩას მიერ, საკუთარი შვილის მკვლელობის ვერსიას არცერთი ფოლკლორული ვარიანტი არ იცნობს და ეს ძნელადსააღსარებო ცოდვა მთლიანად ავტორის სინდისზეა.
საერთოდ, თავის მოთხრობებში ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის ყოველთვის ამძიმებს სიტუაციას. ამას პერსონაჟთა თვითნებური მოქმედებაც ემატება, რასაც ავტორი, მკითხველთან ერთად შორიდან ადევნებს თვალს და აღტაცებას ვერ მალავს, თუ როგორი ოსტატობით, საყოველთაო წესისა და რიგის დაურღვევლად, სძლევენ ისინი ავტორის მიერ შექნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებს.
ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის არ ჰქმნის ლიტერატურულ ტიპებს. მისი პერსონაჟები, საკუთარ გარემოს მოწყვეტილი ბიბლიური, უფრო ხშირად კი ლიტერატურული გმირები არიან, რომლებიც დროისა და სიტუაციის შესაბამისად იცვლიან სახეს, ისე რომ ხანდახან მათი ცნობაც კი გვიჭირს.
ამ მხრივ, არ “ხევისბერი გოჩაა” გამონაკლისი. თუმცა, ვიდრე ამ მოთხრობის პერსონაჟებს გავეცნობით, ხევის სამართალზე უნდა ვისაუბროთ.
თემის მარლმსაჯულებას ხალხის მიერ არჩეული კაცები (მსაჯულები, ხევისბერი) ანხორციელებენ. ხოლო ხალხი, როგორც ღვთის უზენაესი ნების (ხმა ღვთისა და ხმა ერისა) გამომხატველი, იმავდრულად, განაჩენის აღმსრულებელიცაა, რათგან თემს არა ჰყავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებელი (ჯალათი), სასჯელიც ფორმაც (ჩაქოლვა, მოკვეთა) მისი აღსრულების შესაძლებლობას (კოლექტიური ქმედება) ითვალისწინებს.
მსაჯულთა საბჭო (ხევისბერთან ერთად) ისმენს მოწმეთა ჩვენებას, მსჯელობს დანაშაულის გარემოებებზე და უფლებას აძლევს დამნაშავეს თავი იმართლოს.
უმაღლესი მსაჯული, ხევისბერი საბოლოო განაჩენს აცხადებს და თემისაგან მისი აღსრულების თანხმობას ითხოვს.
თუ თემი არ ეთანხმება მსაჯულთა გადაწყვეტილებას, მაშინ ხალხის ნება იმარჯვებს და არ არსებობს მართლმსაჯულების უფრო მაღალი ინსტანცია, სადაც დამნაშავე განაჩენის გასაჩივრებას შეძლებს.
ამ წესის მიხედვით ასამართლებენ “ხევისბერ გოჩაში” ორ ოსსა და გუგუას. ოსების დანაშაული სახეზეა. ისინი ხევის წინაშე ღალატს აღიარებენ და მზად არიან ახალი დანაშაულიც (ხევისბერზე თავდასხმა) ჩაიდინონ, თუ მათ ამის საშუალება მიეცემათ.
გუგუას არ უმტკიცდება დანაშაული (პროცესზე ის დუმილის უფლებას იყენებს). თუმცა, ეს ხელს არ უშლის საბჭოს, ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს და მოხევე თემიდან მოიკვეთოს.
გუგუას მიმართ განაჩენის გამოცხადებამ მაპროვოცირებელი გარემო შექმნა ნამდვილი დამნაშავის გამოსავლენად. საბჭოს წინაშე აღიარებითი ჩვენებით უმაღლესი მსაჯულის შვილი გამოდის. თუმცა, ონისეზე ჯერ არაფერი გვითქვამს...
ვინ არის ონისე და რა ბრალი მიუძღვის მას ხევისა და თემის წინაშე?
ონისე გავლენიანი და შესაბამისად მდიდარი ოჯახის შვილია. თანატოლებისგან ის ჩაცმულობითაც გამოირჩევა, რადგან მისი ტანსაცმელი მთლად ოქრო-ვერცხლითაა შეჭედილი.
გამორჩეულობა ძნელად სატარები ტვირთია მთაში. (იქ დღესაც საწყევარ სიტყვად ითვლება _ გამორჩეული). გარეგნული ბრჭყვიალება კი ერთადერთი როდია, რაც მას, მამისა და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, უპირატესობას აგრძნობინებდა სხვების წინაშე. დაუმსახურებელი უპირატესობის განცდას კი შეუძლებელია ონისეს ხასიათისთვის თავის კვალი არ დაემჩნია.
გავიხსენოთ მისი მდგომარეობა ძიძიასთან შეხვედრის წინ:
“... ონისეს კი რომ ქორებრივი თვლი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხცუხებელი ძალა”.
ონისეს გული თავისუფალია. ამ ახალგაზრდა კაცს ხევში თავისი სწორი და ფერი ვერ უნახავს და სიყვარულს მოწყურებული, ახლა მხოლოდ შესაფერის ობიექტს დაეძებს...
და სულერთია, თუ ვინ იქნება ის?!
მკითხველისთვის ამგვარ საორჭოფო მდგომარებაში ჩავარდნილი ონისე, ბუნებრივია, პირველივე შესაძლებლობას იყენებს და რაწამს ძიძიასთან მარტო რჩება მარხილში... აღარ გვიკვირს, ასე იოლად რომ დაიწყო მათი ურთიერთობა.
ონისეს სიტყვა-პასუხში (ხაზუასთან) იგრძნობა ერთგავარი ქედმაღლობა და თავმომწონება თავისი ვაჟკაცობის (თუ მდგომარეობის) გამო: “ _ვინც მაგას აწყენიებს, იმას ჩემთან ექნება საქმე და ღვთის მადლმა ჩემთან მასხარაობას კი არცვის ვურჩევ”.
მიუხედავად ასეთი ქადილისა, მან ვერ შეძლო ძიძიას დაცვა. ქალმა ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. ხოლო, ონისე, გახდა მიზეზი მისი უბედურებისა..
თუმცა, ხასიათის ეს თვისება ნაწილობრივაც ვერ ავსებს ონისეს პორტრეტს, მაგრამ სრულიად შეიცვლება სურათი თუ ვიტყვით, რომ ბედისწერის ჩაკეტილ წრეში კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გრძნობადი პერსონაჟი ტრიალებს...
მკითხველს შევახსენებ, რომ რუსთაველის შემდეგ, ქართული ლიტერატურა არ იცნობს ონისესავით გახელებულ მიჯნურს.
თუმცა, მარტო შეხსენება არ კმარა. მკითხველიც თუ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, იმის ახსნაც მოგვიწევს, თუ რას მატებს ონისეს სახეს ამგვარი დაშვება?
იცვლება ხედვის წერტილი, განუზომლად იზრდება მოქმედების მასშტაბი, საკაცობრიო სიმაღლემდე ადის ხეობაში ვერდატეული ადამიანური ვნება და შვიდსაუკუნოვანი წყვეტის ფონზეც აშკარად იგრძნობა დაკარგული ჰარმონიის ძიების სურვილი.
“ონისე ოხრავდა, ქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დაჭრილს ლომსავით გამედგრებული გმინვით დადიოდა მთა-ბარად”.
ასეთია ტარიელივით ველად (ფშავში) გაჭრილი, შინაგანი წინააღმდეგობით სავსე, ონისეს სულიერი მდგომარეობა.
ონისეს არ გამოუჩნდა კაცი, რომ ხელი ჩაეჭიდა და და სამშვიდობოს გაეყვანა. ორი სხვადასხვა ეპოქის შედარებითი ანალიზი, უსამართლო საზოგადოებრივ გარემოში, ადამიანის უპერსპექტივო ყოფასაც აჩენს. ეს კი ისაა, რაც ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ტრაგიზმს იწვევს, როგორც ტექსტის შიგნით, ისე, მის გარეთ, ავტორთან დამოკიდებულებაში.
თუმცა, ეს უფრო ვრცელი თემაა...
ონისეს დანაშაულებათა ნუსხა ასე გამოიყურება: ხელისმომკიდეობის ინსტიტუტის შეეურაცხყოფა, სხვა კაცის ცოლთან სამიჯნურო ურთიერთობის გაბმა და საკუთარი მოვალეობისადმი ღალატი, რამაც ქვეყნისთვის საგანგებო სიტუაციაში (ომი) ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია.
ონისე თავგანწირვით ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას (ბრძოლის ეპიზოდი). სასამართლოზე კი, სადაც გუგუას მკაცრი განაჩენი გამოუცხადეს, სინდისის მხილებას ვეღარ გაუძლო და თავის ბრალზე ალაპარაკდა:
_ ... რაიღა დავმალო?... მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა. ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა ...
არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საბჭოს, გუგუას მიმართ, მკაცრი განაჩენი რო არ გამოეტანა.
თუმცა, ყველაფერი საათივით აეწყო და ქართული ლიტერატურის ისტორიას მართლაც საინტერესო ფრაზა შეემატა, რომელიც ყველა დროში, უსამართლობის მიმართ პროტესტად ხმიანდება:
“ _ შესდეგ! ხევისბერო! გუგუა მართალია!”
ონისემ აღიარა დანაშაული. საძიებო და გასარკვევიც აღარაფერი დარჩა. სასამართლოს შეუძლიათ განაჩენის გამოსატანად გავიდეს. თუმცა მანამდე მამის სახე უნდა დავინახოთ, რომელიც ჯერ გონზე არ მოსულა და ერთიანად აცახცახებული ყვედრებით მიმართავს შვილს:
“_ მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდან ამომგდებო!... რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!...
მაინც რომელ დარიგებას ახსენებს მამა შვილს? რომელს ანიჭებს ამ შემთხვევისთვის უპირატესობას? გოჩას დიდაქტიკური მორალი, რომლითაც ის თავისი შვილის აღზრდაში ხელმძღვანელობდა, ხომ ერთ ფრაზაში ეტევა:
“_ვინძლო, ქვეყანა არ გააცინო!”
_ ვინძლო, სალექსოდ არ გაეხადა ონისეს საქმე...
ონისემ კი ქვეყანა გააცინა. სალექსოდ გაიხადა საქმე, არა თავისი გაუფრთხილებელი საქციელით, არამედ თავის უუნარობით, შებრძოლებოდა იმ გრძნობას, რომელსაც ერთნაირად უშლიდა როგორც საღვთო, ისე საზოგადოებრივი მორალი.
სწორედ ეს აშინებდა გოჩას.
ხევისბერმა კარგად იცოდა, რომ ეს ბრძენი ხალხი, თავგანწირული მხედრობა, ხვალ მოყაყანე, მოლიზღარ ბრბოდ გადაიქცეოდა და ხევისბრის ოჯახს თვალიდან დირეს ამოაცლიდა.
ხალხს უფლება ჰქონდა დაეცინა გოჩასთვის, რომელმაც საკუთარ ოჯახში ვერ შეძლო თავისი მორალის განხორციელება, რასაც მთელ თემს ასწავლიდა და მოძღვრავდა.
ონისემ კაცობა შეირცხვინა. ჩვენ ვიტყვით, რომ მან ვერ გაუძლო სიყვარულის ყოვლისმომცველ ძალას, ხალხი კი უფრო უბრალოდ განმარტავს, _ონისე საკუთარ სურვილს დაემორჩილა, ონისემ საკუთარ “ქეიფზე” იარა...
მამა შვილს აყვედრის ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისთვის გაუკეთებია. თუმცა, კი კითხვა: “_ რა არის სასჯელი, რომ შენ გადაგიწყვიტითოთ”, _ მაინც რიტორიკულად ისმის, კონკრეტულად არავის მიემართება და პასუხასაც არავისგან ელის...
თუმცა, ხევისბერის კითხვა მთლად უმისამართოც არ არის. ის მიმართავს უზენაეს, რათა შთააგონოს საკუთარი ნება. ის რასაც ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს. მოხუცი პასუხს იღებს და მსაჯულებს უფლის ნებას უფლისავე სიტყვებით ამცნობს.
“მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”.
მკითხველს “დაბადებიდან” გაახსენდება ღმერთის სიტყვა კაენისადმი:
“_ აბელის სისხლი ცაში შემომჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს...”
ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში მეტად იგრძნობა ბიბლიურ ტექსტებთან სიახლოვე. თუმცა, ეს გავლენა იმდენად ორგანულია, რომ მკითხველს უჭირს გამყოფი ხაზის მოძებნა, სად მთავრდება ბიბლიის ციტირება და სად იწყება მწერლის შემოქმედება.
ხევისბერი ონისეს დანაშაულს კაენის ცოდვას ადარებს, ღვთის სიტყვებს იმოწმებს და მსაჯულებს მკაცრი განაჩენის მიღებისაკენ მოუწოდებს:
“_ გადასწყვიტე, თემო! “ _ მიმართავს საბჭოს.
ხევისბერი დარწმუნებულია, რომ საბჭო გაუძლებს მისი ავტორიტეტის სიმძიმეს და მოძმეთა დაღვრილი სისხლის წილ, სამართლიან მსჯავრს დადებს სასწორის მეორე მხარეს.
ონისეს აღსარებიდან ყველაზე მეტი გოჩამ (და გუგუამ) შეიტყო. ის დარწმუნდა, რომ ონისეს დანაშაულის მიზეზი, სწორედ მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა, რის შესახებაც ყოველთვის აფრთხილებდა შვილს:
“ _გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”
მართალია, ონისეს თემი არ გაუყიდია, _ ეს გოჩამაც იცის, მაგრამ ნამუსი დაივიწყა, _ ეს კი მხოლოდ გოჩამ და გუგუამ იციან.
რა იცის თემმა მისი შვილის დანაშაულის შესახებ? მხოლოდ ის, რაც ონისემ თვითონვე აღიარა: “ _ რაღა დავმალო? მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზე, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა... მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა.”
ამის ცოდნა კი სრულიად საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მსაჯულებმა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ.
“კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგო” _ ამბობს ავტორი და იგულისხმება, რომ ამ ხნის მანძილზე ხევისბერი მორჩილად ელოდა გადაწყვეტილებას. ხოლო მსაჯულთა საბჭო მსჯელობდა და საბოლოო სიტყვის სათქმელად ემზადებოდა.
და აი, თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას:
“_ გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...”
ახლა ყველაზე საინტერესო გოჩას პასუხია, მაგრამ ერთი წუთით გავაჩეროთ კადრი და იქვე სამსხვერპლოზე, დასაკლავი ცხვარივით მორჩილად მდგარ ონისეს შევხედოთ.
თუ მკითხველს შეუძლია მის სახის წარმოდგენა, მას არც იმისი მიხვედრა გაუჭირდება რას ჩაიდენს ონისე იმ შემთხვევაში თუ ხევისბერი მსაჯულთა გადაწყვეტილებას დაეთანხმება.
პირდაპირ ვიკითხოთ, ეყოფოდა ვაჟკაცობა ონისეს, რომ თავისი შერცხვენილი სახელი, გუგუას მსგავსად, სისხლით გამოესყიდა?
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვიდრე გოჩა სიტყვებს დაეძებდა თავისი მრისხანების გამოსათქმელად, სიუჟეტის ამგვარად გაგრძელების ალბათობა მაინც არსებობდა, რადგან ახლა ონისეს სულიერი მდგომაროებას ყველაზე ზუსტად ეს სიტყვები ამჟღავნებს:
“...უფალი დიდი ყოფილა!... დღენი მომეწამლა, სიცოცხლე გამიშავდა, გულში მეტი შხამი ჩაესხა...დავდიოდი, ვჭამდი, ვსვამდი, მეძინა, თუ მეღვიძა _ ვერ გამეგო...ყველა შავად, ნაღვლიანად და მწარედ მეჩვენებოდის... წყალ-ტიალას რაღამ შეუცვალა გემო?! მზისთვის ვერ შემიცქერია, მთვარესთვის ვერ მიმიხედნია, მრცხვენის...მრცხვენოდის... ჩემი ჩრდილის დანახვაც კი მარცხვენდის...
თუმცა, ეს მონოლოგი “სხვა” ონისეს (“მოძღვარი”) ეკუთვნის, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის შემთხვევითი არც სახელების დამთხვევაა და არც დანაშაულის სიმძიმის ქვეშ გასრესილი ადამიანის ხვეწნა-მუდარა, ხსნის ერთადერთ გზად სიკვდილი რომ დაუსახავს:
_ მომკალ, მომკალ! _ დაიძახა იმან გახარებულმა და მკერდი უფრო მეტად გადაიწია.
თუ ეს სურათი, ბუნებრივად არ ჯდება ამ მოთხრობის ფინალში, იმის თქმა ხომ თამამად შეგვიძლია, რომ სასამართლოს მოედანზე, სადაც ორი სიმართლე (თემის და ხევიბერის) დაუპირისპირდა ერთმანერთს (როსტომ ჩხეიძე “ყაზბეგიანა”), ონისე მამის მხარეს იდგა.
მაშ ეს მსაჯულები რას მიედებ-მოედებიან? რა ყმაწვილკაცობა, რის თავდავიწყება, ონისეს საქციელმა ამდენი თანამოძმის სიცოცხლე შეიწირა და საბჭოს წევრები მის გამართლებას აპირებენ?!
განა, ამას ელოდა ხევისბერი, როცა თვითონ განზე გადგა (რადგან ინტერესთა კონფლიქტი არ აძლევდა უფლებას სასამართლო პროცეში მონაწილეობა მიეღო) და დამნაშავის გასამართლება მსაჯულებს მიანდო?
იქნებ, მართლაც ასე ფიქრობს თემი? იქნებ, ყმაწვილკაცური გატაცება და ამის გამო თავდავიწყება (თავის დაკარგვა), მართლაც შემამსუბუქებელი გარემოებაა კაცისთვის, ისეთი მძიმე შედეგის შემთხვევაშიც, როგორიც ადამიანთა მსხვერპლია?
ნაკლებად სავარაუდოა. ონისე რომ ხევისბერის შვილი არ ყოფილიყო, საბჭო ალბათ უფრო მკაცრ განაჩენს გამოიტანდა დამნაშავის მიმართ. სამართლიანი მსჯავრს კი იქნებ დაემშვიდებინა კიდეც მოხუცის სინდისი.
ონისეს დანაშაულის ყმაწვილკაცობით გამართლება, რაც ხევის მშვიდობიანობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, მდგომარეობის განმუხტვის ყველაზე უსუსური მცდელობა იყო მსაჯულთა მხრიდან. სწორედ, მათმა გადაწყვეტილებამ აიძულა ხევისბერი თავად გამოეტანა მსჯავრი და თავადვე განეხორციელებინა.
როდესაც დავით წინასწარმეტყველის შვილმა აბესალომმა მამას და ქვეყანას უღალატა, ჯარის უფროსმა იოაბამმა, მამის თხოვნის მიუხედავად აბესალომი მოკლა.
ხევის მსაჯულებმა კი ვერ გაბედეს იოაბამის საქციელის გამეორება. თუმცა, ამას მამა, ხევისბერი ითხოვდა:
“_მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა... ონისე ეხლავე მკვდარია... მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!
აჰა, მამისა და უმაღლესი მსაჯულის საბოლოო სიტყვა. იქნებ, ახლა მაინც მიხვდნენ მსაჯულნი, რომ ვერც ხევის სამართალს გაამრუდებენ და ვერც ხევისბრის სახელოს შეურაცხყოფენ, ასე ადვილად...
მაგრამ მსაჯულები მხოლოდ გოჩას დამშვიდებას ცდილობენ.
მსაჯულები თავს არიდებენ მძიმე პასუხისმგებლობას და უკვე აშკარად ღალატობენ თავიანთ მოვალეობას.
უმრავლესობის მხრიდან მოვალეობისადმი თავის არიდება, ცალკეული ადამიანებისგან თავის გაწირვას ითხოვს.
ახლა გოჩამ უნდა გაწიროს თავი, რათა, თემის უპასუხისმგებლო საქციელი, საკუთარი თავგანწირვით გადაფაროს.
“_გოჩაუ, _ სცადეს მოხუცის შეყენება...”
გოჩა გაცეცხლებულია, კიდევ უფრო მეტად მსაჯულთა საქციელით...
“ _ უნდა მოკვდეს, შეუბრალებლად..”
დრო აღარ ითმენს, კიდევ მცირედი დაყოვნება და ტრაგედია შეიძლება ფარსად იქცეს.
“ და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოიქცეთ... მე მიყურეთ...”
მსაჯულებმაც ნახეს, რომ გოჩამ ის გაბედა რაც მათ ვერ გაბედეს. თემმა, თავისი გაუბედაობით, ხევისბერი დაღუპული თანამოძმეების, შერცხვენილი გვარის და ოჯახის, შეურაცხყოფილი მამის შურისმაძიებლად აქცია.
მოხუცის შეჩერება ვერავინ შეძლო.
აქვე შევნიშნავთ, რომ არც ონისეს უცდია მახვილის არიდება.
იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა...
რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა.


,,ჩვენი მწერლობა''



tam-a
ჯუზი, რომელია მართებული: ესსე თუ ესე? tongue.gif
juzi
ციტატა(tam-a @ 11.01.2011, 12:19) *
ჯუზი, რომელია მართებული: ესსე თუ ესე? tongue.gif

ინტრიგან :*
eddie
ესსეები რა ოხრობაა?
juzi
ციტატა(eddie @ 11.01.2011, 22:42) *
ესსეები რა ოხრობაა?

ესეები გაწყობს? cool.gif
თუ მაინც ოხრობაა unsure.gif
eddie
ციტატა(juzi @ 11.01.2011, 18:07) *
ესეები გაწყობს? cool.gif
თუ მაინც ოხრობაა unsure.gif

მაინც
juzi
,,ეშმაკებიდან’’ აკაკიმდე

გიორგი კეკელიძე





ჩემთვის აკაკი ბევრია – ვიცი, სტილურად გამართული წინადადება ვერ გამოვიდა, მაგრამ არც ,,საქართველოს ბულბული’’ გახლდათ მთლად დალაგებული. ნურც ამ სიტყვაზე გამომეკიდებით, მხოლოდ და მხოლოდ აღმატებით ხარისხიში ვამბობ, აი, ისე – ბაირონზე ან პიკასოზე რომ იტყვიან ხოლმე. დღემდე მიკვრის, უახლეს დროში როგორ არავინ მოჰკიდა ხელი (თუ აკა მორჩილაძის ნაწერებს არ ჩავთვლით) ხელი ამ მართლაც საოცარ, ბესტსელერობისთვის წინასწარგანწირულ ბიოგრაფიას – აკაკი პოეტი–პროზაიკოსი და ქალთა გულის მპყრობელი, აკაკი ათასი კაცის ვალის მქონე და ,,ვეფხიტყაოსნის’’ ტექსტის დამდგენი, აკაკი ათასი ტყუილ– მართლის, სკაბრეზული ოხუნჯობის და ამავე დროს წერა–კითხვის გამავრცელებელი, ერის გულწრფელი მოამაგე და შიდასაზოგადოებრივ ბრძოლა–ინტრიგებში თავით გადაშვებული, ახალი ქართული ლექსის და მარგანეცის აღმომჩენი, აკაკი უგვირგვინო მეფე და უსახლკარო

რა აღარა. მოკლედ – აბსოლუტური კატეგორიის ლეგენდაა.

გაგიკვირდებათ და ჩემს ბავშვობაში იგი არა ,,ციცინათელა’’–თი ან ,,ჩემი თავგადასავალი’’–ით, არამედ ერთი ყველასგან მივიწყებული მოთხრობა – ,,ეშმაკები’’–ით შემოვიდა. აი, ამ ამბავში რომ მთავარი გმირია, ის არის ჩემთვის აკაკი წერეთელი – თავადი – მაშინდელ მოდაზე მოშვებული ბაკებით, ცნობისმოყვარე, ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებით. მისტიკა და ირონია ისეა შეზავებული ამ ტექსტში, ზერელედ წაკითხვაც კმარა, მაშინვე მიხვდებით – ჩვეულებრივ ადამიანთან არ გაქვთ საქმე. ეს კაცი ჩემთვის მაშინ მეორე ტომ სოიერად იქცა – ოცნენებში ვბაძავდი, მის ადგილას ყოფნას ვლამობდი. არა, განა რამე ენითაღუწერელ მოვლენებში გაება და გმირობა ჩაიდინა – უბრალოდ მანამდე უცხო ფურცლები გადამიშალა – მსუბუქი ეროტიზმით და ინტრიგით სავსე. მოთხრობა ძველ, სქელყდიან გამოცემაში იყო – წიგნს თაფლის ფიჭის და კვამლის სუნი ჰქონდა – არ ვიცი რატომ. ფორზაცზე ვიღაც ძირძველ პატრონს მიეწერა – მანონი, 1957 წელი და

,,მისთვის გიდებ უბეში,

გალბობ ცრემლის გუბეში,

ამისრულო, რაც გითხრეს,

თუ ხარ ჩემი ნუგეში!’’

აი, ეს არის ჩემთვის ნადვილი აკაკი წერეთელი. ასეთი შეგრძნებას მიღვიძებს.

სხვა დანარჩენი მერე მოვიდა – მისი ნოვაციები პოეზიაში, ტკბილად საკითხავი პროზა, დებატები ,,მამებთან’’, იქით იმათი – ,,აკაკიები, ბაკაკიები’’, აქეთ – ,,ხარაბუზა ღერენალს’’, წერილები, საგაზეთო პოლემიკები.

ხან ვეჭვდებოდი, ხან უარვყოფდი კიდეც – ეს ყველაფარი მისი მნიშვნელობის ნიშანია.

tam-a
ნუ კეკელიძე რა ''ცვეტშია'' უკვე. ასახელა ოზურლენდი d.gif
juzi
ციტატა(tam-a @ 12.01.2011, 11:37) *
ნუ კეკელიძე რა ''ცვეტშია'' უკვე. ასახელა ოზურლენდი d.gif

ჰაჰ, ცვეტში კი არა, თუ უნდა მწვერვალზე იყოს smile.gif კარგად წერს და (:
(თან ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მაქვს წერეთელთან tongue.gif )
tam-a
კი, გადასარევად, ზოგ რამე კარგად აწაპნის ხოლმე გამზრდელ-მასწავლებლებს tongue.gif

ნუ გურიაზე მართლა კარგად წერს ხოლმე smile.gif
juzi
ციტატა(tam-a @ 12.01.2011, 12:04) *
კი, გადასარევად, ზოგ რამე კარგად აწაპნის ხოლმე გამზრდელ-მასწავლებლებს tongue.gif

ნუ გურიაზე მართლა კარგად წერს ხოლმე smile.gif

ეგ მართლა არ ვიცი თამ, თუ ვინმეს რამეს წაპნის smile.gif ხომ შეიძლება მე დღეს იმაზე ფიქრი ამეკვიატოს, რაზეც წლების წინ ფიქრობდა მამაჩემი smile.gif აწაპნა ხომ არ გამოვა, და მასწავლებლების ნასწავლებს თუ სწორ გზას მისცემს ეგეც smile.gif (სადაა დოიჩა, ისედაც ეჭვმიტანილად მცნო გიორგის სიყვარულში d.gif)
"გაწვიმდა
ზღვას ვსვამდი კოვზით
და ნაცარში ჩამივარდა."



ეს ფრაზა იმდენს ნიშნავს ჩემთვის, იმხელაზე მდებს ავტორის განცდას.. თან მიხარია ამდენი რომ აქვს ამაზე ნაფიქრი. მიყვარს მე კეკელიძე.
ამასაც მთლიანს დავდებ ბარემ ♥

კოვზის ძლისპირი

ზღვას ვსვამდი კოვზით –
ძარღვებად გავიდგი მარჯნები,
ხოლო თევზები
დარდივით მერეოდა –
ბადეებს ხანდახან თვითონვე ვჩუქნიდი ,
რადგან დარდს რა დალევდა –
მე ერთი ვიყავი,
ერთი ვიყავი და
ზღვას ვსვამდი.
ზღვა დიდი იყო – მე უკვე უფრო.
ერთხელაც, ჩათვლემილს, სიზმრები ამეწვა –
მზე ჩემში ჩავიდა.
.....
კაცი აღარ დარჩა, რომ ებჭო –
ის კი მაინც იცინოდა:
სხვა მზეებმა სხვა ზღვები გადაწვეს,
ღრუბელი – ამ ზღვების ნაცარი აფანტეს ქარებმა
და მერე დაიქცა გაცრილი ნაცარი.
გაწვიმდა.
......
გაწვიმდა.
ზღვას ვსვამდი კოვზით
და ნაცარში ჩამივარდა.
ეს არის ფორუმის 'მსუბუქი' (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.